ალექსანდრ მაკქუინი – 40 წლის

გარდაცვალების თარიღი: 2010 წლის 11 თებერვალი

ლი ალექსანდრ მაკქუინი 1969 წლის 17 მარტს ბრიტანეთში დაიბადა. 1992 წელს Central Saint Martin-ში დამამთავრებელი კოლექცია გამოჰქონდა. ჩვენებას იზაბელა ბლოუც ესწრებოდა, ქალი, რომელიც სტუდენტის შემოქმედებით იმდენად მოიხიბლა, რომ კოლექციის სრულად შეძენა გადაწყვიტა. იზაბელამ ჩათვალა, რომ ეს კოლექცია, რომლის შესაქმნელადაც მაკქუინმა საკუთარი თმაც გამოიყენა, ყველაზე მშვენიერი რამ იყო, რაც კი ოდესმე ენახა. ეს იყო მოდის ერთ-ერთი ყველაზე გენიალური დიზაინერის დიდებული კარიერის დასაწყისი.

ხშირად მოხსენიებული, როგორც შემოქმედებითი გენიოსი, ლი ალექსანდრ მაკქუინი 1996 წლიდან 2001 წლამდე ჟივანშის მოდის სახლს ხელმძღვანელობდა. პარალელურად შექმნა საკუთარი სახელობის ბრენდი, რომელსაც დღეს ფრანგული კონგლომერატი, ქერინგი ფლობს და შემოქმედებითად ბრიტანელი დიზაინერი, სარა ბარტონი ხელმძღვანელობს.

მაკქუინი ძალიან დეპრესიული იყო. მან თვლითმკვლელობა რამდენჯერმე სცადა, თუმცა დედამისმა გადააფიქრებინა. დედის გარდაცვალების შემდეგ, დიზაინერმა თვითმკვლელობა კიდევ დაგეგმა და საბოლოოდ, განახორციელა.

ოსკარ დე ლა რენტა – 82 წლის

გარდაცვალების თარიღი: 2014  წლის 20 ოქტომბერი

ოსკარ დე ლა რენტა 1932 წლის 22 ივლისს დომინიკელთა რესპუბლიკაში დაიბადა. დე ლა რენტა კრისტობალ ბალენსიაგას მოსწავლე იყო. საერთაშორისო აღიარება გასული საუკუნის 60-იან წლებში მოიპოვა, როდესაც ჟაკლინ კენედი შემოსა. ის ლანვინში და ბალმანშიც მუშაობდა, სანამ საკუთარი სახელობის ბრენდს და ამერიკულ გლამურს შექმნიდა. 1973 – 1976 წლებში დე ლა რენტა  ამერიკელ დიზაინერთა საბჭოს პრეზიდენტი იყო.

ოსკარს მიღებული აქვს არაერთი პრესტიჟული ჯილდო და საპატიო მოქალაქის ორდენი, როგორც ამერიკაში, ასევე სამშობლოში და საფრანგეთშიც.

ანდრე ქუღეჟ – 93 წლის

გარდაცვალების თარიღი: 2016 წლის 7 იანვარი

ანდრე ქუღეჟ 1923 წლის 9 მარტს საფრანგეთში დაიბადა. ქუღეჟი კოსმოსური ეპოქის მოდის ნათლიად ითვლება. მან 60-იანების სილუეტები და გეომეტრიული ფორმები გააერთიანა, ის იყო პირველი დიზაინერი, რომელმაც პლასტმასი გამოიყენა. WWD მის შესახებ წერდა: „მისმა 1964 წლის კოლექციამ რადიკალურად განსაზღვრა იმ დროის მოდა ფუტურისტული ლუქებით – განსხავებული ჭრები, მოკლე, A-ს სილუეტის კაბები, ნაქსოვი სვიტრები, მოტკეცილი შარვლები, სათვალეები და ასტრონავტის ჩაფხუტები.


ქუღეჟ ბალენსიაგას მოდის სახლის წევრი იყო 10 წლის განმავლობაში. ანდრეის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ისეთივე აბსურდად მიაჩნდა, როგორც ლოტოსის ტერფები აზიელ ქალებში, ამიტომ მის მოდელებს მერი ჯეინის ფეხსაცმელები, ან თეთრი ჩექმები ეცვათ. ქუღეჟი დიდი რაოდენობით იყენებდა თეთრს.

სონია რიკელი – 86 წლის

გარდაცვალების თარიღი: 2016 წლის 25 აგვისტო

სონია რიკელი 1930 წლის 25 მაისს საფრანგეთში დაიბადა. ინდივიდუალურობის და მოდის განმათავისუფლებლობის გამო ხშირად ადარებდნენ კოკო შანელს, ამიტომ „კოკო რიკელადაც“ მოიხსენიებდნენ. პირველი სუნამო – „ Septième sens” 1978 წელს გამოუშვა. სონია რიკელი ხშირად წერდა კიდეც. რამდენიმე წიგნი დაწერილი აქვს მოდაზე და საბავშვო თემებზე. რეჯინა დიფორჯსთან ერთად დაწერილი აქვს ეპისტოლარული ნოველა. ჯამში 69 წიგნს შორის არის ავტობიოგრაფიაც. მისი პირველი წიგნი – „Et Je La Voudrais Nue“ 1979 წელს გამოიცა. მას ასევე რამდენიმე ფილმშიც აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის რობერტ ალტმენის 1994 წელს მოდაზე გადაღებულ ფილმში „Prêt-à-Porter“ – ში, რომლის გადაღების იდეა რეჟისორს, სონიას ერთ-ერთ ჩვენებაზე დასწრების შემდეგ დაებადა.

მრავალ მიღებულ ჯილდოს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია 2009 წელს, ფრანგული მოდის ინდუსტრიაში 40 წლის მანძილზე შეტანილი წვილისთვის საპატიო ლეგიონის ორდენი.

იუბერ დე ჟივანში – 91 წლის

გარდაცვალების თარიღი: 2018 წლის 10 მარტი

იუბერ დე ჟივანში 1927 წლის 20 თებერვალს საფრანგეთში დაიბადა. 1952 წელს, პარიზში, საკუთარი დიზაინ სახლი გახსნა. სადებიუტო კოლექციამ, რომელსაც თავისი მოდელი მუზის, „Bettina-ს“ სახელი უწოდა, წარმატება მოუტანა. 25 წლის დიზაინერის ინოვაციური და ელეგანტური სტილი პარიზელი ქალების ახალ სისუსტედ იქცა. 1953 წელს ჟივანშიმ კრისტობალ ბალენსიაგა გაიცნო, რომელსაც თაყვანს სცემდა და რომელიც მისი საყვარელი მენტორი გახდა. ორმოცდაათიანი წლების შუა პერიოდში, ისინი ახალი სილუეტის შესაქმნელადაც გაერთიანდნენ, რომელსაც „Sack” უწოდეს. 1953 წელს „საბრინას“ გადაღებებზე გაიცნო ოდრი ჰეპბერნი, რომელიც მისი უახლოესი მეგობარი და მუზა გახდა. დიზაინერმა მსახიობს კოსტუმები, მომდევნო შვიდი კინო-როლისთვის შეუქმნა, იგი ასევე ოდრის პირადი გარდერობის შექმნაზეც ზრუნავდა. მსახიობის თქმით, მხოლოდ ჟივანშის სამოსში გრძნობდა საკუთარ თავს, რადგან იუბერი ბევრად მეტი იყო ვიდრე უბრალოდ ტანსაცმლის დიზაინერი. მას „პიროვნულობის შემქმნელს“ უწოდებდა.

აზადინ ალაია – 82 წლის

გარდაცვალების თარიღი: 2017 წლის 18 ნოემბერი

აზადინ ალაია 1935 წლის 26 თებერვალს ტუნისში დაიბადა. ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში აზადინს და გარდაეცვალა, რომელთანაც ძალიან კარგი უერთიერთობა ჰქონდა, მაგრამ როდესაც ავადმყოფობის გამო საავადმყოფოში დააწვინეს, დიზაინერი ვერ იცლიდა მის მოსანახულებლად, რასაც მისი გარდაცვალების შემდეგ ძალიან ნანობდა და სწორედ მაშინ მიხვდა, რომ ტრადიციული მოდის კალენდარი არ იყო მისთვის მისაღები. აზადინ ალაიას კლიენტებს შორის არიან: ჰოლივუდის ვარსკვლავები, პოპ მომღელები, სუპერმოდელები და სხვა არაერთი სფეროს წარმომადგენელი გამოჩენილი ადამიანები, მაგრამ დიზაინერის მხრიდან არცერთი მათგანი სარგებლობდა განსაკუთრებული პრივილეგიით.

აღიარებული, როგორც მოდის ინდუსტრიის ყველაზე დამოუკიდებელი დიზაინერი, დიდებული კუტიურიე იყო, რომელიც არ უშვებდა შეცდომებს, ის ქმნიდა კლასიკას.

ქეით სპეიდი – 56 წლის

გარდაცვალების თარიღი: 2018 წლის 5 ივნისი

ქეით სპეიდი 1962 წლის 24 დეკემბერს ამერიკაში დაიბადა. ის იყო დამფუძნებელი და მფლობელი ბრენდის Kate Spade New York. ქეითმა მოდაში მუშაობა 1986 წელს დაიწყო, აქსესუარების ერთ-ერთი მაღაზიის კონსულტანტად. რამდენიმე წლიანი დაკვირვების შემდეგ, მიხვდა, რომ მარკეტი სასურველი ჩანთების ნაკლებობას განიცდიდა. როგორც ცნობილია, მას არ მოსწონდა პროდუქცია, რომელსაც დახლებზე ხედავდა, ამიტომ გადაწყვიტა თავად შეექმნა. 1993 წელს შეიქმნა კომპანია  “Kate Spade Handbags”. მაღალ ხარისხის გათვალისწინებით, ჩანთები საკმაოდ ხელმისაწვდომი იყო, რამაც ქეითს პოპულარობა მოუტანა. როგორც ვოგი იუწყებოდა, 90-იანების დასასრულს, ქეით სპეიდის ჩანთა სახლში ყველა ამერიკელ ქალს ჰქონდა. ძალიან მალე ქეით სპეიდმა, მეუღლესთან ერთად, მულტი-მილიონიანი იმპერია შექმნა.

ქეითი დეპრესიული იყო. ცნობილია, რომ დეპრესიას, შიშებს, შფოთვას და შინაგან მღელვარებას წლების განმავლობაში ებრძოდა. როგორც ალექსანდრ მაკქუინმა, ქეით სპეიდმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კარლ ლაგერფელდი – 85 წლის

გარდაცვალების თარიღი: 2019 წლის 19 თებერვალი

კარლ ლაგერფელდი 1933 წლის 10 სექტემბერს გერმანიაში დაიბადა. კარლი პარიზში 1952 წელს გადავიდა და მისი ცხოვრებაც მალევე დაუკავშირდა მოდის ინდუსტრიას, რომელშიც სამუდამოდ დარჩა.კარლმა პიერ ბალმანის ყურადღება მიიპყრო, რომელმაც მას თავისი პირველი სამუშაო შესთავაზა. სამი წლის განმავლობაში ლაგერფელდი ბალმანის ასისტენტი იყო, სანამ 1959 წელს ჟან პატუს მოდის სახლის არტისტული ხელმძღვანელი გახდებოდა.

1962 წელს ჟან პატუს მოდის სახლის და ოტ კუტიურის დატოვება, არჩევანის გაკეთება თავისუფალ და რედი-თუ-ვეარ სამოსის დიზაინერობაზე კარლის მხრიდან თამამი ნაბიჯი იყო. მაგრამ ის ხვდებოდა, რომ დრო იცვლებოდა, მასთან ერთად მოდაც, კუტიური კი თავის მნიშვნელობას კარგავდა.

1964 წელს ქლოესთვის დაიწყო rtw ხაზსა და აქსესუარებზე მუშაობა და ბრენდის ცნობადობა საერთაშორისო მასშტაბით გაზარდა. მომდევნო წელი კი მაღალი მოდის ბრენდის და შემოქმედებითი ხელმძღვანელის ყველაზე ხანგრძლივი თანამშრომლობის დასაწყისია – ლაგერფელდმა ფენდიში დაიწყო მოღვაწეობა.

1983 წელს, მაშინ როდესაც კარლმა ქლოე დატოვა, ის შანელის შემოქმედებით ხელმძღვანელად დაინიშნა და ეს ყველაზე უფრო მშვენიერი, სახელგანთქმული და მნიშვნელოვანი მაგალითია სხვისი დაარსებული ბრენდის და დიზაინერის თანამშრომლობის. შანელის მოდის სახლი მაშინ იმდენად არარელევანტური იყო, რამდენად დიდიც თავის დროზე თავად კოკო შანელის სახელი. კარლმა თავიდან გააცოცხლა მიძინებული ბრენდი და ეს კოკოს დატოვებული მემკვიდრეობის შენარჩუნებით და მისი განვითარებით მოახერხა. ტვიდი, მარგალიტები, ორტონიანი ფეხსაცმელები და ერთმანეთის საპირისპიროდ გაერთიანებული C შანელთან ასოცირებული ნაწილებია, რომლებიც კარლის დამსახურებით ახალი თაობისთვის საკულტოდ იქცა. დღეს რომ შანელი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მნიშვნელოვანი ბრენდია, რა თქმა უნდა, ესეც ლაგერფელდის დამსახურებაა.