ნიუ-იორკ ტაიმსმა ქანიე ვესტის და Gap-ის თანამშრომლობას ვრცელი სტატია მიუძღვნა. ქანიეს და გეფს შორის კოლაბორაცია 2020 წელს დაიწყო, როდესაც ამერიკულ ბრენდსა და მუსიკოსს შორის 10 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. მათი ერთობლივად შექმნილი პირველი კოლექცია გაყიდვაში 2021 წელს გამოვიდა.



2022 წლის დასაწყისში, ქანიეს Yeezy x Gap გახდა Yeezy Gap Engineered by Balenciaga. ამგვარად, პროექტში მესამე ბრენდიც ჩაერთო. მიუხედავად იმისა, რომ ბალენსიაგას შემოქმედებით დირექტორს, დემნას ქანიესთან მეგობრობა და Yeezy -ისთან წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს, საზოგადოების ნაწილი სამი განსხვავებული ისტორიის და იდენტობის ბრენდის გაერთიანებას სკეპტიკურად შეხვდა.
ნიუ-იორკ ტაიმსის ახალ სტატიაში ქართველმა დიზაინერმა გაამხილა, რომ ორი კოლაბორაციული კოლექციის შემდეგ, ბალენსიაგა Yeezy x Gap-თან თანამშრომლობას აღარ გააგრძელებს. დემნას თქმით ქანიესთვის: “ეს იყო პირველი ნაბიჯი, მას საწყისი წერტილი სჭირდებოდა. ჩემი გამოწვევა იყო, რომ მიმეცა მისთვის ის, რაც სჭირდებოდა. მაგრამ (ქანიე) ჯერ კვლავ ძალიან, ძალიან შორს არის იმისგან საითკენაც მიილტვის.”
“Ye მოდით საერთოდ არ არის დაინტერესებული,” – ამბობს დემნა. “მას უნდა იცოდეს:‘როგორ შეგვიძლია შევქმნათ ჰუდის ახალი ვერსია? რა იქნება შემდეგში? რა გვეცმევა 20 წელიწადში?’”

ნიუ-იორკ ტაიმსის სტატიის წასაკითხად მიჰყევით ლინკს – Chaos and Creation: Inside the making of YEEZY Gap.