მოდის მიმდევრები ნამდვილად ვერ იფიქრებდნენ, რომ ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე, პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის ჩაცმულობის ხილვის შემდეგ, ამ კითხვის დასმა მოუწევდათ:, „ვინ არის დიზაინერი, რომელმაც პირველი ლედი შემოსა?“ ტრადიციულად, დიზაინერი, რომელსაც ასეთი პატივი ხვდება წილად, საკმარისად აღიარებული და ცნობილია საიმისოდ, რომ მის კარიერაზე ინფორმაციის გუგლში მოძიება არ დაგვჭირდეს.

ალექსანდრა ო’ნილი

ჯილ ბაიდენმა ბრენდ Markarian-ის ცისფერი კოსტიუმი მოირგო. არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ აქამდე ეს მოდის სახლი არასდროს გსმენიათ, რადგან Markarian-ს არსებობის 5 წლიანი ისტორიაც არ აქვს. ეს გახლავთ დამწყები ბრენდი, რომელიც 2017 წელს ნიუ-იორკში დაფუძნდა, დიზაინერ ალექსანდრა ო’ნილის მიერ. დიზაინში ალექსანდრას ხელწერა ვარსკვლავებისთვის საქორწილო კაბების და გრანდიოზული ქორწილების სტუმრების ტანისამოსის შექმნაზე აშენდა, რაც მაღალი მოდისთვის ნაკლებად მიმზიდველია, თუმცა ცხადია, 2021 წლის 20 იანვრის შემდეგ, დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეიცვლება.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ახალგაზრდა დიზაინერმა გაიღვიძა სამყაროში, სადაც ყველა ადამიანი, ვისაც მოდა ოდნავ მაინც აინტერესებს, მის შესახებ ინფორმაციას ეძებს. როგორც ვკითხულობთ, ბრენდის სახელწოდება გალაქტიკა მარკარიანთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება თავად ალექსანდრას, ის მოდით 10 წლის ასაკში დაინტერესდა, როდესაც ბებიამისმა კერვა ასწვლა. ო’ნილის ბრენდი დაფუძნებული და წარმოებულია ნიუ-იორკში. მის კლიენტებში არიან: Kate Hudson, Kerry Washington, Laura Dern, Priyanka Chopra, Lizzo. უნდა ვივარაუდოთ, რომ გუშინდელი დღის შემდეგ, მარკარიანზე და ალექსანდრა ო’ნეილის დიზაინზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება და ამ ბრენდს მომავალშიც ხშირად ვიხილავთ ცნობილი ადამიანების სხეულზე.