მოდაში კიდევ ერთი საინტერესო წელი იწურება. მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი დიზაინერის გარდაცვალებიდან, არნოების იმპერიის ზრდამდე, გავიხსენოთ 2019 წლის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი მოდური მოვლენა.
1.დამშვიდობება კარლ ლაგერფელდთან და პიტერ ლინდბერგთან
კარლ ლაგერფელდის გარდაცვალებით მოდაში ყველაზე ხანგრძლივ ეპოქას წერტილი დაესვა. გენიალური დიზაინერი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში მუშაობდა და ის მხოლოდ სიკვდილმა გააჩერა. გასული ნახევარი საუკუნე გერმანელი მაღალი მოდის 2 უმნიშვნელოვანეს ბრენდს ხელმძღვანელობდა. კარლს დაკავებული ჰქონდა ფენდის და შანელის შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობა. 1965 წლიდან ხელმძღვანელობდა ფენდის, 1983 წლიდან – შანელს.
- მსოფლიოში არ არსებობს სხვა დიზაინერი, რომელიც მაღალი მოდის ბრენდს 40 წელზე მეტი ედგა სათავეში.
საქმისადმი მისმა ენთუზიაზმა, დამოკიდებულებამ, უდიდესმა ტალანტმა და ნოვატორობისკენ სწრაფვამ კარლის მოდის ეპიცენტრში ყოფნა ექვს დეკადზე დიდხანს განაპირობა. და ის არ ყოფილა მხოლოდ დიზაინერი. თავის ძირითად პროფესიას ფოტოგრაფიას და რეჟისორობასაც უთავსებდა. თითქმის მთელ თავისუფალ დროს კი წიგნების კითხვას უთმობდა.
ხშირად მოისმენდით, რომ კარლ ლაგერფელდი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი დიზაინერი იყო. დიახ, ხალხმა იცის ჯორჯო არმანის, კელვინ კლაინის, მიუჩია პრადას სახელები, მაგრამ უმრავლესობამ არ იცის როგორ გამოიყურებიან ეს დიზაინერები. მათ იციან ბრენდი და არა პიროვნება. ლაგერფელდის პიროვნული იმიჯი, რომელიც საკუთარ თავს შეუქმნა ცალკე კულტად იქცა. ამ იმიჯის ვიზუალური გამოსახულება შეკრული თეთრი თმა და შავი სათვალე, პიჯაკი და ტყავის ხელთათმანებია, მის მიღმა არსებული პერსონა კი უკომპრომისო, უკიდურესად თავდაჯერებული და საკუთარი წესებით მოთამაშეა. მას თავისი იუმორი, მახვილი კომენტარები და პირდაპირობა სხვებისგან გამოარჩევდა. მისი იმიჯის მნიშვნელობის უკეთ გასაგებად ერთი ფაქტის აღნიშვნაც კმარა. 2010 წელს კარლის სილუეტი კოკა-კოლას ბოთლზე გამოჩნდა და ეს იყო არსებული პოპ კულტურის გამოვლინება მისი ორი მნიშვნელოვანი ნაწილის შერწყმით.
ლაგერფელდის გარდაცვალებით მხოლოდ 1 ერა არ დასრულდა. როგორც კრიტიკოსი, ქეითი ჰორინი წერდა, კარლი არ ყოფილა მხოლოდ 1 ერის დიზაინერი, ის რამდენიმე განსხვავებული ერის სახე იყო, რომლის მსგავსი მაღალი მოდის ინდუსტრიას არ ჰყოლია და კიდევ დიდი ხანი აღარ ეყოლება.

წელს კარლი არ ყოფილა მოდის ინდუსტრიის ერთადერთი დიდი დანაკარგი. 3 სექტემბერს ლეგენდარული გერმანელი ფოტოგრაფი, პიტერ ლინდბერგი გარდაიცვალა. პიტერმა მოდის სამყაროს პირველივე დღიდან შეუქმნა ახალი გამოწვევები. მისი ყოველი ნამუშევარი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა სილამაზის სტანდარტებს და ანგრევდა სტერეოტიპებს. სწორედ პიტერმა წამოიწყო ოთხმოციანების დასაწყისში ის, რასაც დღეს მასობრივად აპროტესტებს საზოგადოება;
„ყველა ფოტოგრაფის მოვალეობაა გაათავისუფლოს ქალები და საბოლოო ჯამში ყველა, ახალგაზრდობის და იდეალური ფიზიკური მონაცემების ტერორისგან.“
მისი სიტყვები მაშინ მართლაც რევოლუციურად ჟღერდა. მინიმალისტური მიდგომით მან შეძლო გაეთავისუფლებინა ფოტო ყველანაირი ზედმეტი ატრიბუტისგან, რათა გამოეხატა ადამიანის შინაგანი სამყარო. წარმოიდგინეთ, რამდენად უცხო იყო ასე მუშაობა მოდაში, ვიზუალურ ინდუსტრიაში, სადაც, ერთი შეხედვით, სწორედ ისაა მთავარი, თუ რა გაცვია. ფოტოებს ფერებიც მოაშორა და დარჩა მხოლოდ შიშველი სული, რომელიც მის ხელოვნებაში ადამიანის თვალებითაა გადმოცემული. ის იყო პერფექციონისტი ამ სიტყვის ახლებური გაგებით, რომლის სახელს უკავშირდება ვოგში ანა ვინტურის პირველი გარეკანი, რომლითაც მაღალ მოდაში ახალი ეპოქა დაიწყო, აგრეთვე ყდა, რომელმაც სუპერმოდელები შექმნა.

- ბრიტანული ვოგის 1990 წლის იანვრის გარეკანის ხილვის შემდეგ, ჯორჯ მაიკლმა გადაწყვიტა, რომ მსახიობების ნაცვლად, თავის კლიპში სინდი კროუფორდი, ლინდა ევანჯელისტა, ნაომი ქემბელი, ტატიანა პატიცი და კრისტი ტორლინგტონი გადაეღო.
“როდესაც მეკითხებიან, რა იყო ჩემი დიდი სუპერმოდელის მომენტი, ყოველთვის ვოგის ეს გარეკანი და ვერსაჩეს შემოდგომა/ზამთრის 1991 წლის ჩვენება მახსენდება, როდესაც ჯორჯ მაიკლის “Freedom” ვიმღერეთ პოდიუმზე გამოსვლისას, მაგრამ ვერსაჩეს შოუ არ მოხდებოდა ჩვენ რომ ჯორჯ მაიკლის მუსიკალურ ვიდეოში არ მიგვეღო მონაწილეობა და ჯორჯ მაიკლი თავისი ვიდეოსთვის მსახიობებს აირჩევდა ვოგის ეს გარეკანი რომ არ ენახა. ამიტომ ყველაფერი ისევ გარეკანთან გვაბრუნებს.
იმ მომენტში არ მეგონა, რომ ლეგენდარულად იქცეოდა. ვოგის რედაქტორმა, ლიზ თილბერისმა სთხოვა პიტერ ლინდბერგს, რომ 90-იანების ახალი ქალი გადაეღო. პიტერის პასუხი იყო, რომ ამას მხოლოდ ერთი ქალით ვერ შეძლებდა. სილამაზის იდეა გაფართოვდა. მას ვერ შეაფასებდი ვერც ქერა, ცისფერთვალება გოგოთი და ვერც სექსუალური შავგრემნით, ეს სიტყვები პიტერმა ლიზს უთხრა. სიახლე ჰაერში ტრიალებდა და პიტერი და ლიზი ამას ჩაეჭიდნენ. ჩვენ განსაკუთრებული თმის ვარცხნილობითა და მაკიაჟით არ გადავუღივართ, პირიქით, მომზადებულები არც ვიყავით. 80-იანების შემდეგ, როდესაც ყველაფერი დიდი მოცულობის ვარცხნილობებსა და მაღალ მკერდზე იყო, ეს გამომაცოცხლებელი და ახლებური იყო.
მახსოვს ამ დღეს ნიუ-იორკში როგორ ცხელოდა. ჩვენ მითფექინგის უბნის ქუჩებში ვიყავით. ყველა ჩვენგანი ვმეგობრობდით, ზოგი უფრო ახლოს იყო ერთმანეთთან, ვიდრე სხვები, მაგრამ ეს მობილურ ტელეფონებამდე იყო, მაშინ, როდესაც ერთად ვიყავით მართლა ვსაუბრობდით, მესიჯები ყურადღებას არ გვიფანტავდა. 5 ქალის სწორად განლაგება მარტივი არ იყო, მაგრამ პიტერთან მუშაობა საოცნებოა, მან იცოდა, როგორ გავეკონტროლებინეთ.” – სინდი კროუფორდი.

ფოტოგრაფი: პიტერ ლინდბერგი
2.ვირჯინია ვიარდი – შანელის ახალი კრეატიული დირექტორი
შანელის მოდის სახლმა კარლ ლაგერფელდის შემცვლელად ვირჯინია ვიარდი დაასახელა. რადიკალურ ცვლილება ნაკლებად მისაღები იქნებოდა, ამიტომ ვიარდი მოსალოდნელი და გონივრული არჩევანი იყო. ვირჯინია ლაგერფელდთან 1987 წლიდან მუშაობდა. ის ცნობილია, როგორც კარლის მარჯვენა ხელი. როდესაც ბუმბერაზი დიზაინერი გვტოვებს, მას უბრალოდ ახალი ნიჭიერი, ან ყველასთვის საყვარელი სხვა ცნობილი დიზაინერით ვერ ჩაანაცვლებენ. ასეთ დროს საუკეთესო ვარიანტი მართვის სადავეების ისეთი პიროვნებისთვის გადაცემაა, ვინც ყველაზე კარგად იცნობდა შემოქმედს. 2019 წელს ვირჯინიამ შანელში თავისი პირველი დამოუკიდებელი კოლექციები წარადგინა.
„შანელის კოდები სრულიად ვშთანთქე. ვნახე რამდენნაირად გამოიყენა ისინი კარლმა. აქ გავიზარდე. მე კარლის და გაბრიელ კოკო შანელის შვილი ვარ,“ – ვირჯინია ვიარდი.

3.დანიელ ლის წარმატებული დებიუტი ბოთეგა ვენეტაში
2016 – 2018 წლებში ბოტეგა ვენეტა ქერინგის ბრენდებში გაყიდვების ყველაზე დიდ კლებას აჩვენებდა. ბრენდის არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად ცვლილება გარდაუვალი იყო. გერმანელი დიზაინერი, ტომას მეიერი ბრიტანელი დანიელ ლით შეცვალეს. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში დანიელი საზოგადოებისთვის უცნობი ახალგაზრდა დიზაინერი იყო, დღეს ის მოდის ახალი ვარსკვლავია. 32 წლის ბრიტანელი დიზაინერი 5 წელი სელინის სტუდიის დირექტორად მუშაობდა. მისი შემოქმედებით ხელმძღვანელად არჩევა მაშინ, როდესაც ინდუსტრია ფიბი ფაილოს და სელინის განშორებას მტკივნეულად იღებდა, ფრთხილი, თუმცა გონივრული ნაბიჯი იყო, რომელმაც გაამართლა.

© Jamie Hawkesworth
2019 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის ყველაზე დამაინტრიგებელი დებიუტი თებერვალში შედგა. დანიელმა პირველივე შოუში ძლიერი განაცხადი გააკეთა. მისი აქსესუარები და ფეხსაცმელები მყიდველების ფავორიტი პროდუქტები გახდა. ბრენდის გარშემო ხმაური ბუნებრივად დაიწყო. ბოთეგა ვენეტა შესამჩნევი ჯერ ინსტაგრამზე გახდა, შემდეგ ქუჩის სტილის ფოტოებში, ბოლოს ჟურნალების გვერდებზე და ვარსკვლავების ფოტოებშიც გამოჩნდა. შედეგმად არ დააყოვნა და დანიელ ლი 2019 წლის საერთაშორისო დიზაინერი, ხოლო ბოთეგა ვენეტა 2019 წლის ბრენდი გახდა.
- მოდის 2019 წლის დაჯილდოებაზე დანიელმა 4 მთავარ კატეგორიაში გაიმარჯვა და გახდა პირველი დიზაინერი, რომელმაც 1 საღამოზე 4 ჯილდო მიიღო.
ჯერ საკმაოდ ადრეა ლის სამომავლო კარიერაზე და ხანგრძლივ პერსპექტივებზე დაწერა, თუმცა უდავოა, რომ 2019 ყოველთვის გაგვახსენდება, როგორც წელი, როდესაც ბოთეგა ვენეტა კვლავ მნიშვნელოვანი გახდა.

4.ვიქტორია სეკრეტის 5 წლიანი ქაოსის ლოგიკური დასასრული
2019 წლის 5 აგვისტოს The Wall Street Journal – მა გაავრცელა სიახლე, რომ ვიქტორია სეკრეტის მფლობელი კომპანიის, L Brands – ის მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი და შემოქმედებითი დირექტორი, ედ რაზეკი დაკავებული თანამდებობებიდან გადადგა. რაზეკის ბრენდიდან წასვლა ვიქტორია სეკრეტის 5 წლიანი ქაოსის ლოგიკური დასასრული იყო.
- რაზეკის თანამდებობიდან გადადგომას წინ გაყიდვების და შოუს რეიტინგის კლება, მაღაზიების დახურვა და რამდენიმე გახმაურებული სკანდალი უძღოდა.
2019 წელს ბრენდის ისტორიაში ყველაზე რადიკალური ცვლილებების მომსწრე გავხდით. წლის დასაწყისში ბრენდმა 4 ახალი ანგელოზი დაასახელა, მათ შორისაა ვიქტორია სეკრეტის ისტორიაში პირველი წითური ანგელოზი, ალექსინა გრეემი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ვიქტორია სეკრეტის კატალოგში პირველად გადაიღეს + ზომის და ტრანსგენდერი მოდელები.

ალესანდრა ამბროსიო, ადრიანა ლიმა, სელიტა ებანქსი და კაროლინა კურკოვა.
გაზაფხულზე დადასტურდა ინფორმაცია, რომ ვიქტორია სეკრეტი შოუს ტელევიზიით გადაცემას აღარ გეგმას. 20 წლის წინ, VS გახდა პირველი ბრენდი, რომლის ჩვენებაც ტელევიზიით გადაიცა. რეიტინგის კლებამ ბრენდის მარკეტინგის გუნდი გამოწვევების წინაშე დააყენა და აიძულა, რომ განსხვავებულად ეფიქრათ. თუმცა არც მოდელების სტანდარტებში ცვლილებები, ედის გადადგომა და ტელევიზიით შოუს გადაცემის გაუქმება აღმოჩნდა საკმარისი.
გრანდიოზული შოუს გაუქმებაზე სპეკულაციები გაზაფხულიდან ჟღერდებოდა, რაც აგვისტოში შანინა შაიკის განცხადებამაც გაამყარა. მოდელმა გაუაზრებლად და სპონტანტურად, საკუთარ დღიურ რუტინაზე საუბრისას, აღნიშნა, რომ წელს ვიქტორია სეკრეტის კასტინგისთვის არ ვარჯიშობს, რადგან შოუ არ ჩატარდება. შანინას განცხადების მიუხედავად, ბრენდის წარმომადგენლები 21 ნოემბრამდე სიჩუმეს ამჯობინებდნენ.
ნოემბერში L Brands -ის (კომპანია, რომელიც ვიქტორია სეკრეტს ფლობს) ფინანსურმა დირექტორმა დაადასტურა, რომ 2019 წელს ვიქტორია სეკრეტის შოუ არ გაიმართება. სტუარტ ბარგდოერფერის თქმით, ახლა ვიქტორია სეკრეტში ფიქრობენ როგორ განავითარონ მესიჯი, რომელმაც წარსულში ბრენდს უდიდესი წარმატება მოუტანა, თუმცა გასულ ათწლეულში მთავარ პრობლემადაც იქცა.
5.ტომ ფორდი – CFDA – ს ახალი თავმჯდომარე
გაზაფხულზე ტომ ფორდი ამერიკის მოდის დიზაინერების საბჭოს (CFDA) თავმჯდომარედ აირჩიეს.საბჭოს შემადგენლობა 500-ზე მეტი მამაკაცის და ქალის სამოსის, სამკაულების და აქსესუარების დიზაინერს მოიცავს. სიეფდიეი მოდაში ყველაზე მნიშვნელოვან დაჯილდოებაზეც არის პასუხიმსგებელი. გარდა ამისა, უზრუნველყოფს ახალბედა ტალანტების კარიერის განვითარებას და ანხორციელებს საქველმოქმედო პროექტებს. 13 წლის განმავლობაში CFDA-ს თავმჯდომარე დაიან ვონ ფურშტენბერგი იყო, რომლის შეცვლითაც ფორდი მეთერთმეტე ადამიანი გახდა, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა. მაგრამ მისთვის ეს ბრენდების მართვის პირველი გამოცდილება არ არის. ტომი დიზაინერობის პარალელურად წლების განმავლობაში გუჩი გრუპს, დღევანდელ ქერინგს, ხელმძღვანელობდა, რომლის მფლობელობაშიც არაერთი ბრენდი შედიოდა, მათ შორის: გუჩი, ბალენსიაგა, ივ სან ლორანი, ალექსანდრ მაკქუინი. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ მაშინ ტომი ევროპაში მოღვაწეობდა, ახლა კი მსგავს როლს ამერიკაში მოირგებს.
ფორდის თავმჯდომარედ დანიშვნა ამერიკულ მოდაში კრიზისის გადასაჭრელად გადადგმული ლოგიკური ნაბიჯი იყო. დღეს ამერიკელ დიზაინერებს საერთაშორისოდ აღიარებული, გავლენიანი და პატივსაცემი ლიდერი წარადგენთ, რომელსაც აქვს ენერგია, ცოდნა და გავლენა, რომ ნიუ-იორკი კვლავ პრესტიჟული გახადოს. მარტივი მისია არ არის, ტომ ფორდისთვისაც კი, რადგან ნიუ-იორკის მოდის კვირეული წლებია რთულ მდგომარეობაშია. ისეთი ამერიკელი დიზაინერები, როგორებიც არიან: ვირჯილ აბლო, ტომ ბრაუნი, ალექსანდრ ვენგი და ტომი ჰილფიგერი კოლექციებს ნიუ-იორკში აღარ წარადგენენ. მოდის კვირეულს უჭირს საერთაშორისო სტუმრების მოზიდვა. რასაც ბიუჯეტის პრობლემაც ემატება. ფორდმა ცვლილებები განრიგის შემოკლებით დაიწყო. 2019 წლის სექტემბერში ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი დიზაინერების რაოდენობა თითქმის განახევრებული იყო. 1 კვირის ნაცვლად კვირეული 5 დღემდე შემოკლდა.

6.ჯენიფერ ლოპეზის ვერსაჩეს მწვანე კაბა
ყოველწლიურად ამერიკის მოდის საბჭო ერთ საერთაშორისო ვარსკვლავს ირჩევს, ვისაც მოდის ინდუსტრიის განვითარებაში და პოპულარიზაციაში განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი. 2019 წელს ეს პატივი ჯენიფერ ლოპეზს ხვდა წილად, თუმცა გასულ 12 თვეში, ჯეი ლოსთვის CFDA-ის Fashion Icon -ის ჯილდო ერთადერთი მნიშვნელოვანი მოდური მომენტი არ ყოფილა.
ჯენიფერის სახელი მოდის ისტორიის ფურცლებზე 2000 წელს სამუდამოდ ჩაეწერა, როდესაც ვარსკვლავმა ვერსაჩეს გახმაურებული მწვანე ლუქი მოირგო. კაბა, რომელსაც V ფორმის ღრმა დეკოლოტე და ტროპიკული მცენარეების პრინტები ამშვენებდა, ვერსაჩეს 1999 წლის ჩვენებაზე სუპერმოდელმა ამბერ ვალეტამ წარადგინა. როგორც ცნობილია, 2000 წელს, გუგლის საძიებო სისტემაში ძალიან ბევრი ადამიანი წერდა: „ჯენიფერ ლოპესის მწვანე კაბა,” „ჯეი ლოს აცვია მწვანე კაბა.“ სწორედ ლოპეზის ამ ლუქის შემდეგ, გუგლის კომპანიის პრეზიდენტს საძიებო სისტემაში ფოტოთი ძებნის იდეა დაებადა, რაც მოგვიანებით განახორციელა.
ეს ფეშენისტების ერთ-ერთი საყვარელი ისტორია და მომენტია, რომელიც 2019 წელს, დონატელა ვერსაჩემ გააცოცხლა.

2017 წლიდან დონატელა თავისი ძმის, ჯანი ვერსაჩეს საკულტო პრინტებს, სილუეტებს და მოდელებს აცოცხლებდა. ნოსტალგიური განწყობა 2019 წელსაც გაგრძელდა. სექტემბერში დონატელამ საკუთარი მემკვიდრეობის გახსენება გადაწყვიტა. ვერსაჩეში დონატელას დამოუკიდებელი მმართველობის ერიდან პირველი დიდი მომენტი 1999 წლის ჯუნგლებით შთაგონებული კოლექციაა. სწორედ ამ შოუს მიეძღვნა 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება, რომელიც მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში 2019 წლის სექტემბერში გაიმართა.
შოუს კულმინაცია პოდიუმზე ჯენიფერ ლოპესის გამოჩენა იყო. ვარსკვლავის გამოჩენას დამსწრე საზოგადოება და ინტერნეტი დიდი ოვაციებით შეხვდა. 50 წლის ლოპეზი პოდიუმზე იმ საკულტო კაბის განახლებული ვერსიით გამოჩნდა, რომელიც გრემის 2000 წლის დაჯილდოებაზე ეცვა. ეს იყო მომენტი, რომელმაც ყველა წამყვანი ჟურნალი, ბლოგი, გვერდი მოიარა და 9 მილიონზე მეტი ღირებულების მედია გამოხმაურება მოიპოვა.
CFDA – ის და ვერსაჩეს შოუს შემდეგ, ჯენიფერი Coach -ის ახალ საერთაშორისო სახედაც დასახელდა. 2019 იყო წელი, როდესაც ჯენიფერ ლოპეზმა მოდა კიდევ ერთხელ დაიპყრო.

7.რიანას ტრიუმფი
2019 წელს ფორბსმა რიანა მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ქალ მომღერლად დაასახელა. ბარბადოსელის ქონება 600 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც მეტწილად მაღალი მოდის ინდუსტრიას უკავშირდება. რიანას და მოდის ურთიერთობა10 წელს ითვლის, თუმცა გასულ 12 თვეში ამ უკანასკნელმა იმდენად მნიშვნელოვანი და სერიოზული სახე მიიღო, რომ დღეს ხალხი რიანას სახელის ხსენებაზე ახალ ტუჩსაცხს, ან სათვალეს უფრო წარმოიდგენს, ვიდრე კონცერტს, ან ალბომს, რომელსაც მისი გულშემატკივრები უკვე წლებია მოუთმენლად ელიან.
2017 წელს მოდის ფრანგულმა კონგლომერატმა, LVMH – მა რიანას კოსმეტიკის ბრენდში 10 მილიონი დოლარი ჩადო, ასე შეიქმნა Fenty Beauty, რომლის ღირებულება ახლა 3 მილიარდი დოლარია. გაყიდვაში გამოსვლიდან პირველ რამდენიმე კვირაში Fenty Beauty – ს შემოსავალი 100 მილიონი იყო. LVMH – ში ნათლად დაინახეს, რომ რიანას სახელის ქვეშ პროდუქტი კარგად იყიდება, რასაც ლოგიკური გაგრძელება მოჰყვა. LVMH – მა 60 მილიონი დოლარის ინვესტიციით რიანას ტანსაცმლის ბრენდი – Fenty შექმნა.
- ბარბადოსელი გახდა პირველი ქალი, რომელმაც LVMH – ში ბრენდი შექმნა, პირველი ფერადკანიანი ქალი, ვინც LVMH – ში ბრენდს უხელმძღვანელებს და Fenty – პირველი ახალი ბრენდი გასულ 30 წელში, რომელიც LVMH – ის პატრონაჟით შეიქმნა.
LVMH მოდის უმსხვილესი კონგლომერატია, რომელიც მაღალი მოდის პრესტიჟული ბრენდების დიდ ნაწილს აერთიანებს, მაგალითად: ლუი ვიტონი, დიორი, ჟივანში.

2019 წელს პარიზში
მიუხედავად ტანსაცმლის და სილამაზის პროდუქტების გარშემო ამტყდარი აურზაურისა, ვერც Fenty Beauty და ვერც Fenty გაუტოლდება გამოხმაურებას, რომელიც წელს თეთრეულის ხაზს ჰქონდა, რაც ვიქტორია სეკრეტის ჩავარდნითაც შეგვიძლია ავხსნათ.
მაშინ, როდესაც ვიქტორია სეკრეტის ისტორიაში უმძიმესი ერა დადგა, რიანამ საკუთარი თეთრეულის შოუ დაანონსა, რომელიც ამაზონ პრაივმა ტელევიზიით გადასცა. მსოფლიოსთვის და ვიქტორია სეკრეტზე გაბრაზებული მოდური პრესისთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ რიანას თეთრეულის ბრენდის შოუ, Savage x Fenty წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოდურ მომენტად ექციათ.
ვიქტორია სეკრეტი ჯერ კვლავ ინარჩუნებს ამერიკაში ქალის თეთრეულის ლიდერი კომპანიის სტატუსს და ბრენდის გაყიდვები მილიარდებით აღემატება Savage x Fenty-ს წლიურ ბრუნვას, თუმცა 2019 წელს რიანამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მას აქვს პრეტენზია და შეუძლია იყოს უფრო მეტი, ვიდრე კიდევ ერთი მომღერალი, რომელიც ტანსაცმლის და კოსმეტიკურ ხაზებს ქმნის.

2019 წლის სექტემბერი
8)მეგან მარკლი – ვოგის 100 წლიან ისტორიაში პირველი მიწვეული რედაქტორი
ბრიტანეთის სამეფო ქორწილის შემდეგ, მოდის ინდუსტრია მოუთმენლად ელოდა მეგან მარკლის ვოგის ყდაზე გამოჩენას. ფსონებიც იდებოდა, რომელი გავლენიანი გამოცემა დაასწრებდა და სასექსის ჰერცოგინიას ვოგის ფურცლებისთვის პირველად გადაიღებდა. მიუხედავად იმისა, რომ ჭორებიც და მოლოდინიც არსებობდა, მეგანმა მაინც მოახერხა „ტრადიციის დარღვევა“ და განსხვავებული შედეგის შემოთავაზება.
- ის გახდა ვოგის 100 წლიან ისტორიაში პირველი ადამიანი, რომელმაც სექტემბრის ნომერში მიწვეულ რედაქტორად იმუშავა.

მარჯვნივ: მეგან მარკლი მუშაობს ნომრის გადასაღებ მოედანზე
მეგანმა 15 ქალი შეარჩია და ფოტოგრაფ პიტერ ლინდბერგთან თანამშრომლობით შავ-თეთრი ფოტოების სერია გადაიღო, რომელიც ყდაზე კოლაჟის სახით გამოიტანა. სასექსის ჰერცოგინიამ საკუთარ გარეკანზე უარი თქვა. სამეფო ოჯახის ახალი წევრის თქმით, არ სურდა თავისი სახით ყდაზე სხვა ქალები დაეჩრდილა და ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თვითონ რედაქტორის ამპლუაში წარმოეჩინა თავი, ხოლო ყდა არანაკლებ მნიშვნელოვანი და გასაოცარი ისტორიის მქონე ქალებისთვის დაეთმო.
ბრიტანული ვოგის 2019 წლის სექტემბრის ნომერს, მეგანის რედაქტორობით, განსაკუთრებულს ინტერვიუების სერიაც ხდიდა. ორსულობის დროს მეგან მარკლი ამერიკის ყოფილ პირველ ლედის, მიშელ ობამას შეხვდა და სპეციალურად ბრიტანული ვოგის სექტემბრის ნომრისთვის ინტერვიუ ჩაწერა. მიუხედავად იმისა, რომ მთელ ამ ისტორიაში სამეფო ოჯახიდან ვარსკვლავი მეგანია, ვოგის მიღმა არც პრინცი ჰარი დარჩენილა. სექტემბრის ნომერში დაბეჭდილია პრინცი ჰარის ექსკლუზიური ინტერვიუ ლეგენდარულ ჯეინ გუდალთან.
სიმბოლური იყო ფაქტიც, რომ ეს ნომერი პიტერ ლინდბერგის გადაღებული ბოლო ვოგია. როგორც სტატიის დასაწყისშია აღნიშნული, ლეგენდარული ფოტოგრაფი 3 სექტემბერს გარდაიცვალა. ბრიტანული ვოგის 2019 წლის სექტემბრის ნომერი კი გარდაცვალებამდე 2 თვით ადრე გადაიღო.
ეს უდავოდ იყო 2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი, მოთხოვნადი და გავლენიანი ვოგის ნომერი. როგორც პრესა და მყიდველები იუწყებოდნენ, ნომერი გაყიდვაში გამოსვლიდან რამდენიმე საათში თითქმის ყველგან სრულად გაიყიდა.

9.ვეტმანში დემნა გვასალიას ერის დასასრული
2019 წლის სექტემბერში მოდის ინდუსტრია გააოცა სიახლემ, რომელიც WWD – მ ექსკლუზიურად გაავრცელა. დემნა გვასალიამ დატოვა ვეტმანი, ბრენდი, რომელიც 2014 წელს ძმასთან ერთად შექმნა. უკვე შეჩვეულები უნდა ვიყოთ, რომ გვასალიამ ეფექტური გამოჩენა იცის და როცა გვგონია, რომ პროგნოზირებადი გახდა, მაშინ დგამს ნაბიჯს, რომელსაც არავინ ელის, მაგრამ ამის გათვალისწინებითაც კი, „დემნა გვასალია ტოვებს ვეტმანს“ არ იყო სიახლე, რომელსაც დასაშვებად აღვიქვამდით.

გასული 2 წლის მოვლენები ლოგიკური ფინალისკენ მიდიოდა, დემნა უნდა იყოს ვეტმანში, ან ბალენსიაგაში, მაგრამ ძალიან მოულოდნელია მისი ვეტმანიდან ამ ფორმით წასვლა. ბრენდის შექმნის დღიდან ძმები – განვითარებაში მეტნაკლებად თანაბარ როლს ასრულებდნენ. გურამი არ იყო მხოლოდ ბიზნეს ლიდერი, რომელიც თავის კაბინეტში კალკულატორით იჯდა, არც დემნა ყოფილა მხოლოდ ტანსაცმლის მკერავი, მაგრამ ყოველთვის შეიმჩნეოდა დამოკიდებულება, რომ ვეტმანი დემნას ცხოვრების პროექტი იყო და გურამი ოცნებების ახდენაში ეხმარებოდა. ასეთ შეხედულებას ამყარებდა გურამის ინტერვიუები. გავიხსენოთ ბრიტანული ვოგის 2016 წლის ფესტივალი, სადაც გურამმა მოდის საერთაშორისო კრიტიკოსს უთხრა:
„მოდაში სამუდამოდ არ ვარ. ჩემს სამომავლო გეგმებზე ჯერ უფრო კონკრეტულად საუბარი ადრეა, მაგრამ შემიძლია ზოგადად გითხრათ, რომ სხვა რაღაცით ვარ დაინტერესებული. 10 წელში თავს სასტუმროების ბიზნესში ვხედავ, ახლა დემნას ვეხმარები.“
3 წელი გავიდა, თუმცა გურამი დარჩა ვეტმანში, დემნა წავიდა. რამდენიმე გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ძმებს ბიზნესის განვითარების განსხვავებული ხედვა აქვთ. ბევრიც ამბობდა, რომ დემნა ვეღარ უძლებს 2 ბრენდში მუშაობის დატვირთვას და ძმებს შორის კონფლიქტს ადგილი არ აქვს. ეს მხოლოდ ვარაუდებია, თუმცა ცხადია, რომ დემნას წასვლის შემდეგ, ვეტმანის ინსტაგრამი, რომელსაც დემნამაც და ლოიკმაც (დემნას ქმარი) გამოწერა გაუუქმეს, განსხვავებულად იმართება. სთორებში ზიარდება პრესის სტატიები „Swipe Up” ლინკით, პოსტის სახით აიტვირთა რამდენიმე ცნობილი სახის ფოტო, ძალიან ბევრი და ზედმეტი ინფორმაცია იწერება აღწერაში. ეს ყველაფერი დემნას ხელწერისგან რადიკალურად განსხვავდება. ფაქტია, გურამ გვასალიას ბრენდის განვითარების ახლებური ხედვა აქვს, რომელიც თუ ვარსკვლავურ ომებთან კოლაბორაციით ვიმსჯელებთ, ჩავარდნისთვის განწირული არ უნდა იყოს, პირიქით.

10.LVMH-ის ახალი მსხვილი შენაძენები
რიანას ტანსაცმლის, სილამაზის და თეთრეულის ბრენდები ფრანგული კონგლომერატისთვის, მედიაში, შესაძლოა ყველაზე დიდი ჰიტი იყო, თუმცა წელს LVMH – მა სხვა მნიშვნელოვანი ბიზნეს ნაბიჯებიც გადადგა.
გაზაფხულზე LVMH – მა სტელა მაკარტნის ბრენდში წილი შეიძინა. ეს სიახლე განსაკუთრებით დამაინტრიგებელი და საინტერესო იყო იმის ფონზე, რომ სტელას დამოუკიდებელი ბრენდის სტატუსი ახალი დაბრუნებული ჰქონდა. 2001-2018 წლებში ბრიტანელი დიზაინერის ბრენდის 50% – ს ქერინგი ფლობდა, LVMH – ის კონკურენტი კომპანია. LVMH- ის და Kering – ის კონკურენციას მრავალწლიანი ისტორია აქვს და დიზაინერების, ბრენდების ერთი კომპანიიდან მეორეში გადაბირება კარგად დაცდილი პრაქტიკაა, თუმცა სტელას შემთხვევა სხვებისგან გამორჩეული იყო. როდესაც სტელამ ქერინგისგან საკუთარი ბრენდის 50% შეიძინა, ყველა ფიქრობდა, რომ მაკარტნი, რამდენიმე წელი მაინც, აღარ შეუერთდებოდა სხვა ბიზნეს ჯგუფს.
LVMH – მა და ბრიტანელმა დიზაინერმა კონკრეტული ციფრების დასახელებისგან თავი შეიკავეს, თუმცა ცნობილია, რომ ბრენდში 50%+ წილი კვლავ სტელას მფლობელობაშია. LVMH – ის პრეზიდენტის, ბერნარ არნოს თქმით, სტელასთან ხანგრძლივ თანამშრომლობას გეგმავს და წინ ბევრი პროექტი აქვს, რაც მოდის მდგრად განვითარებასთან არის დაკავშირებული. ეკო-მოდა ბრიტანელი დიზაინერისთვის და LVMH -ისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი საკითხია.

ფოტოგრაფი: ენი ლეიბოვიცი
წლის მიწურულს LVMH- მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შენაძენი გააკეთა. Tiffany & Co. -სთან რამდენიმე თვიანი მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და ფრანგულმა კონგლომერატმა, ბერნარ არნოს ხელმძღვანელობით, სამკაულების გიგანტი კომპანია 16.2 მილიარდ დოლარად შეიძინა.

LVMH- ის მოწინავე ბრენდების უმრავლესობა ტყავის და ტანსაცმლის ხაზით არის პოპულარული. Tiffany & Co. -ს ფრანგულ კონგლომერატში გაერთიანება არნოს შესაძლებლობას აძლევს თავისი გავლენა და ხედვა სამკაულების სეგმენტსაც მნიშვნელოვნად დაატყოს. ამ გადაწყვეტილებით ფრანგი მილიარდერის კიდევ ერთი ინტერესი გამოიკვეთა, რაც ამერიკული ბაზრის უფრო ღრმად ათვისებას გულისხმობს. LVMH- მა ლუი ვიტონის უახლესი ქარხანა ამერიკაში გახსნა. ლუი ვიტონის ჩანთების ნაწილს სამომავლოდ დაეწერება: MADE IN USA. ტიფანიც ამერიკაში შექმნილი კომპანიაა, რომლის ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის.
ამ ყველაფრის ფონზე, 2019 წელსაც ხშირად გვესმოდა, შეიძლება, თუ არა, რომ მალე მთელი მოდის ინდუსტრია არნოების გახდეს?