იტალიური ბრენდის მფლობელი კომპანიის, Kering -ის ფინანსური ანგარიშიდან ცნობილი ხდება, რომ 2022 წლის მეორე კვარტალში, გუჩის მატებამ მხოლოდ 4% შეადგინა. პირველ კვარტალში გუჩის ზრდის მაჩვენებელი 13% იყო. მიუხედავად იმისა, რომ გასულ 3 თვეში, ქერინგის შემოსავალმა შთამბეჭდავ 5.03 მილიარდ დოლარს მიაღწია, წამყვანი მოდის სახლის ზრდის ტემპის შენელება კონგლომერატში მღელვარებას იწვევს. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს იტალიური ბრენდის შემოქმედებითი დეპარტამენტის ახალი წყობაც.




ივლისში ბრენდმა ძირითადი და კომერციული (ე.წ. Merchandise) კოლექციების დაყოფა დააანონსა. ალესანდრო მიკელე რჩება გუჩის მთავარი კოლექციების, ჩვენებების, სარეკლამო კამპანიებისა და ზოგადი იმიჯის შემოქმედებით დირექტორად. კომერციული ტანისამოსის ატელიეს კი, მარია კრისტინა ლომანტო უხელმძღვანელებს. აღნიშვნას იმსახურებს ფაქტი, რომ მარია პასუხისმგებელი იქნება არა მიკელესთან, არამედ ბრენდის აღმასრულებელ დირექტორ – მარკო ბიზარისთან. რაზე შეიძლება მიგვანიშნებდეს ალესანდროს პასუხისმგებლობის სფეროდან კომერციული კოლექციების დისტანცირება? სიახლის გავრცელების შემდეგ, რა თქმა უნდა, გაჩნდა კითხვები.

გასულ ათწლეულში, ალესანდრო მიკელემ იტალიური მოდის სახლის ნორმები სრულიად შეცვალა, თითქმის 11 წლიანი სიჩუმის შემდეგ, გუჩი ისევ გახდა მოდაში მთავარი განხილვის საგანი. მიკელეს შესაძლებლობებმა, აღეძრა სურვილი მომხმარებელში და შეეცვალა მოდის სასაუბრო ენა, მისი შემოქმედებით დირექტორად დანიშვნის რისკი გაამართლა. ამგვარად, გუჩის და მიკელეს ისტორია მოდაში 2010-იანი წლების კომერციულად ყველაზე წარმატებული და გახმაურებული თანამშრომლობა გამოდგა.
5 წლიანი ტრიუმფის შემდეგ, Kering-ის მიზანია აქციოს გუჩი 15 მილიარდიან იმპერიად, რომელიც დამაჯერებელ და ღირსეულ კონკურენციას გაუწევს გიგანტებს, „ლუი ვიტონს“, „შანელს“ და „ერმესს“. თუმცა ამ ამბიციური გეგმის სისრულეში მოყვანა რთულია, როდესაც ბრენდის გაყიდვები მხოლოდ 4%-ით იზრდება. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ შემოქმედებითი დეპარტამენტის დაყოფის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ბრენდის ზრდის ტემპის შენელებაა. გაამართლებს თუ არა ექსპერიმენტი, ან სადამდე შეიძლება მივიდეს კრეატიული დირექტორის პასუხისმგებლობის სფეროდან ერთ-ერთი კოლექციის გამოყოფის პრეცედენტი, ამას მომავალი სეზონები გვაჩვენებს.