2015 წელს, როდესაც Gucci -ს მოდის სახლმა შემოქმედებით დირექტორად 43 წლის უცნობი დიზაინერი წარადგინა, საზოგადოებამ ალესანდრო მიკელე გაიცნო. მიკელეს მოდის ინდუსტრიაში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება ჰქონდა, თუმცა მისი უნიკალური ნიჭის შესახებ მხოლოდ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც ის ბრენდის კრეატიულ დირექტორად მოგვევლინა. გარდა იმისა, რომ ალესანდროს შემოქმედებითობამ Gucci 10 მილიარდიან ბრენდად აქცია, მისი ფენომენალური წარმატება აღმოჩნდა ბიძგი სხვა მოდის სახლების მფლობელებისთვისაც. შედეგად, ბოლო 5 წელში, ჩვენ გავიცანით დიზაინერების მთელი თაობა, რომლებიც წლების განმავლობაში, ვარსკვლავი შემოქმედებითი დირექტორების ჩრდილში იყვნენ. ტენდენცია გრძელდება და ამის ნათელი მაგალითია პიტერ მიულეს Alaïaს კრეატიულ ხელმძღვანელად დანიშვნა.

გთავაზობთ დიზაინერებს, რომელთა სახელები, დიდი ალბათობით, ახლა არაფერს გეუბნებათ, თუმცა შესაძლოა, მომავალში, ისინი მოდის ნამდვილ ვარსკვლავებად იქცნენ.

Fabio Zambernardi

ფაბიო Prada-ს და Miu Miu-ს დიზაინ სტუდიებს ხელმძღვანელობს. ის ამ თანამდებობაზე 2002 წლიდან მუშაობს. დიზაინერი მიუჩია პრადას ერთ-ერთ ყველაზე ახლო კოლაბორატად მიიჩნევა.

Martina Tiefenthaler

დემნა გვასალიას მარჯვენა ხელი, გერმანელი დიზაინერი უკვე 11 წელია, რაც გვასალიასთან ერთად მოდის ფორმირებაში იღებს მონაწილეობას. მარტინა მოდის დიზაინს ავსტრიაში, Bernard Willhelm  – თან სწავლობდა. ახლა Balenciaga -ში, ტიფენტალერი, დემნა გვასალიას შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი დიზაინერია.

Matthieu Blazy

რაფ სიმონსის და ფიბი ფაილოს პროტეჟე,გასულ წელს, Bottega Veneta – ს გუნდს შეურთდა, როგორც ახალი უფროსი დიზაინერი. მეთიუ 4 წელი, ჯონ გალიანოს დანიშვნამდე, მარჯიელას კოლექციებზე იყო პასუხისმგებელი, 3 წელი სელინში გაატარა, ხოლო 2016 – 2018 წლებში, კელვინ კლაინის დიზაინერიც გახლდათ.

Frances Howie 

Central Saint Martins -ის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდა დიზაინერი ლანვინში, ალბერ ელბაზის ასისტენტად დასაქმდა, 3 წლის შემდეგ, ჰოუი სტელა მაკარტნის გუნდს შეუერთდა. მას შემდეგ 12 წელი გავიდა და ფრანსისი კვლავ მაკარტნისთან მუშაობს. ამჟამად, ის ბრენდის უფროსი დიზაინერია.

Adrian Appiolaza

Loewe-ში ჯონათან ანდერსონის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი დიზაინერი, რომელსაც ინდუსტრიაში მუშაობის უკვე 16 წლიანი გამოცდილება აქვს. სანამ ლუევეს გუნდს შეუერთდებოდა, ადრიანი  Chloé -ს, Prada -ს და Louis Vuitton-ის დიზაინერიც იყო.