2020 წლის ნოემბერში, ჩინური ვოგის მთავარი რედაქტორი, Angelica Cheung თანამდებობიდან გადადგა. ჩეუნგი Vogue China -ს 16 წელი ხელმძღვანელობდა. ის მოდის ახალ ყველაზე მნიშვნელოვან ქვეყანაში გამოცემის თანადამფუძნებელი რედაქტორი გახლდათ. აქედან გამომდინარე, მისი ჟურნალიდან წასვლა შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც Vogue China-ში მნიშვნელოვანი თავის დასასრული, თუმცა Vogue-ში ცვლილებების დასაწყისი.

მოულოდნელი სიახლის გამოქვეყნებიდან რამდენიმე კვირაში, ჟურნალ ვოგის გამომცემელი, ამერიკული მასმედიის წამყვანი კომპანია, Conde Nast იუწყება, რომ მოდის ბიბლიას კიდევ 2 მთავარი რედაქტორი ტოვებს. ამჯერად საუბარია ვოგის ესპანურ და გერმანულ გამოცემებზე.

WWD-ს სტატიაში ვკითხულობთ, რომ გერმანული ვოგის მთავარი რედაქტორის, Christiane Arp-ის თანამდებობიდან წასვლა, Conde Nast-ში, 2019 წელს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. Christiane Arp ვოგის გერმანულ გამოცემას 17 წელი ხელმძღვანელობდა, თუმცა გასულ წელს, გერმანულ ბაზარზე, ქონდე ნასტის წარმომადგენლად Jessica Peppel-Schulz დაინიშნა, რასაც მოჰყვა საკმაოდ აგრესიული და რადიკალური ცვლილებები Vogue Germany -ში. ჯესიკას გადაწყვეტილებით, გამოცემაში, დაახლოებით 15 სამუშაო ადგილი გაუქმდა, იმ მიზნით, რომ გერმანული ვოგი ინვესტირების ახალ მოდელს მორგებოდა.

რაც შეეხება ესპანურ Vogue – ს, Eugenia de la Torriente მთავარი რედაქტორის თანამდებობას მხოლოდ 3 წელი იკავებდა და მის გადადგომასთან დაკავშირებით, უფრო დეტალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

Condé Nast-ში სხვა დიდი ცვლილებებიცაა, თანამდებობა დატოვა იტალიური ვოგის ედითორიალ დირექტორმა ლუკა დინიმ, ასევე რამდენიმე გამოცემა ამცირებს ან სულაც აუქმებს ჟურნალების ბეჭდურ ვერსიებს: 2021 წლის პირველივე გამოცემიდან ვოგის გერმანული და პოლონური გამოცემები, ისევე როგორც გერმანული GQ და Glamour ბეჭდური ვერსიების რაოდენობას ამცირებენ, ხოლო ავსტრალიური GQ სრულად გადადის ონალინ სისტემაზე.

Yahoo News

3 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ესპანური ვოგის დირექტორი ნატალია გამერო დელ კასტიო ვოგის ევროპული გამოცემების დირექტორად დაინიშნა. WWD-ს ახალ სტატიაში ირკვევა, რომ პარასკევს გამერო დელ კასტიოს მთავარ რედაქტორებთან ჰქონდა შეხვედრა და შეატყობინა მათ, რომ მომავალში მეტ ცვლილებას უნდა ველოდოთ, ასევე მისცა მათ დავალება მეტი ფოკუსირება მოეხდინათ digital-ზე.

პანდემიამ ინდუსტრიას ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. იმის გათვალისწინებით, რომ ჟურნალების შემოსავლის უმეტესი წილი მათში დაბეჭდილ რეკლამებზე მოდის, ბეჭდური ვერსიების გაუქმება და/ან შემცირება დიდი ზარალის მომტანი იქნება. ასევე Digital Luxury Group-მა გამოაქვეყნა ახალი სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ლაქშერი ბრენდების უმეტესობამ ჟურნალებში რეკლამების ბიუჯეტი 30%-დან 80%-მდე შეამცირა. IAB-ს ახალი ანგარიშის მიხედვით კი, შტატებში ბეჭდური ჟურნალების გაყიდვები 33%-ით დაეცა.