სოციალური ქსელების ეპოქამ ერთ დროს ყველაზე დახურულ და ელიტურ ინდუსტრიას ფარდა ახადა. სწორედ მაშინ, როდესაც საზოგადოებას შანსი მიეცა თვალი ედევნებინა ცნობილი ადამიანების ქცევისთვის, შელამაზებული ფილტრების გარეშე, მოდამ ახალ რეალობაში გაიღვიძა. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ამ დროიდან იწყება დოლჩე&გაბანას წინააღმდეგობრივი ისტორიაც. დოლჩე&გაბანას სახელთან არაერთი სკანდალი ასოცირდება, მათ შორის ჭორები დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაზე, სასამართლო დავები გადასახადების თავიდან არიდების მიზნით და ა.შ. თუმცა სანამ სრული ძალაუფლება მოდის ბეჭდური გამოცემების ხელში იყო, ბრენდი იმიჯის შენარჩუნების წარმატებით ახერხებდა. ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც სტეფანო გაბანამ ინსტაგრამის ოფიციალური ანგარიში დაარეგისტრირა.

სტეფანო გაბანა და დომენიკო დოლჩე

საკმარისია გავიხსენოთ 2018 წლის გახმაურებული სკანდალი – ჩინელმა ბლოგერმა იტალიური ბრენდი გააკრიტიკა და დაგმო, რის შემდეგაც, გაბანა ჩინეთის ლანძღვაზე გადავიდა, მთელ ქვეყანას და მის მოსახლეობას, უკულტურო, გაუნათლებელი უწოდა, ‘ერთი დიდი ნეხვია ჩინეთი, ნეხვის სუნით აყროლებული,’ დაწერა ინსტაგრამზე დიზაინერმა. კომენტარს ბუნებრივი რეაქცია მოჰყვა – დოლჩე & გაბანა ჩინეთის ბაზრიდან გააძევეს. ალბათ დამეთანხმებით, რომ ერთია, როდესაც ცნობილი ადამიანის საკამათო ქცევის შესახებ ჭორებს ჟურნალში კითხულობ და მეორეა, როდესაც თავად ხედავ მის გაუმართლოებელ და პრობლემურ აზროვნებასა თუ დამოკიდებულებას.

საკუთარი თვალით ნანახი ყოველთვის უფრო მძაფრად იბეჭდება ადამიანის გონებაში, ამიტომ გასაკვირი არც არის, რომ ახლა, როდესაც კორტნი კარდაშიანის გახმაურებულ ქორწილში კარდაშიანების კლანის ყველა წევრის ჩაცმულობაზე დოლჩე და გაბანა ზრუნავენ, გვახსენდება სტეფანო გაბანას კიდევ ერთი ცნობილი კომენტარი.

‘ყველაზე იაფასიანი ხალხი მსოფლიოში’ – ამ სიტყვებით მოიხსენია გაბანამ კარდაშიანები სულ რაღაც 4 წლის წინ.

Dolce & Gabbana-ს სოციალურ ქსელებთან დაკავშირებული სკანდალები რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი დაუჯდა. ფორბსის ინფორმაციით, 2018 – 2019 წლებში, დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ ოფიციალურად დაკარგეს მილიარდერების სტატუსი. მას შემდეგ, ბრენდი აქტიურად ცდილობს იმიჯის აღდგენას.

მიუხედავად იმისა, რომ იტალიურმა მოდის სახლმა უარყო გავრცელებული ხმები კარდაშიანის ქორწილის სპონსორობაზე, პრესაში აქტიურად განიხილავენ, რომ მსგავსი ხასიათის თანამშრომლობა, როდესაც რამდენიმე დღიან საქორწილო სანახაობაში ყველა სტუმარს ერთი ბრენდი აცმევს, სტანდარტულ ჩარჩოებს სცდება.