ჯერემი სკოტი მორიგი ამერიკელი დიზაინერია, რომელიც ჩვენებას ნიუ-იორკის ნაცვლად პარიზში გამართავს.
ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ჯერემის ჩვენება 7 თებერვალს იყო მონიშნული, ტომ ფორდის ჩვენების შემდეგ. გასული წლის მიწურულს ფორდმა გადაწყვიტა, რომ ლოს-ანჯელესს დაბრუნებოდა. ტომის გადაწყვეტილება ლოგიკურია, თუ მისი და კინო სამყაროს ახლო კავშირს და იმ ფაქტს გავიხსენებთ, რომ 7 თებერვალს ვარსკვლავები, ოსკარის დაჯილდოებისთვის, ლოს-ანჯელესში იქნებიან. მოდის ინსაიდერების ცნობით, გავლენიანი პრესის წარმომადგენლები, მყიდველები, ტოპ მოდელები და ინფლუენსერები ლოს-ანჯელესიდან ნიუ-იორკში ჩაფრენას ვერ მოასწრებენ და სწორედ ეს იწვევს ჯერემის უკმაყოფილებას.
ვოგთან ინტერვიუში ჯერემიმ თავისი გადაწყვეტილება პარიზის სიყვარულით და ბრენდის ისტორიით ახსნა. დიზაინერმა საკუთარი სახელობის ბრენდი 1997 წელს პარიზში შექმნა. სკოტის კარიერის დასაწყისი და აღმავლობა პარიზს უკავშირდება.
უოლ სთრით ჟურნალი იუწყება, რომ ვიქტორია სეკრეტის მფლობელი კომპანიის, L Brands – ის გენერალური დირექტორი, ლესლი ვექსნერი, რომელიც კომპანიის ყველაზე მსხვილი მეწილეც გახლავთ, დაკავებული თანამდებობის დატოვებას და თავისი წილის გაყიდვას გეგმავს.
ლესლი ვექსნერი L Brands – ის მთავარი მმართველია 1963 წლიდან, თუმცა ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა მილიარდერს ცვლილებები აიძულა. მიუხედავად იმისა, რომ თეთრეულის ცნობილი ბრენდის გაყიდვები L Brands – ის ბრუნვის თითქმის ნახევარს შეადგენს, ვიქტორია სეკრეტის შემოსავალი სეზონურად იკლებს, ახალი ხედვა და სტრატეგია კი კვლავ გაურკვეველია.
ვიქტორია სეკრეტის ლეგენდარული გენერალური დირექტორის, ედვარდ რაზეკის გადადგომის შესახებაც ექსკლუზიური სიახლე უოლ სთრით ჟურნალმა გაავრცელა.
ბალენსიაგას ოტ კუტიურ კალენდარში დაბრუნების შემდეგ, ბრენდი მორიგ სიახლეს აქვეყნებს. ბალენსიაგას გენერალური დირექტორი, სედრიქ შარბი ფრანგული მოდის განვითარების ასოციაციის ახალი მენტორი იქნება.
გასულ წელს ამ თანამდებობას მარჯიელას მფლობელი კომპანიის პრეზიდენტი, რენზო როსო იკავებდა. აღსანიშნავია, რომ სედრიქი ქერინგის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს წევრადაც დასახელდა. მის მიმართ მოთხოვნის ზრდა ბალენსიაგას ძალიან წარმატებულ 5 წელს უკავშირდება, რომელიც ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას შემოქმედებით ხელმძღვანელად დანიშვნას მოჰყვა.
ასოციაცია 1989 წელს საფრანგეთის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა და ყოველწლიურად ახალგაზრდა ნიჭიერ დიზაინერებს აფინანსებს. წელს პირველი ადგილის მფლობელი 250,000 ევროს მიიღებს, მეორე – პიერ ბერჟის სახელობის ჯილდოს გამარჯვებული 100,000 ევროთი დაჯილდოვდება.
გასულ წელს მოდის ყველაზე მდიდარი კონგლომერატის, LVMH-ის შემოსავალი 15%-ით გაიზარდა.
ფრანგი მილიარდერის და პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ბერნარ არნოს ხელმძღვანელობით LVMH-ის წლიურმა გაყიდვებმა 53.7 მილიარდ ევროს მიაღწია. 28 იანვარს გამართულ პრეზენტაციაზე, არნომ გასული წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ მთავარ შემოსავლის წყაროდ კვლავ ტანსაცმელი და ტყავი რჩება, ჯამში 18.4 მილიარდი ევრო. ტყავის პროდუქტების შემდეგ, მეორე ყველაზე შემოსავლიანი სეგმენტი სუნამოებია.
კონგლომერატის უმსხვილესი ბრენდი ლუი ვიტონია. ქალის და კაცის ხაზის დიზაინერები, ნიკოლა ჟესქიერი და ვირჯილ აბლო ბრწყინვალე შედეგს აჩვენებენ, თუმცა ლუი ვიტონში უფრო დიდი ამბიციები აქვთ და შენელებას არ აპირებენ. ცნობილი ხდება, რომ პირველ თებერვალს ლუი ვიტონი იაპონიაში ყველაზე დიდ მაღაზიას გახსნის, რომელიც დასასვენებელ სივრცეს და რესტორანსაც მოიცავს.
კომერციულად წარმატებულია მარია გრაცია ქიურის და კიმ ჯონსის დიორიც. პრეზენტაციაზე ინგლისელი დიზაინერის, ჯონათან ანდერსონის სახელიც გაჟღერდა. ლუევეს შემოქმედებითი ხელმძღვანელი მხოლოდ კრიტიკოსების მოწონებას არ იმსახურებს. ბრენდი მყიდველებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, რაც ლუევეს გაყიდვების ზრდით დასტურდება.
ჯონათანის წარმატება 2020 წელსაც გაგრძელდება. Hyères – ის მოდის საერთაშორისო ფესტივალმა ანდერსონი ახალბედა ნიჭიერი დიზაინერების კონკურსის ჟიურის წევრად დაასახელა.
ამერიკული ჰარპერს ბაზარის მთავარმა რედაქტორმა, გლენდა ბეილიმ თანამდებობა დატოვა და ჟურნალის გლობალურ კონსულტანტად გადაინაცვლა.
გლენდა მთავარი რედაქტორი თითქმის 20 წელი იყო. მისი გადაწყვეტილება ამერიკული მასმედიის გავლენიან კონგლომერატში, Hearst -ში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ლოგიკური შედეგადაც შეიძლება აღვიქვათ.
2 წლის წინ, ჰერსტის მეორე პოპულარული ჟურნალის, ელის მთავარი რედაქტორი, რობი მეიერსიც გადადგა.
ვოგის გამომცემლობამ Vogue Singapore დააანონსა.
ვოგის სინგაპურის ახალი ნომერი, ვებსაიტი, სოციალური მედიის პლატფორმები ხელმისაწვდომი შემოდგომაზე იქნება. სინგაპურში ვოგი პირველად გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოიცა, თუმცა სხვა აზიურ ქვეყნებთან კონკურენციას ვერ გაუძლო. როგორც ქონდე ნასტი იუწყება, 30 წლის შემდეგ, სინგაპურის ეკონომიკა ვოგის გამოსაცემად მზადაა.
ჯერ უცნობია ვინ იქნება Vogue Singapore-ის მთავარი რედაქტორი.