KERING – ის ყველაზე შემოსავლიანი მოდის სახლი GUCCI კორონავირუსთან ბრძოლაში ერთვება. იტალიურმა ბრენდმა განაცხადა, რომ ერთჯერადი დახმარების სახით 2 მილიონ ევროს გაიღებს, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის გლობალურ და ადგილობრივ კამპანიებში გადაირიცხება. ამას გარდა, გუჩიმ შექმნა ფონდი, რომელშიც ყველას შეეძლება თანხის გადარიცხვა და ვითარების უკეთესობისკენ შესაცვლელად საკუთარი წვლილის შეტანა.
GUCCI -ს გენერალურმა დირექტორმა, მარკო ბიზარიმ, რომელიც ბრენდის შემოქმედებითი ხელმძღვანელის მსგავსად, ეროვნებით იტალიელია, პირადი ქონებიდან 100,000 ევრო გაიღო.
KERING – ში სამედიცინო ნიღბების წარმოებაც უკვე დაწყებულია. უახლოეს მომავალში იტალია და საფრანგეთი მილიონობით პირბადეს უფასოდ მიიღებს.
1 მილიონი ევროთი დაეხმარება კიდევ ერთი იტალიელი დიზაინერი, ვალენტინო გარავანი თავის სამშობლოს. როგორც ლეგენდარულმა დიზაინერმა აღნიშნა, თანხას ახალი საავადმყოფო ‘Columbus Covid 2 Hospital’ მიიღებს, რომელიც ორიენტირდება მხოლოდ კორონავირუსის მკურნალობაზე. ვალენტინოს თქმით, ‘Columbus Covid 2 Hospital’ იტალიაში მეორე ყველაზე დიდი საავადმყოფოა.
„მთელი მსოფლიოსთვის ასეთ დრამატულ დროს, გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ გადამწყვეტ ბრძოლაში უხილავ, თუმცა საშინელ მტერთან“ – ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.
კამპანიას უერთდება საინვესტიციო კომპანია, რომელიც ვალენტინოს და ბალმანის მოდის სახლებს მართავს. Mayhoola 2 მილიონ ევროს მილანის და იტალიის სხვა ქალაქების ჯანდაცვის დასახმარებლად გადარიცხავს.
იტალიასთან ერთად ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა ამერიკაშიც, სადაც ვირუსის გავრცელება უკონტროლო გახდა. გასული დღის განმავლობაში ამერიკაში კორონავირუსით ყველაზე ბევრი ადამიანი დაინფიცირდა.
ლეგენდარულმა ამერიკელმა დიზაინერმა, რალფ ლორენმა სოციალური ქსელების საშუალებით სამშობლოს და მსოფლიოს აუწყა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში 10 მილიონ დოლარს დახარჯავს. რალფის ჩართულობა მხოლოდ თანხის გამოყოფით არ შემოიფარგლება. დიზაინერი 250 000 სამედიცინო ნიღბისა და 25 ათასი სამედიცინო ხალათის წარმოებას იწყებს. გასულ კვირას ნიღბების შემნა დააანონსეს სან ლორანის და ბალენსიაგას მოდის სახლებმაც.