მოდის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, იშვიათია დიზაინერი, რომელმაც ეთნიკური მემკვიდრეობის და თანამედროვეობის გაერთიანება იმდენად ოსტატურად შეძლო, როგორც ვივიენ ვესტვუდმა. ინგლისელმა დიზაინერმა პირველი აღიარება 1970-იანი წლების მიწურულს მოიპოვა, როდესაც ლონდონში ახალაზრდული სუბკულტურის მამოძრავებელ ძალას პანკი და ჯგუფი ‘Sex Pistols’ წარმოადგენდა. მეამბოხე, ექსცენტრიული, პროვოკაციული, ხმამაღალი და ხშირად აგრესიულიც, სწორედ ასე ახასიათებდნენ ‘პანკების ერას’ მოდის ინდუსტრიაში, თუმცა როგორც ყველა სხვა დიდებული დიზაინერის შემთხვევაში, ვივიენის ლეგენდარული კარიერაც არა ერთი, არამედ მრავალფეროვანი ისტორიული ეპოქების გარშემო განვითარდა.


ამის ნათელი მაგალითია 1993 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენება, რომელსაც დიზაინერმა ‘Anglomania’ უწოდა. ინგლისური ტრადიციების და მაცდუნებელი თანამედროვეობის არაჩვეულებრივი ნაზავი 90-იანი წლების საკულტო ნამუშევრად შეფასდა. ვესტვუდი არ არის დიზაინერი, რომლის სახელი პირველი გვახსენდება, როდესაც ფეხსაცმელების ლეგენდარულ კრეატორებზე ვფიქრობთ, თუმცა მთლიანი კოლექციის საბოლოო იერსახის შექმნაში, მნიშვნელოვან როლს სწორედ ფეხსაცმელი თამაშობდა.

Vivienne Westwood


30 სანტიმეტრის სიმაღლის ‘Super Elevated Gillie’ ფეხსაცმლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელია, გასული საუკუნის მაღალი მოდის პოდიუმიდან, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას. მიუხედავად იმისა, რომ ვივიენს ამ ექსტრაგანტული დიზაინის დეტალები მე-18 საუკუნის შოტლანდიური სტილიდან ჰქონდა აღებული, დამსწრე საზოგადოებისთვის ის ძალიან უცხო და ახალი იყო.

„ფეხსაცმელს უნდა ჰქონდეს ძალიან მაღალი ქუსლი და პლატფორმა, რათა ქალის სილამაზე ცამდე განადიდოს,“ განაცხადა დიზაინერმა ჩვენების დასრულების შემდეგ.

Vivienne Westwood

‘Super Elevated Gillie’ -მა პოპულარობა მოიპოვა, როგორც არტ-ობიექტმა, რადგან მისი ტარება ნაომი ქემბელისთვისაც კი, საკმაოდ დიდი გამოწვევა აღმოჩნდა. ლეგენდარული სუპერმოდელის სამოდელო კარიერა 35 წელს ითვლის, ამ დროის განმავლობაში, ნაომი მხოლოდ ერთხელ დაეცა პოდიუმზე და ეს სწორედ ვივიენ ვესტვუდის 1993 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე მოხდა.


ქემბელი იმდენად ბუნებრივად გაუმკლავდა უხერხულ მდგომარეობას, რომ მისი დაცემის მომღიმარი ფოტოები, ინტერნეტში, დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მეტიც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვესტვუდის ‘Super Elevated Gillie’ -ის განსაკუთრებული ცნობადობა ამ ინციდენტმაც განაპირობა, რადგან თავისი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე, ინგლისელმა დიზაინერმა არანაკლებ საინტერესო და კრეატიული ნამუშევრები შემოგვთავაზა.


გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

Vivienne Westwood – 1973

 Vivienne Westwood – 1974

 Vivienne Westwood – 1988

Vivienne Westwood – 1993

Vivienne Westwood – 1998

Vivienne Westwood – 2012

Vivienne Westwood – 2013