ენტონი ვაკარელო იმ დიზაინერებს ეკუთვნის, რომლებიც ინდუსტრიის ცენტრში არიან, თუმცა დიალოგს მიღმა. ის მშვიდად მისდევს თავისი წინამორბედების ნაბიჯებს, რომლებიც კვლავ თამაშში არიან და ჩაცმად სამოსს გვთავაზობს, მაგრამ მოდის საერთო სურათს არაფერს მატებს.
2020 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე ბელგიელმა დიზაინერმა სან ლორანში თავისი პირველი ძლიერი განაცხადი გააკეთა. Saint Laurent F/W 2020 მოდური მომენტია, რომელსაც ენტონისგან იმ დღიდან ველით, როდესაც ლეგენდარული მოდის სახლის შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა.

სან ლორანი შემოდგომა/ზამთარი 2020
Vogue Runway

ივ სან ლორანის მემკვიდრეობა ძალიან მდიდარია საიმისოდ, რომ ახალმა დიზაინერმა შთაგონება ედი სლიმანის 4 წლიანი ერიდან მიიღოს. 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე, კოლექციაში ვხედავთ სან ლორანის იმ ეპოქას, რომელიც მოდის სახლის ყველაზე მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს. სწორედ ეს ხდის ამ კოლექციას ენტონის სხვა ნამუშვრებისგან გამორჩეულს.

ენტონი ვაკარელო, რომელიც პირველად საკუთარი ბრენდით გავიცანით, გრძელფეხება სუპერმოდელებთან და სექსუალურ ტანისამოსთან ასოცირდება. ივ სან ლორანი ფრანგული ელეგანტურობის და ბურჟუაზიული სტილის სიმბოლოა. ახალ კოლექციაში ენტონის სექსუალურობა და სან ლორანის ელეგანტურობა ერთმანეთს ბრწყინვალედ ერწყმის. აღნიშვნას იმსახურებს ფერთა არჩევანიც, რომელზეც დიზაინერმა ჩვენების დასრულების შემდეგ ისაუბრა:

„ხშირად ამბობენ, რომ მე მხოლოდ შავი ფერის სამოსს ვქმნი. ახლა მომინდა მეთქვა, რომ მე ფერებიც მიყვარს“.

სან ლორანი შემოდგომა/ზამთარი 2020
Vogue Runway
სან ლორანი შემოდგომა/ზამთარი 2020
Vogue Runway

საბოლოოდ, კოლექცია პარიზის მოდის კვირეულის და მთელი მოდური თვის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ნამუშევარი გახდა, რომელმაც კრიტიკოსების და გულშემატკივრების თანაბარი მოწონება დაიმსახურა. ახლა ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ სარეკლამო კამპანიას და ვიმედოვნოთ, რომ ტანსაცმელი ისეთივე გლამურული, სექსუალური და ფერადი იქნება, როგორიც პოდიუმზე ვიხილეთ.