იტალიური როკ-ჯგუფი 2016 წელს, რომში დაარსდა, თუმცა საერთაშორისო ყურადღება ევროვიზიის 2021 წლის კონკურსზე გამარჯვების შემდეგ დაიმსახურა. ჯგუფის წევრების პოპულარობა განაპირობა არა მხოლოდ შემოქმედებამ, არამედ საინტერესო ვიზუალმა და იმიჯმა. მოსალოდნელი იყო, რომ ახალგაზრდა იტალიელი ვარსკვლავები მოდაშიც გამოჩნდებოდნენ. რამდენიმე საათის წინ, ყველაზე ძვირადღირებულმა იტალიურმა ბრენდმა, გუჩიმ კოლექცია Aria-ზე გადაღებული სარეკლამო კამპანია გაავრცელა, რომელშიც Måneskin-ის წევრებიც მონაწილეობენ. ეს ჯგუფის პირველი გამოჩენაა მნიშვნელოვანი მოდის სახლის რეკლამაში.

Måneskin / Gucci “Aria” – ფოტოგრაფები: Mert & Marcus

Aria გუჩის 100 წლის საიუბილეო კოლექციაა, რომლის პრეზენტაცია 2021 წლის 15 აპრილს შედგა. ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა, ალესანდრო მიკელემ მნიშვნელოვან შოუში მოდის სახლის საუკუნოვანი ისტორია წარმოაჩინა, დაწყებული  “Savoy Club” – დან, იმ სასტუმროდან, სადაც გუჩიო გუჩი მუშაობდა, დამთავრებული ტომ ფორდის ეპოქის ყველაზე ცნობილი ჰიტებით. მიკელეს გადაწყვეტილებით, Gucci -ს 100 წლის იუბილის აღსანიშნავი კოლექციის ჩვენება გაიხსნა წითელი ხავერდის კოსტიუმით, რომელიც ტომ ფორდის ერის თვალსაჩინო გამოხატულებაა.

Gucci “Aria” – ფოტოგრაფები: Mert & Marcus

პირველად, 2015 წლის შემდეგ, ალესანდრო მიკელემ დატოვა კომფორტის ზონა და გუჩისთვის სექსუალური იერის დაბრუნება გადაწყვიტა. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტიც, რომ ახალი კამპანია მერთმა და მარკუსმა გადაიღეს. მოდის ფოტოგრაფიის სახელგანთქმული დუეტი ცნობილია გლამურული და სექსუალური ესთეტიკით.

იტალიურ როკ-ჯგუფთან ერთად, კამპანიაში მონაწილეობენ გუჩის მუდმივი სახეები.