მილანიდან პარიზში ჩასულ სტუმრებს საზეიმო განწყობა არ ეტყობოდათ, თუმცა კორონავირუსის კრიზისის მიუხედავად, პარიზის მოდის კვირეულმა ტრადიციული ხმაურით ჩაიარა და ინტერნეტს არაერთი სასაუბრო თემა მისცა.

კანიეს დაბრუნება პარიზში

კანიე უესტი პარიზში Yeezy -ს მერვე შოუთი დაბრუნდა. პრეზენტაციაზე მეტწილად თეთრი და კრემისფერი ტანსაცმელი იყო წარმოდგენილი. საღამოს ვარსკვლავი კანიეს 6 წლის ქალიშვილი გახდა. ნორთ უესტის რეპ-დებიუტი პარიზში შედგა.

Yeezy #8

Photo by Arnold Jerocki/GC Images

დედა და შვილები პოდიუმზე

ჯიჯი და ბელა ჰადიდების გარეშე მოდის კვირეულების თვე წარმოუდგენელია, თუმცა ამ სეზონზე პოდიუმს კიდევ ერთი ჰადიდი შეემატა. Off-white-ს 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის შოუზე, რომელიც ბელამ გახსნა, ხოლო ჯიჯიმ დახურა, გოგონების დედა, იოლანდა ჰადიდიც გამოჩნდა.

იოლანდა ჰადიდი
Photo by Thierry Chesnot/Getty Images
ბელა, იოლანდა და ჯიჯი ჰადიდები
Getty Images
ვარსკვლავები მიუ მიუს ჩვენებაზე

მიუ მიუს პოდიუმი ვარსკვლავების ნაკლებობას არასდროს უჩივის. მიუჩია პრადა სასიამოვნო სიურპრიზებით ყოველთვის გვანებივრებს. ამ მხრივ, F/W 2020 ისეთი ამაღელვებელი არ ყოფილა, როგორიც წარსულში, როდესაც პოდიუმზე უმა თურმანი და გვენდოლინ კრისტი გამოვიდნენ, თუმცა ინტერნეტის ყურადღება მიიქცია ამერიკელმა მსახიობმა, სთორმ რიდმა, რომელმაც მიუ მიუს ახალი კოლექციის ჩვენება გახსნა. პოდიუმის გოგონებს შეუერთდა ალბანელი წარმოშობის ბრიტანელი მომღერალი, რიტა ორაც.

შანელის პირველი +ზომის მოდელი გასულ ათ წელში

პირველი ტრანსგენდერი მოდელის აყვანის შემდეგ, ფრანგულმა მოდის სახლმა პოდიუმზე + ზომის მოდელი გამოიყვანა. Jill Kortleve ჰოლანდიელი მოდელია, რომელმაც საერთაშორისო ყურადღება ალექსანდრ ვენგთან თანამშრომლობის შემდეგ მოიპოვა. ვენგის ექსკლუზივი ახლა ვოგის ყდას და შანელის პოდიუმს ამშვენებს. ჯილი, გასულ 10 წელში, პირველი + ზომის მოდელია, რომელმაც შანელის პოდიუმზე გაიარა.

Photo by Peter White/Getty Images
Jill Kortleve შანელის პოდიუმზე
ნაომი ქემბელი კენეთ იზეს სადებიუტო ჩვენებაზე

ამ სეზონზე პარიზის მოდის კვირეულის კალენდარში 3 აფრიკელი დიზაინერი პირველად მოხვდა. LVMH Prize – ს ფინალისტის, კენეთ იზეს შოუმ გამორჩეული ყურადღება დაიმსახურა, რაც ნაომი ქემბელის გამოჩენასაც უკავშირდება. ნაომი ახალგაზრდა აფრიკელ დიზაინერებს მხარდაჭერას ღიად უცხადებს. ლეგენდარული სუპერმოდელი კენეთის მშობლიურ ნიგერიაშიც იმყოფებოდა.