ბელგიელი დიზაინერი პიტერ მიულე ალაიას მოდის სახლის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა, ყველასათვის მოულოდნელი სიახლე დღეს გავრცელდა.
პროფესიით არქიტექტორი, პიტერი უკვე 15 წელზე მეტია რაფ სიმონსის მარჯვენა ხელია. ისინი ერთად ქმნიდნენ კოლექციებს, როგორც რაფის საკუთარი ბრენდისთვის, ისე ჯილ სანდერისთვის, დიორისა და კელვინ კლაინისთვის.
მიულე პირველი ადამიანი იქნება, ვინც ალაიას კრეატიულ დირექტორად დაინიშნა მას შემდეგ, რაც მისი დამაარსებელი აზადინ ალაია 2017 წელს გარდაიცვალა. ოთხი წლის განმავლობაში ბრენდისთვის კოლექციები დიზაინ გუნდის მიერ იქმნებოდა.
გარდა იმისა, რომ ძალიან მალე პიტერის პირველ დამოუკიდებელ კოლექციას ვიხილავთ, დამაინტრიგებელია იმის წარმოდგენა თუ როგორ გარდაქმნის ის ლეგენდარულ მოდის სახლს, რომლისთვისაც აზადინმა მკაფიო ხელწერა ჩამოაყალიბა. ეს გადაწყვეტილება ასევე აშკარას ხდის ალაიას მფლობელი კომპანიის, Richemont-ის, მოდური განყოფილების მიმართ გაზრდილ ინტერესსაც.
„ამ პრესტიჟული მოდის სახლის, მისი ატელიეების და ნიჭიერი გუნდის ნაწილად ქცევა ნამდვილი ოცნებაა. აზადინ ალაია თავის დროს ყოველთვის უსწრებდა და ღია იყო ყოველგვარი ხელოვნებისა და კულტურისთვის. მისი ძლიერი ხედვა ინსპირაცია გახდა. ის დიდ დროს უთმობდა ინოვაციური და მარადიული ნამუშევრების შექმნას. თაყვანისცემის და პასუხისმგებლობის უდიდესი განცდით შევუდგები მისი დატოვებული მემკვიდრეობის გაგრძელებას, რომელიც ფემინურობას წარმოაჩენს და ქალებს შემოქმედების უმთავრეს ადგილს უთმობს. ერთი სული მაქვს შევხვდე ალაიას პატივსაცემ კლიენტებს და მეგობრებს, ასევე გავეცნო ალაიას ფონდს და ერთად შევუდგეთ ამ ლეგენდარული მოდის სახლის მომავლის შექმნას.“
პიტერ მიულე
როგორც ალაიას ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, მოდის სახლისთვის პიტერის სადებიუტო კოლექციის ჩვენება 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე შედგება.