Kering-ის მფლობელობაში მყოფმა ბრენდმა, პარასკევს, მომდევნო ჩვენების შესახებ პირველი დეტალები გაავრცელა.
როგორც ირკვევა, Bottega Veneta 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებას დეტროიტში, მიჩიგანის შტატში გამართავს. იტალიური ბრენდი პრეზენტაციას ცოცხალი აუდიტორიის წინაშე გეგმავს, თუმცა შექმნილი არაპროგნოზირებადი რეალობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება, შესაძლოა, შეიცვალოს. 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენება პანდემიის შემდგომ, იტალიური მოდის სახლის მესამე შოუ იქნება.
გასულ წლის ოქტომბერში, Bottega Veneta-ს შემოქმედებითმა დირექტორმა, დენიელ ლიმ მილანის მოდის კვირეულის ნაცვლად, კოლექცია ლონდონში წარადგინა. პრეზენტაცია, რომელსაც მოდის სახლმა ‘Salon 01’ უწოდა, დახურული იყო. მისი ხილვა საზოგადოებამ მხოლოდ 2 თვის შემდეგ, 2020 წლის დეკემბერში შეძლო. ლონდონის შემდეგ, დენიელმა არჩევანი ბერლინზე შეაჩერა, სადაც 9 აპრილს ‘Salon 02’ ჩვენება საკულტო ღამის კლუბ ბერგჰაინში მოაწყო. მიუხედავად იმისა, რომ შოუს მოსაწყობად შერჩეულ ადგილს თავისი სტატუსიდან გამომდინარე საზოგადოებაში თითქოს მღელვარება და აღფრთოვანება უნდა გამოეწვია, პანდემიურ რეალობაში ეს გადაწყვეტილება უმეტესობამ მიუღებლად მიიჩნია.
ბოთეგა ვენეტას ‘Salon 03’ შოუ დეტროიტში 21 ოქტომბერს გაიმართება. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.