სილამაზის ინდუსტრია ყოველდღიურად იზრდება. ბიზნესს ემატება ახალი ბრენდები, ხაზები, პროდუქტები, რაც ხელს უწყობს კონკურენტუნარიანი ბაზრის შექმნას. მაშინ, როდესაც ჩვენი საყვარელი ბრენდების ჩამონათვალი და პროდუქციის ფასები ზრდას განაგრძობს, საზოგადოებაში ჩნდება კითხვები, სად და როგორ შეიძლება შევიძინოთ ჩვენთვის სასურველი თავის მოვლის საშუალებები ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად. სწორედ ამ თემის შესახებ, Cosmetify-მ საინტერესო განცხადება შემოგვთავაზა. Cosmetify არის პლატფორმა, რომელიც სილამაზის ინდუსტრიაში ყველა მნიშვნელოვან ბრენდს იკვლევს, ადარებს ფასებს და საერთო სურათს წარმოგვიჩენს კოსმეტიკის ბიზნესის შესახებ.
უახლეს კვლევაში საუბარია იმ ქვეყნებზე, სადაც ყველაზე იაფად იყიდება პოპულარული კოსმეტიკური ბრენდები. ჯამში, 50 ქვეყნის ფასები შეისწავლეს. როგორც აღმოჩნდა, ცნობილი “Beauty“ ბრენდების შეძენა ყველაზე იაფად შესაძლებელია: კანადაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, თურქეთში, მექსიკაში და მალაიზიაში. ყველაზე ძვირი კი: ჩინეთში, ტაივანში, ტაილანდში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში და დანიაში.

უფრო კონკრეტულად, შანელის პოპულარული სუნამო, Chanel No. 5 ყველაზე იაფი ღირს კანადაში – 100 ფუნტი, ყველაზე ძვირი ჩინეთში – 174. Mac Cosmetics -ის ტუჩსაცხი ყველაზე დაბალ ფასად ხელმისაწვდომია თურქეთში – 11.18 ფუნტი, ყველაზე ძვირია ტაილანდში, გაორმაგებული თანხა – 22.12 ფუნტი. რაც შეეხება Estée Lauder-ის ყველაზე მოთხოვნად ტონალურს, საუკეთესო ადგილი ამ პროდუქტის შესაძენად კანადაა, ყველაზე ძვირად კი, ტაივანში შეგხვდებათ. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პროდუქტების და ბრენდების, რომელთა ფასების შედარება სხვადასხვა ქვეყნებში მოხდა.