Estée Lauder კანის და თმის მოვლის, დეკორატიული კოსმეტიკის, სუნამოების მულტიმილიარდიანი კომპანიაა, რომლის პროდუქცია მსოფლიოს თითქმის ყველა მხარეში ცნობილია. ბრენდი შესაშური რეპუტაციით და პოპულარობით სარგებლობს, თუმცა შესაძლოა მყიდველთა დიდმა ნაწილმა არ იცოდეს, რომ ის, რაც დღეს სილამაზის ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნესია, 4 პროდუქტის წარმოებით დაიწყო.

Estée Lauder – ის ისტორიის დასაწყისი 5 ფოტოში :

ესტე ლაუდერი ოჯახური ბიზნესია, რომლის დამფუძნებლები ესტე და ჯოზეფ ლაუდერები არიან. მათ 1930 წელს იქორწინეს, მოგვიანებით დაშორდნენ, თუმცა 1942 წელს კვლავ შეუღლდნენ. ესტე თავის მოვლის პროდუქტებით ადრეული ასაკიდან დაინტერესდა. ესტეს ცოდნას ბიძამისი უზიარებდა, რომელიც ლაბორატორიებში სილამაზის პროდუქტების შექმნით იყო დაკავებული.

ესტე და ჯოზეფ ლაუდერები

1946 წელს, პირველი ქორწინებიდან 16 წელში, წყვილმა საკუთარი კომპანია Estée Lauder შექმნა. ესტემ და ჯოზეფმა ბიზნესი 4 პროდუქტით დაიწყეს, მათ შორის იყო: სახის გამწმენდი ზეთი და ლოსიონი. ერთი წლის შემდეგ, Saks Fifth Avenue – სგან პირველი დიდი შეკვეთა მიიღეს, ხოლო 1948 წელს საკუთარი მაღაზია გახსნეს.

ესტე ლაუდერის პირველი 4 პროდუქტი

სოციალური ქსელების და ინფლუენსერების არსებობამდე ათწლეულებით ადრე, ესტე ლაუდერმა მარკეტინგული კამპანია იმ ქალებზე ააწყო, რომლებიც მის პროდუქტს ყიდულობდნენ. მას სჯეროდა, რომ პიარის საუკეთესო გზა ქალებს შორის ინფორმაციის გაცლა იყო, ამიტომ წამოიწყო კამპანია: “Telephone, Telegraph, Tell a Woman”, რაც მოგვიანებით სხვა კომპანიებმაც გადაიღეს.

1953 წელს ესტე ლაუდერმა ბრენდის პირველი მნიშვნელოვანი პროდუქტი წარადგინა, რომელმაც იმდროინდელი სილამაზის ინდუსტრია თავდაყირა დააყენა. ლაუდერმა ქალებს დასაბანი ზეთი შესთავაზა, როგორც სხეულის სუნამო. პროდუქტმა მოდური ჟურნალების რედაქტორების ყურადღება მიიქცია და მალევე ჰარპეს ბაზარის, ვოგის გვერდებზე გამოჩნდა.

1960-იანი წლებიდან ესტე ლაუდერის ისტორიაში ახალი მნიშვნელოვანი თავი გაიხსნა. ბრენდი გასცდა ამერიკის ბაზარს და ახალი მაღაზია ლონდონში გახსნა. საერთაშორისო გაყიდვების დაწყებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე მოჰყვა – 1962 წელს ლაუდერმა მაკიაჟის ხაზი შექმნა.

ესტე ლაუდერი 2004 წლის აპრილში, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის Time- ს მიერ დასახელებულ მეოცე საუკუნის ბიზნეს გენიოსებს შორის ერთადერთი ქალი იყო.