5 აგვისტოს The Wall Street Journal – მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვიქტორია სეკრეტის მფლობელი კომპანიის, L Brands – ის მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი და შემოქმედებითი დირექტორი, ედ რაზეკი დაკავებული თანამდებობებიდან გადადგა. რაზეკის ბრენდიდან წასვლა ვიქტორია სეკრეტის 5 წლიანი ქაოსის ლოგიკური დასასრულია.
ედ რაზეკი x ვიქტორია სეკრეტი
ედვარდი ბრენდის მფლობელ კომპანიას 1983 წელს შეუერთდა და გასული 20 წელი ვიქტორია სეკრეტის ყველაზე ხილვადი ლიდერი იყო. ის არის შემოქმედებითი გონება VS – ის ფენომენალური წარმატების მიღმა, რომელიც 1998 წლიდან დაიწყო. მიუხედავად არასასურველი ფინალისა, ედს შეუძლია მშვიდად იყოს, რადგან მოდის ისტორიაში ვერავინ გაიხსენებს ვიქტორია სეკრეტის ტრიუმფს, ანგელოზის სტატუსის შექმნას, ბრენდის ლეგენდარულ ტოპ მოდელებს და ექსტრავაგანტულ წარმოდგენებს მისი სახელის ხსენების გარეშე. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მოდურ ჩვენებაში შოუს ელემენტების დამატების უპირატესობას მიხვდა და მსოფლიოს ყველასგან განსხვავებული მოდური ღონისძიება შესთავაზა. 2000 წელს ედ რაზეკის ხელმძღვანელობით ვიქტორია სეკრეტი გახდა პირველი ბრენდი, რომლის ჩვენებაც ტელევიზიით გადაიცა.

(Photo by Dia Dipasupil/Getty Images)
მოდაში ვიქტორია სეკრეტის დიდებას ხელი არსებულმა მდგომარეობამ შეუწყო. 2000 წელია, „ჰეროინ შიქ“ ერა ახალი დასრულებული, ვოგი ყდაზე ჟიზელ ბუნდჩენს ბეჭდავს, ჰედლაინი : „ფორმიანი (სექსუალური) მოდელების დაბრუნება,“ იდეალური დროა საცვლების კომპანიისთვის, რომელიც საკუთარ იმიჯს სექსუალურ, ყველა მამაკაცისთვის საოცნებო ქალებზე აგებს. რაზეკმა მომენტი ზუსტად გამოიყენა და შედეგმაც არ დააყოვნა, თუმცა მას შემდეგ თითქმის 20 წელი გავიდა. მსოფლიო შეიცვალა, მასთან ერთად მოდაც, უცვლელი დარჩა ვიქტორია სეკრეტი, რომელიც დღესაც იგივე იმიჯს ყიდის. 2019 წელს მოდის ბიბლიად წოდებული ვოგის ყდაზე ჰედლაინია: „ქალები პოზიტიური ცვლილებებისთვის.“ გასულ 20 წელში ვოგი „სექსუალური მოდელების დაბრუნებიდან“ მივიდა ქალებამდე, რომლებიც საუბრობენ: კლიმატურ ცვლილებებზე, ორსულების და მრავალშვილიანი დედების ჯანმრთელობაზე, ახალგაზრდებში მენტალურ პრობლემებზე, სამოქალაქო აქტივიზმზე, თვითრწმენაზე, რასიზმზე, ლგბტქ+ ადამიანების უფლებებზე, დიეტის კულტურის მავნებლობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორია სეკრეტი მოდის რუკაზე დამოუკიდებელ კონტინენტად ჩამოყალიბდა, ის მაინც მოდის ნაწილია და გვერდს ვერ აუვლიდა არსებულ რეალობას, რომლის გათვალისწინებაც ედმა არ ისურვა. რაზეკი მყარად იდგა საკუთარ ხედვაზე, რომელიც 20 წლის წინანდელ მსოფლიოს იყო მორგებული. შარშან ედმა ვოგთან სკანდალურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ პლუს ზომის ქალების ადგილი ვიქტორია სეკრეტში არ არის და მაგალითად 2000 წელი მოიყვანა. 2000 წელს ჰქონდათ იდეა, რომ შოუში მოდელის პარამეტრებისგან განსხვავებული ფორმის ქალი გამოეყვანათ, თუმცა მსოფლიოში პლუს ზომის ქალების საცვლების შოუს ყურების ინტერესი არ არსებობდა, ამიტომ გადაიფიქრეს. მოდელების ერთფეროვნებასთან დაკავშირებულ კრიტიკას რაზეკმა გულწრფელად, თუმცა უგუნურად უპასუხა. მისი თქმით, ვიქტორია სეკრეტი საოცნებო სამყაროს ქმნის და ამ სამყაროში ყველა ტიპის ქალის ადგილი არ არის, მათ შორის პლუს ზომის და ტრანსგენდერი ქალების. ინტერვიუს ხმაური მოჰყვა და რაზეკმა ბოდიში მოიხადა, თუმცა ბოდიში ბრენდის გაუარესებულ გაყიდვებს, დახურულ მაღაზიებს და რეკორდულად დაცემულ რეიტინგს ვერაფრით დაეხმარა. ედის საოცნებო სამყარო დაშლას განაგრძობდა და სანამ ფატალურ შედეგამდე მივიდოდა, ის უბრალოდ გადადგა.
ედ რაზეკის გადადგომასთან ერთად განვითარებული ცვლილებები მოდელების შემადგენლობაში
მიუხედავად ადრიანა ლიმას და ტაირა ბექნსის დიდებული კარიერისა, წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ვიქტორია სეკრეტის მოდელის სტანდარტი, რომელიც მეტწილად გამხდარ სხეულს, ქერა თმას და ღია ფერის თვალებს აერთიანებდა. სტატისტიკა აჩვენებდა, რომ შოუში და კატალოგში დამტკიცებული გოგონების უმრავლესობა ამ სტანდარტებს აკმაყოფილებდა. 20 წლის განმავლობაში ბრენდში არ მოხვედრილა ბუნებრივად წითური ანგელოზი, ჩვენება არასდროს გაუხსნია ფერადკანიან მოდელს. კარი დახურული იყო აზიელი გოგონებისთვისაც. 2015 წელს VS-მა 15 ახალი ანგელოზი დაასახელა, საიდანაც უკლებლივ ყველა თეთრკანიან გოგონას ცისფერი თვალები ჰქონდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამდა ბრენდის ქასტინგ დირექტორების პოლიტიკას შავგრემანი მოდელების მიმართ.

საოცნებო სამყაროს დაშლის დაჩქარებამ ვიქტორია სეკრეტი აიძულა განსხვავებულად ეფიქრა. 2019 წლის დასაწყისში ბრენდმა 4 ახალი ანგელოზი დაასახელა: ბარბარა პალვინი (მოდელის პარამეტრებისგან განსხვავებული, არასტანდარტული აღნაგობის გოგონა), ალექსინა გრეემი (პირველი წითური ანგელოზი), ლეომი ანდერსონი (ბრიტანელი ფერადკანიანი) და გრეის ელიზაბეტი (კლასიკური სილამაზის გოგონა ყავისფერი თმით). ბრენდმა კონტრაქტი გაუფორმა აზიელ გოგონებს. ახლა ვიქტორია სეკრეტს აზიაში ჩინელი ტოპ მოდელები სუი ჰე და მინგ იქსი წარადგენენ. კატალოგში დაამტკიცეს ბრენდის ისტორიაში პირველი პლუს ზომის მოდელი, ლორენა დურანი და ღიად ტრანსგენდერი მოდელი, ვალენტინა სამპაიო. ცნობილი ანგელოზებიდან გასულ 3 წელში ბრენდს 3 დიდი სახელი დააკლდა. 2017 წელს თავისი ბოლო ქეთვოქი ჰქონდა ალესანდრა ამბროსიოს, 2018 წელს საცვლების კომპანია ადრიანა ლიმამ დატოვა, 2019 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ ბრენდიდან საბოლოოდ წავიდა კარლი კლოსიც.
#MeToo ერა და 100 მოდელის მიმართვა ვიქტორია სეკრეტს მოდელების დასაცავად
ედ რაზეკის გადადგომას მოჰყვა 100 მოდელის მიერ ხელმოწერილი მიმართვა ვიქტორია სეკრეტს. ისინი ბრენდს მოუწოდებენ მოდელები დაიცვან სექსუალური შევიწროებისგან და ძალადობისგან, რომელსაც ადგილი აქვს ფოტოგრაფების, თაღლითების და იმ პირების მხრიდან, რომლებიც დაკავშირებულები არიან ბრენდის ხელმძღვანელობის გავლენიან ფენებთან. წერილში ფიგურირებს ვიქტორია სეკრეტის მფლობელი კომპანიის, L Brands -ის მილიარდერი პრეზიდენტის, ლესლი ვექსნერის ფინანსური მრჩეველის სახელი. ბრენდის ცნობილი ანგელოზებიდან წერილს ხელი დოუცენ კრუსმა მოაწერა, თუმცა დოუცენის პოზიციას და ვიქტორია სეკრეტის სექსუალური შევიწროების სკანდალში გახვევის მცდელობას მოქმედი ანგელოზები, ლაის რიბეირო, სარა სამპაიო და ჯასმინ ტუქსი გამოეხმაურნენ.
„ამ ბრენდში 9 წელია ვმუშაობ და არასდროს გამიგია არცერთი გოგონასგან, რომ მას უპატივცემულოდ მოექცნენ და ბრენდმა არაფერი მოიმოქმედა. თავად მქონდა შემთხვევა ფოტოგრაფ დეივიდ ბელმერთან, რომელზეც განვაცხადე და მათ ის დაუყონებლივ გააგდეს. არასწორია, როცა არ იცით სინამდვილეში რა ხდება და მაინც წერთ ყურადღების მიქცევის მიზნით.“ – ლაის რიბეირო.
ლაისის კომენტარს ეთანხმებიან სარა სამპაიოც და ჯასმინ ტუქსიც. გოგონების თქმით, მთავარი პრობლემა სამოდელო სააგენტოებშია და დაცვის მოთხოვნაც პირველ რიგში სააგენტოების მისამართით უნდა იყოს.
მაღაზიების დახურვა, რეიტინგის დაცემა და შოუს არსებობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება
მიმდინარე წლის დასაწყისში ბიზნეს ინსაიდერმა გაავრცელა სიახლე, რომ ამერიკული საცვლების გიგანტი კომპანია, ვიქტორია სეკრეტი 53 მაღაზიას დახურავდა. მიზეზი გაყიდვების კლება იყო. შემოსავლების შემცირებას შოუს ნახვების რეიტინგის კლებაც დაემატა. 2018 წლის შოუმ ყველაზე დაბალი რეიტინგი აჩვენა. მოსალოდნელი იყო სიახლე, რომ რეიტინგის რეკორდული კლება, გაყიდვების შემცირება შოუს ტელევიზიით გადაცემის საკითხსაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა. 3 თვის წინ, მოხსენებაში, რომელიც ელ ბრენდის (კომპანია, რომელიც ვიქტორია სეკრეტს ფლობს) გენერალურმა ხელმძღვანელმა, ლეს ვექსნერმა, თანამშრომლებს გაუგზავნა, ვკითხულობდით, რომ ტელევიზია კვლავ ხელსაყრელი საშუალება არ არის შოუს გასაპიარებლად, ამიტომ ვიქტორია სეკრეტის ჩვენება ტელევიზიით აღარ გადაიცემა.
„წინა რამდენიმე თვის განმავლობაში, ვთქვით, რომ ჩვენი ბიზნესის ყოველ ასპექტს ახლებურად შევხედავდით, დაწყებული ვაჭრობიდან, მარკეტინგიდან და ბრენდის პოზიცირებიდან, უძრავი ქონების პორტფელით, ციფრული ბიზნესითა და ღირებულების სტრუქტურით დამთავრებული…თითქმის ყველაფერი. ჩვენ უდიდესი პროგრესი განვიცადეთ დროის მოკლე მონაკეთში და მოუთმენლად ველით წარმატებულ ზამთარსა და არდადეგებს ღირებული, მოდური პროდუქციის არჩევნით… ვიქტორია სეკრეტის სიძლიერე და პოზიტიური აღქმა უმაგალითოა და ჩვენმა მოდურმა ჩვენებებმა რევოლუცია მოახდინა მსოფლიოში მოდისა და სანახაობრიობის შერწყმით… მთავარი ფაქტორი ბრენდის აშენებაში. მოდა ცვალებადი ბიზნესია. ჩვენ აუცილებლად უნდა განვითარდეთ და შევიცვალოთ რათა გავფართოვდეთ. ამის გათვალიწინებით, გადავწყვიტეთ ხელახლა გადავხედოთ ვიქტორია სეკრეტის ტრადიციულ ჩვენებას. პროგრესისთვის, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ტელევიზია შესაფერისია. 2019 წელს და შემდეგაც, ჩვენ კონცენტრირებულნი ვიქნებით ამაღელვებელი და დინამიური კონტენტისა და ახალი ღონისძიებების განვითარებაზე – მივაწოდოთ მომხმარებლებს იმ პლატფორმებიდან, რომლებსაც ისინი თვალს ადევნებენ… და ამ გზებით საერთაშორისო ციფრულ ერაში მოდის საზღვრებს დავარღვევთ. ბრენდის ძალით უფრო აღელვებული არასოდეს ყოფილვარ და იმით, თუ საით მიიწევს… [ვიქტორია სეკრეტის აღმასრულებელი ხელმძღვანელი] ჯონ [მეჰასი] და გუნდი ბრენდს თავიდან ქმნიან.“ – ლესლი ვექსნერი.

მოდა ნამდვილად ცვალებადი მიზნესია, ცვლილებები შეეხება ვიქტორია სეკრეტის შოუსაც, რომელიც წელს არათუ ტელევიზიით არ გადაიცემა, არამედ საერთოდ არ ჩატარდება. ეს უკანასკნელი აგვისტოს დასაწყისში გაჟღერდა მოდელ შანინა შაიკის მიერ. ვიქტორია სეკრეტის ავსტრალიელმა მოდელმა ჟურნალ ელთან ახალ ინტერვიუში თქვა, რომ წელს ბრენდის კასტინგებისთვის არ ემზადება, რადგან ჩვენება არ ჩატარდება. VS – ის ხელმძღვანელებისგან წლევანდელი შოუს ჩაშლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ უკვე შუა აგვისტოა, ქასტინგების პერიოდი, თუმცა ვიქტორია სეკრეტი დუმს, შანინას სიტყვების სიმართლეში ვრწმუნდებით. ალბათ კითხულობთ და ფიქრობთ, ეს არის ვიქტორია სეკრეტის დასასრული? დარწმუნებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, დროსთან ყველა და ყველაფერი უძლურია, ვიქტორია სეკრეტი იმ სახით, როგორიც ვიცით, დასრულდა. ბრენდის ყველა მნიშვნელოვანი რგოლი იცვლება : ხელმძღვანელობა, მოდელები, ხელახლა უნდა განისაზღვროს ანგელოზის სტატუსი და შოუც. რთული სათქმელია როგორი იქნება ახალი ვიქტორია სეკრეტი ახალი ლიდერებით და სტანდარტებით, მაგრამ თუ ამ ქაოსში პოზიტიური სიახლის დანახვას შევეცდებით, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ბრენდის მფლობელების კომფორტის ზონაში ყოფნა და 20 წლიანი ერთფეროვნება წარსულს ჩაბარდა.