ესტე ლაუდერის მფლობელობაში არსებული კოსმეტიკური ბრენდი, BECCA Cosmetics 2021 წლის სექტემბრისთვის დაიხურება. მიზეზი პანდემიით გამოწვეული კრიზისია.

BECCA Cosmetics 2001 წელს, ავსტრალიაში, რებეკა მორის უილიამსმა დააარსა. ბრენდმა პოპულარობა სახის გამორჩეული პალეტების შექმნით მოიპოვა. 2012 წელს, რებეკამ კოსმეტიკური ხაზი Luxury Brand Partners -ს მიჰყიდა, თუმცა ბრენდში დაკავებული ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა. 4 წლის შემდეგ, 2016 წელს, “ბეკა“  ესტე ლაუდერმა შეიძინა, რასაც მოჰყვა მორის უილიამსის BECCA Cosmetics-იდან წასვლა.

აღსანიშნავია, რომ ესტე ლაუდერს, 2015 წლამდე, BECCA Cosmetics-ის მიმართ ინტერესი არ გამოუჩენია. კოსმეტიკური გიგანტის მოულოდნელი დაინტერესება Becca x Jaclyn Hill პოპულარულმა კოლაბორაციამ გამოიწვია.

აქვე უნდა ითქვას, რომ პანდემიის დაწყებიდან, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლაუდერი თავის ერთ-ერთ ბრენდს ხურავს. თუ 23 თებერვალს გავრცელებულ სიახლესაც გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ეტაპზე, “ბეკა“ უმნიშვნელო დანაკარგია.