Kanye West

ვარსკვლავი, რომელიც ამბობს : „მე მინდა ჩაცმის მაიკლ ჯექსონი გავხდე,“ მოდაში 2 თვიან მოღვაწეობას არ გეგმავს. საკამათოა, გახდა, თუ არა კანიე უესტი ჩაცმის მაიკლ ჯექსონი, მაგრამ თუ ჩვენს დეკადში რომელიმე ვარსკვლავმა მოდას დიდი კვალი დაატყო, ეს პირველ რიგში კანიეა. უესტის სახელს მხოლოდ საკუთარი სტილი, მნიშვნელოვანი კოლაბორაციები, ან Yeezy-ს ტანსაცმლის ხაზის მილიარდიანი იმპერია არ უკავშირდება.

  • კანიე დგას ათწლეულის ყველაზე დიდი ინფლუენსერების მიღმა, როგორც დიზაინში, ასევე სოციალურ ქსელებში. ის დაკავშირებულია ვირჯილ აბლოს და დემნა გვასალიას გარშემო საერთაშორისო მღელვარების დაწყებასთან.

მოდაში კანიე კარდაშიან-ჯენერების წარმატებაზეც არის პასუხისმგებელი. „კიმ კარდაშიანი აყროლებულ წინდებზე უარესია“ ეს სიტყვები ანა ვინტურს ეკუთვნის, სანამ კიმი კანიეს მეუღლე და შვილების დედა გახდებოდა. 2014 წელს კიმ კარდაშიანი კიმ კარდაშიან-უესტი გახდა. იმავე წელს ანა ვინტურმა კიმი და კანიე ვოგის ყდაზე დაბეჭდა. ეს იყო მომენტი, რომლითაც მაღალ მოდაში კარდაშიანებისთვის და ჯენერებისთვის მწვანე შუქი აინთო.

კანიე Yeezy-ს პირველი ჩვენების ფინალში

Lady gaga


2010 წელს, ემტივის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, ლედი გაგა ხორცის კაბით გამოჩნდა. მაშინ წითელი ხალიჩის ლუქმა მილიონობით ადამიანის ყოველდღიურობაში შეაღწია. ინტერნეტი, ტელევიზია, უკლებლივ ყველა გავლენიანი, თუ ნაკლებად გავლენიანი გამოცემა ერთი ვარსკვლავის ჩაცმის სტილზე საუბრობდა. ხორცის ლუქზე ბევრი ითქვა და დაიწერა, იყო კამათიც და განკიცხვაც, თუმცა მოდაში ლედი გაგას კარიერა მაშინ ჯერ მხოლოდ იწყებდა. ერთ ეპატაჟურ ლუქს მეორე მოსდევდა. ეტაპობრივად, გასულ 10 წელში, ჩვენ ვიხილეთ პოპ აიქონის გარდაქმნა მოდის აიქონად, რომელსაც ერთნაირი დიდებულებით შეუძლია ხორცის კაბის და ვალენტინოს ოტ კუტიურის წარდგენა.

ლედი გაგა ხორცის სკანდალური კაბით და ფეხსაცმელებით 2010 წელს
ლედი გაგა ვალენტინოს ოტ კუტიურით 2019 წელს

Rihanna

ვინ, თუ არა რიანა შეძლებდა ჩაეცვა 25 კილოგრამიანი კვერცხის გულის ფერი მოსაცმელი მეტ გალაზე, რომლის გადასაადგილებლად 7 კაცის დახმარება იყო საჭირო, ან სრულად გამჭვირვალე სვაროვსკის ქვებით აწყობილი კაბა CFDA-ზე ამერიკის მოდის კერპის ჯილდოს მისაღებად.

“ჩემი შიშველი მკერდი გაწუხებს? ის ხომ სვაროვსკითაა დაფარული!” 

ყველაფერი 2011 წელს მელ ოტენბერგთან მუშაობით დაიწყო. რიანა მანამდე უბრალოდ წარმატებული Pop/R’n’B შემსრულებელი იყო, ხოლო მელი რიგითი სტილისტი, რომელიც წითელ ხალიჩებზე არ მუშაობდა, თუმცა რიანას რისკზე წასვლის სურვილმა (და შესაძლებლობამ) მელსა და ბარბადოსელ მომღერალს შორის დაამყარა კავშირი, რომელმაც სულ რაღაც სამ წელიწადში რიანას ამერიკის მოდის კერპის ჯილდოს მოუტანა. გასულ ათწლეულში მოდაში რიანას კულტი შეიქმნა, რომელმაც 2019 წელს კიდევ უფრო სერიოზული სახე მიიღო, იხილეთ ლინკზე – (წლის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი მოდური მოვლენის მიმოხილვა)

რიანას ცნობილი ლუქი მეტ გალას წითელი ხალიჩიდან

A$AP Rocky

“I’m a trendy n****” ამბობს რეპერი თავის სიმღერაში და დიახ, ესაპი წარმოაჩენს იმას, რაზეც მოდა მიმდინარე მომენტში გვესაუბრება. მოდის მიმართ თავის დამოკიდებულებას მუსიკაშიც ავლენს, როცა იმ სახელებზე რეპავს, რომლებიც მოდის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. ვისაც მისი თუნდაც მხოლოდ ის პაპარაცული ფოტოები უნახავს, რომლებზეც გუჩის ჰუდთან ერთად დემნა გვასალიას ბალენსიაგას ქალის კოლექციისთვის შექმნილი ჟილეტი აცვია, რომელიც საცურაო გასაბერი ჟილეტის მოტივებზეა შექმნილი, შეიქმნიდა წარმოდგენას, რომ მას რისკების არ ეშინია. იმის მაგალითს თუ როგორ უნდა გაერთო მოდით მასთან სერიოზული მიდგომით ეისაპი იძლევა. მისი გუჩის თავსაბურავით გამოჩენა 2018 წლის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მოდური მომენტი იყო. ესაპისთვის უცხო არ არის ქალისთვის განკუთვნილი ტანსაცმლის და აქსესუარების მორგება, მაგრამ რუსი ბებიის, „ბაბუშკას“ როლში ყოფნით დაგვანახა, რომ შეუძლია ერთდროულად გვაცინებდეს და მოდის თანამედროვე ხატს წარმოადგენდეს.

ესაპ როკი გუჩის მაისურით და ბალენსიაგას ჟილეტით
ესაპი გუჩის „ბაბუშკას“ თავსაბურავით

Jared Leto

ჯარედ ლეტოს ნიჭი, გარეგნობა და ქარიზმა კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს ყოფილა. მსახიობი და მომღერალი  ვარსკვლავური სამყაროს ეპიცენტრში 90-იანი წლებიდან არის. 2010 – 2020 წლებში ლეტოს სახელი მაღალი მოდის ინდუსტრიასაც ძლიერ დაუკავშირდა, რაც გუჩის შემოქმედებით ხელმძღვანელთან, ალესანდრო მიკელესთან მეგობრული და პროფესიული თანამშრომლობით აიხსნება.

რთულია გაიხსენო სტილი, რომელიც ჯარედ ლეტოს თავის თავზე არ გამოუცდია. გრანჟი, კლასიკური, სპორტული, ბოჰემური, როკ ვარსკვლავის თუ პანკის სტილი, მინიმალიზმი თუ მაქსიმალიზმი, ტრენდები თუ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები – მან ყველაფერი სცადა.

ჯარედს აცვია გუჩი

შემდეგ გამოჩნდა ალესანდრო მიკელე, რომელმაც გუჩის და ჯარედის სახე ერთდროულად გარდაქმნა. როცა ლეტო გუჩის 2017 წლის გაზაფხული/ზაფხულის მამაკაცის კოლექციის ჩვენებას დაესწრო, მისი მიკელეს შემოქმედებით აღფთოვანება პირველივე ლუქიდან გამოიკვეთა, როცა პოდიუმზე მოდელი გრძელი მწვანე პიჯაკით გამოვიდა. მიკელეს ნამუშევრები მან თავიდანვე მოირგო, თუმცა როცა აღნიშნული ჩვენებიდან ორ თვეში იმ მწვანე ლუქით საჯაროდ გამოჩნდა, უკვე ნათელი გახდა სად იპოვა ჯარედმა თავისი თავი და მრავალი მიმის მთავარ გმირადაც იქცა.

პოპულარული მიმი

Beyoncé

წარმოიდგინეთ ვოგის სექტემბრის ყდაზე მოხვედრა. ეს ნიშნავს, რომ შენ თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახე ხარ, რომლის გარეკანზე გამოტანაც მილიონობით ადამიანისთვის რაღაცას ნიშნავს. ახლა წარმოიდგინეთ, როდესაც შენი რასიდან პირველი მუსიკოსი ხარ, რომელმაც ეს შეძლო. ასევე წარმოიდგინეთ, რომ შენ პირველი ხარ, ვისაც შეუძლია მოდაში და მსოფლიო მედიაში ყველაზე გავლენიან ქალს, ანა ვინტურს თავად წაუყენო მოთხოვნა, თუ ვინ გადაიღებს ფოტოებს ვოგის სექტემბრის ყდისთვის. საბოლოოდ, შენივე ძალისხმევით, ვოგის საუკუნოვან ისტორიაში მოდის ბიბლიის გარეკანს აფრო-ამერიკელი ფოტოგრაფი გადაიღებს. ეს ერთ-ერთი მაგალითია, რომელიც წარმოაჩენს ბიონსეს მნიშვნელობას და ძალიან დიდ გავლენას, რომელიც გასულ ათწლეულში კულტურაში და რა თქმა უნდა, მოდაშიც ჰქონდა.

ბიონსე ვოგის სექტემბრის ნომრის ყდაზე
ფოტოგრაფი: ტაილერ მიჩელი

Blake Lively

სერიალების მსახიობები არასდროს ყოფილან იმდენად პრესტიჟულები და აქტუალურები, როგორც ახლა, თუმცა ამაზე უკეთ კინო-კრიტიკოსები დაწერენ. ერთი რამ ფაქტია, მაღალი მოდის ინდუსტრიაში მსახიობები ყოველთვის პოპულარობით სარგებლობდნენ, თუმცა გამონაკლისების გარდა (მაგალითად სარა ჯესიკა პარკერი) ეს არ ეხებოდათ სერიალების გმირებს. გასულ წლებში რადიკალური ცვლილებების ერა დაიწყო. დღეს არავის გვაკვირვებს სერიალის გმირი ვოგის ყდაზე, ან მაიკლ კორსის კამპანიაში ხილვა, მაგრამ წლების წინ, როდესაც „ჭორიკანა“ გამოვიდა, განსხვავებული რეალობა იყო.

ბლეიკ ლაივლის დიდება „ჭორიკანას“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ დაიწყო. ლაივლის არ მიუღია მოდის აიქონის, ან მაღალი მოდის ინდუსტრიაში რომელიმე სხვა პრესტიჟული ჯილდო, თუმცა მისი სტილი მილიონობით გოგონასთვის მისაბაძი გახდა. ყოველთვის დახვეწილი, თუმცა არასდროს მოსაწყენი, ბლეიკი მოდაში ახდენილ ამერიკულ ოცნებას წარადგენს.

ბლეიკ ლაივლის ჩაცმის სტილი პაპარაცულ ფოტოებში

K-pop ვარსკვლავები

თუ გასული 5 წელი ინტერნეტთან და სოციალურ ქსელებთან წვდომა გქონდათ, ნუ ეცდებით დამაჯეროთ, რომ თქვენს სიახლეების ველში სამხრეთ კორეული ჯგუფები ერთხელ მაინც არ აღმოჩენილა. კეი-პოპი არ არის მხოლოდ მუსიკა. მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მიმდევარით, კეი-პოპი ახალგაზრდების სუბკულტურა გახდა, რომელშიც მოდა უდიდეს როლს თამაშობს. სამხრეთ კორეელი არტისტების წინ წამოწევამ, სეული მოდის რუკაზე ყველაზე მნიშვნელოვან ადგილად აქცია. დიზაინერები მიხვდნენ, რომ ბრენდის წარმდგენებში კორეელი ვარსკვლავები უპირატესობა იყო, რომელიც უნდა გემოეყენებინათ.

BTS – ის წევრები დიორის კოსტუმებში

გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ გრემის დაჯილდოებაზე დიორის მამაკაცის ხაზის ხელმძღვანელი, კიმ ჯონსი პოპულარული კეი-პოპ ჯგუფის, BTS-ის წევრებს შემოსავდა. სიახლის გავრცელებიდან 24 საათში ტვიტერზე კიმ ჯონსი თითქმის ნახევარი მილიონი პოსტით ყველაზე პოპულარული დიზაინერი იყო.

ჯგუფ Big Bang -ის ლიდერი, G-Dragon ერთ-ერთი პირველი კორეელი მუსიკოსია, რომელიც მოდის ინდუსტრიაში შესამჩნევად შემოიჭრა. კარლ ლაგერფელდის მუზა და შანელის ელჩი აზიაში ვეტმანის დიდების ზრდასთანაც ასოცირდება.

რთული დასავიწყებელია Blackpink – ის ლიზას ტრიუმფი პარიზის მოდის კვირეულზე. ანჯელინა ჯოლის და ლედი გაგას შემდეგ,ედი სლიმანმა სელინში თავისი პირველი ჩანთა სწორედ ლიზას აჩუქა, რასაც სელინის ჩვენებაზე ლიზას დასწრება მოჰყვა.

G Dragon და Karl Lagerfeld


Celine Dion

წლების განმავლობაში სელინ დიონის სტილი მისი მუსიკალური სტილის ვიზუალური იერსახე იყო. ყოველთვის დახვეწილი და ელეგანტური, სელინი ჩვენს მახსოვრობაში ნიჭიერი ქალბატონის კულტი იყო, რომელიც მოდაში მეტნაკლებად ფრთხილად თამაშობდა. ეს ყველაფერი შეიცვალა, როდესაც არტისტი ვეტმანის ტიტანიკის ჰუდით გამოჩნდა.

  • სელინ დიონი დემნა გვასალიას 1000 ევროდ შეფასებულ ჰუდში იყო მომენტი, როდესაც ვიცოდით, რომ მოდაში სელინ დიონის ახალი ეპოქა ახლა იწყებოდა.

სელინი დემნა გვასალიას ტიტანიკის ჰუდით

Ezra Miller

ეზრა მილერმა წითელ ხალიჩაზე შექმნა სახეები, რომლებიც მნახველს ერთდროულად ჰგვრის ღიმილს, აოცებს და აინტრიგებს. გასულ წლებში არცერთი მამაკაცი არ ყოფილა მილერისავით თეატრალური, ორიგინალური და საინტერესო წითელ ხალიჩაზე. ეზრას პირველ წითელი ხალიჩის ტრიუმფით დასრულებულ წარმოდგენად შეგვიძლია მონკლერის და პიერპაოლო პიჩოლის თანამშრმლობით შექმნილი ლუქით გამოჩენა ჩავთალოთ. შემდეგ ჯადოქრის როლში მოგვევლინა ხელის გულებზე ნაწერი „Avada Kedavra-თი“ ჟივანშის ქალის ოტ კუტიურში გამოწყობილი. მერე იყო დიორის მამაკაცის ჩვენება, რომლის წითელ ხალიჩაზეც პროფესორის იმიჯით ქაღალდებთან ერთად უჩვეულო აქსესუარით გამოჩნდა, რომელიც არც მეტი არც ნაკლები შამპანურით სავსე ჭიქას წარმოადგენდა, სინამდვილეში კი საწერი კალმის დანიშნულება ჰქონდა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და სანახავი კიდევ ბევრი გვაქვს.

ეზრა დიორის ჩვენებაზე
ეზრა მონკლერის ცნობილი ლუქით
(Photo: Getty Images)

Pharrell Williams

„სიტყვა cool ადამიანი რომ იყოს, ის ფარელი იქნებოდა“ ამ სიტყვებით დაიან ვონ ფურშტენბერგმა ფარელ უილიამსს მოდის აიქონის ჯილდო გადასცა. დიდი ზომის ქუდებით და მაღალყელიანი ჩექმებით, ფარელი ის სელებრითია, რომლის სტილის განვითარება ძალიან ორგანულად მოხდა. რისკიანმა გადაწყვეტილებებმა, რომლებიც როგორღაც ყოველთვის ძალიან დროული და მომენტს მორგებული იყო, მოდაში ფარელის წარმატება განაპირობა. ყველა მისი მიღწევიდან შანელის მოდის სახლთან თანამშრომლობა გამორჩეულია, ვინაიდან, ფარელი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი მამაკაცი, რომელმაც კარლ ლაგერფელდთან კოლექციის შექმნაზე იმუშავა და ტანსაცმელი პოდიუმზე წარადგინა, როგორც ბრენდის ელჩმა.

ფარელი შანელისთვის

Harry Styles

ყველა თაობაში ჩნდებიან ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც გამოიყურებიან, ცეკვავენ, ან მღერიან ისე, რომ მილიონობით თინეიჯერი გოგონას გულს იგებენ. შემდეგ იშლებიან და სოლო კარიერას აგრძელებენ, რომელიც ერთს, ან ორს კარგად გამოსდის, დანარჩენს ნაკლებად. მაგრამ რამდენი მამაკაცი ვარსკვლავი გვახსენდება ისეთი, რომელმაც თინეიჯერების საყვარელი მუსიკალური ჯგუფის წევრობიდან თავი მოდის საყვარელ პერსონად აქცია? ჰარი სტაილსი სწორედ ის გამონაკლისია, რომელმაც ეს შეძლო. გუჩის საერთაშორისო სახე, სტაილსი მეტ გალას ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა თანაორგანიზატორი გახდა.

ჰარი სტაილსი გუჩისთვის

Timothée Chalamet

მომენტის it boy. ის ჰიტად ქცეული პროექტის, ფილმ Call Me By Your Name-ს მთავარი გმირია. ახალგაზრდა, ლამაზი, საოცნებო ბიჭი თავისებური სტილით, ყველა იმ მახასიათებლით, რომელთაც მოზარდები თავიანთ კერპებს მიაწერენ. სტილისტებთან არ მუშაობს და სამოსის თავად შერჩევით იღებს სიამოვნებას, რაც ისეთი დიზაინერების მიყოლით უადვილდება, როგორებიც არიან: ჰაიდერ აკერმანი, ედი სლიმანი და რაფ სიმონსი. მსახიობმა წითელ ხალიჩაზე არაერთხელ დაამტკიცა, რომ მასკულინური და ფემინური ელემენტების შერწყმა სამოსს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს და ნაზ დეტალებს კაცის მკაცრი სტილის სამოსი ესთეტიკის ახალ დონეზე აჰყავს.

ტიმოტი შალამეს ჩაცმის სტილი

Cardi B

ქარდი ბის საერთაშორისო აღიარებიდან ჯერ მხოლოდ 2 წელია გასული.  5 – 10 წლის შემდეგ, იქნება ქარდი ბრენდებისთვის და ჟურნალებისთვის საინტერესო? რთული სათქმელია, თუმცა ახლა მოდაშიც და მუსიკაშიც ქარდი ბის მომენტია. ის არის პირველი ქალი რეპერი ამერიკული ვოგის ყდაზე, რომლის წითელი ხალიჩის ლუქები, მუგლერის ვინტაჟური სამულიდან მეტ გალაზე თომ ბრაუნის გრანდიოზულ წითელ კაბამდე, გულშემატკივრებს და პრესას გულგრილს ვერ ტოვებს.

  • ქარდის მეტ გალას კაბა შესაძლოა იყოს თომ ბრაუნის ბრენდის არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი წითელი ხალიჩის მომენტი. რეპერს კოსტუმის წარდგენაში 10 ადამიანი ეხმარებოდა.

ქარდი ტომ ბრაუნის კაბაში

Miley Cyrus

როდესაც მაილი საირუსი ემტივის 2015 წლის დაჯილდოებაზე ვერსაჩეს „ტანსაცმლით“ გამოჩნდა, ინტერნეტი ორად გაიყო, თუმცა ეს ხომ მაილია?!

დისნეის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არტისტი, რომელიც პოპულარული ამერიკული ტელესერიალის, ჰანა მონტანას ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ გახდა, ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო სელებრითია. მისი სტილი ისევე წინააღმდეგობრივია, როგორც ფრაზები, ქცევები და გადაწყვეტილებები. მაილი ნამდვილად არ არის ლედი გაგა, რომლის მრავალფეროვნებამ ვარსკვლავური სტილი ახალ დონეზე აიყვანა, თუმცა ვერსაჩეს ლუქიდან მეტ გალაზე სან ლორანის კაბამდე, გასულ ათწლეულში, საირუსი იყო ვარსკვლავი, რომლის ტანსაცმელი ხშირად ხდებოდა საუბრის მთავარი თემა.

მაილი ვერსაჩეს სკანდალური ლუქით
მაილი ზაქ პოზენის კაბით

Serena Willems

როდესაც ანა ვინტური შენი #1 ფანია, ძალიან რთულია მსოფლიო მოდაში შეუმჩნეველი ფიგურა იყო. 2015 წელს სერენა პირველი შავკანიანი ათლეტი გახდა, რომელმაც ჟურნალ ვოგში საკუთარი თავი გადაიღო. ნაიკისთან და ვირჯილ აბლოსთან თანამშრომლობით, ჩოგბურთის ჩემპიონატებზე სერენას საასპარეზო კოსტუმები ყველაზე დიდი განხილვის საგანი იყო. უილიამსთან კოლაბორაციამ ვირჯილ აბლოს ოფ-უაითს ლისთის ყველაზე განხილვადი ბრენდების ათეულში პირველი ადგილი მოუტანა, რამაც სერენას ინფლუენსერის სტატუსიც გამოკვეთა. წელს ჩოგბურთელი მეტ გალას მიწვეულ ორგანიზატორადაც დასახელდა და წითელ ხალიჩაზე კლასიკურ ყვითელ კაბასთან სპორტული კედებით გამოჩნდა, რაც მეტ გალას თემას, კემპს ეხმიანებოდა.

სერენა შვილთან ერთად ვოგისთვის

Kim Kardashian – West

ის ერთხელ ამერიკაში ყველაზე საძულველ ქალად დაასახელეს, მაგრამ გვძულს თუ გვიყვარს, უარყოფას აზრი არ აქვს. კიმ კარდაშიან-უესტი თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში ინსტაგრამის ერის ყველაზე დიდი ინფლუენსერია. ის არის ვარსკვლავი, რომელსაც 2010 წელს მეტ გალაზე მოსაწვევს არ უგზავნიდნენ, 2019 წელს საპატიო სტუმრად პატიჟებენ.

  • ვარსკვლავი, რომელსაც 10 წლის წინ, დიზაინერების 90% შემოსვაზე უარს ეუბნებოდა, დღეს მილიონებს უხდიან, რომ მათი ტანსაცმელი ატაროს.

კიმ კარდაშიან-უესტი მუგლერის ლუქით მეტ გალაზე

David Beckham

დეივიდ ბექჰემმა ყურადღება ფეხბურთით მიიქცია, თუმცა სპორტულ ნიჭთან ერთად, გარეგნობამ, სტილმა და მეორე ნახევარმა დეივიდის პოპულარობის მწვერვალზე ყოფნა კიდევ ერთი დეკადით გაახანგრძლივა. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, დეივიდი აქტიურად ჩაერთო თავისი მეუღლის, ვიქტორია ბექჰემის საქმიანობაში. ბექჰემი ბრიტანეთის მოდის საბჭოს შეუერთდა. დეივიდის სტილი შესაძლოა არ იყოს ისეთი მრავალფეროვანი და რისკიანი როგორიც ფარელის, კანიეს, თუ ეზრა მილერის, მაგრამ ბექჰემის თითქმის ყველა მოდური გადაწყვეტილება იდეალურად ერგება მის იმიჯს. ბრწყინვალე მკერვალობა და ხარისხი, ეს სწორედ ისაა, რაც დეივიდთან ასოცირდება და რის გამოც ის კვლავ მნიშვნელოვანი სელებრითია მსოფლიო მოდის რუკაზე.

დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები პაპარაცების ობიექტივში

Jennifer Lopez

ჯენიფერის 2019 წლის მიღწევებიც კმარა, რომ ის დეკადის ყველაზე გავლენიან ვარსკვლავებში მოვიხსენიოთ. ჯეი ლო იმ იშვიათი ვარსკვლავების სიას მიეკუთვნება, რომლებიც ეპოქის მიუხედავად აქტუალობას არ კარგავენ და ყოველთვის სასურველები არიან. ლოპეზის გლამურული, სექსუალური, თუმცა არასდროს ვულგარული სტილი მას თითქმის ყველა ცნობილი ბრენდისთვის სასურველ სახედ აქცევს. უფრო მეტი ჯეი ლოს ძალიან მნიშვნელოვან 2019 წელზე წაიკითხეთ – (წლის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი მოდური მოვლენის მიმოხილვა)

ჯენიფერ ლოპეზი ვერსაჩეს 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებაზე

Megan Markle

ლისტის ინდექსის მიხედვით, გასულ 2 წელში, მეგან მარკლი მოდაში ყველაზე გავლენიანი ვარსკვლავია. ტანისამოსი და აქსესუარები, რომელიც მას ამშვენებს, ინტერნეტში გავრცელებიდან წუთების ინტერვალში იყიდება. სამეფო ქორწილის შემდეგ, მოდის ინდუსტრია და მსოფლიო მედია მეგანით შეპყრობილია. ამ სიტყვის გამოყენებას არ ვუფრთხი, რადგან რეალობას ზუსტად გამოხატავს. 2019 წელს მეგან მარკლი, ვოგის 100 წლიან ისტორიაში, სექტემბრის ნომრის პირველი მიწვეული რედაქტორი გახდა. უფრო მეტი ბრიტანული ვოგის 2019 წლის ყველაზე მნიშვნელოვან ნომერზე წაიკითხეთ – (წლის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი მოდური მოვლენის მიმოხილვა)

ფოტო პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ქორწილიდან, მეგანს აცვია ჟივანშის კაბა.
(Photo by Neil Hall/Abaca/Sipa USA(Sipa via AP Images)
Tags :