ვეტმანი ახალი თაობის მხარდასაჭერ პლატფორმას ქმნის. სიახლე ბრენდის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, გურამ გვასალიამ ნიუ-იორკში, WWD – ს სავაჭრო ბიზნესის წამყვანი აღმასრულებლების სამიტზე გუშინ დილით გაავრცელა.
გურამს დიალოგი WWD – ს მთავარ რედაქტორთან ჰქონდა. გვასალიამ კოლექტივის მნიშვნელობაზე და დადებულ პირობაზე ისაუბრა, რომელიც ახალი თაობის ხელშეწყობას გულისხმობს. თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც გეგმავს, ვეტმანის ახალი პლატფორმა დღის სინათლეს მომავალ წელს იხილავს.
ეს არის გურამის პირველი გამოჩენა და ინიციატივა დემნას ბრენდიდან წასვლის შემდეგ, რომლის შესახებაც სიახლე 16 სექტემბერს გახდა ცნობილი.
გვასალიამ მაილს სოჩასთან საუბარში აღნიშნა, რომ როდესაც მხარდაჭერაზე საუბრობს, გულისხმობს შემდეგს: მსოფლიოს გარშემო მოდის სკოლებში სიარული, სტუდენტებთან გასაუბრება, რჩევების მიცემა თანამედროვე მოდის ინდუსტრიის რეალობაზე, საჭიროების შემთხვევაში საკუთარი თანამშრომლების და ოფისების დათმობა და სტიპენდიები.
გურამმა ყოყმანის გარეშე ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ თავის მიერ შერჩეული და დაფინანსებული ახალგაზრდების ბრენდების ფლობას არ გეგმავს. ვეტმანი არ იქნება „ახალი ტალანტების მფლობელი/მყიდველი,“ მაგრამ ვფიქრობ, ეს მოცემულობა შეიძლება გადაიხედოს, თუ პლატფორმამ გაამართლა და რამდენიმე პერსპექტიული ახალი სახე იპოვა.
ვეტმანის სამომავლო ბიზნეს გეგმებზე გურამმა გააჟღერა, რომ ბრენდში განსხვავებული მიმართულებები გამოეყოფა პატარა კომპანიების სახით, მაგალითად: ფეხსაცმელები, თეთრეული, სათვალეები და ა.შ. შედეგად, იქნება ტანსაცმლის 1 დიდი კომპანია სახელად Vetements და მასთან ერთად იარსებებს პატარა კომპანიები, რომელიც დაყოფილი იქნება სეგმენტების მიხედვით.