Interbrand  – მა 2019 წლის ყველაზე ფასეული ბრენდები დაასახელა. პირველი სამეული ეფლმა, გუგლმა და ამაზონმა გადაინაწილეს. ათეულში მოხვდნენ სხვა გიგანტებიც: მაკდონალდსი, სამსუნგი, მერსედეს-ბენცი.

ციფრული სივრცე ძალიან მნიშვნელოვანი ხდება, თუმცა ფუფუნების პროდუქტების მარკეტი ზრდის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს აღწევს. წელს საუკეთესო შედეგი გუჩის აქვს. გასულ წელთან შედარებით, იტალიური მოდის სახლის ღირებულება 23% – ით გაიზარდა და ასეულში 33 დაიკავა. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მოდური ბრენდის სტატუსს კვლავ ლუი ვიტონი ინარჩუნებს. LVMH-ის მფლობელობაში არსებული ფრანგული ბრენდი, საერთო რეიტინგში, 17 ადგილზე იმყოფება. ლუი ვიტონს 5 ადგილით ჩამორჩება შანელი.

Gucci Street Style


Tod’s -ის ახალი შემოქმედებითი ხელმძღვანელი მილანელი დიზაინერი, ვოლტერ ჩიაპონი იქნება. ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ დადასტურდა. მოდაში ვოლტერის კარიერა 90-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც მილანის დიზაინის სასწავლებელი დაამთავრა. ჩიაპონი პარიზში ჟივანშის მოდის სახლში მუშაობდა, თუმცა 2007 წლიდან სამშობლოში დაბრუნდა და იტალიურ ბრენდებს შეუერთდა. მის პორტფოლიოს იტალიური მოდის წამყვანი სახლები ამშვენებენ, მათ შორის: გუჩი და ვალენტინო.

Walter Chiapponi

ვოლტერის დებიუტი 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე შედგება, მისი შექმნილი კოლექციები მაღაზიებში მომავალი წლის შემოდგომაზე გამოჩნდება.


მარკ ჰოვარდი, მხოლოდ 2 წლის შემდეგ, Helmut Lang – ს ტოვებს და Lacoste -ში გადადის. მარკი Lacoste -ს შემოქმედებით დირექტორს,ლუიზ თროთერს 21 ოქტომბრიდან შეუერთდება. ჰოვარდი ჰელმუტ ლენგშიც დუეტში მუშაობდა, მისი პარტნიორი ტომას ქაუსონი იყო, რომელიც ჯერჯერობით ბრენდში რჩება, თუმცა ეს სიახლე კიდევ ერთხელ აყენებს ჰელმუტ ლენგის ბრენდის მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ. ბრენდის წარმომადგენელს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ. პრესასთან ინტერვიუში ჰოვარდმა დაადასტურა, რომ Helmut Lang მართლაც დატოვა და ბედნიერია პარიზში გადასვლით, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

Mark Howard


ბრექსითის მოახლოებასთან ერთად, მაღალი მოდის ბრენდები ბრიტანეთის მარკეტს დიდი ყურადღებით აკვირდებიან. ქერინგის ახალი რელიზით ცნობილი ხდება, რომ კონგლომერატის ბრენდებს ჯერ სანერვიულო არაფერი აქვთ, განსაკუთრებით ბალენსიაგას და ალექსანდრ მაკქუინს. გასულ წელს, ბრიტანეთში, ბალენსიაგას წლიური ბრუნვა 75% გაიზარდა და £75.6  მილიონი შეადგინა.

Balenciaga Triple S Sneaker