ბრიტანეთის მოდის საბჭომ გამარჯვებულები ლონდონის Royal Albert Hall -ში გამოავლინა. საღამოს მთავარი ჯილდო ინგლისელმა დიზაინერმა, კიმ ჯონსმა მიიღო. ჯონსი წლის საერთაშორისო დიზაინერად დასახელდა. მისი კონკურენტები იყვნენ: დემნა გვასალია, დანიელ ლი, მიუჩია პრადა & რაფ სიმონსი და ჯონათან ანდერსონი. დაჯილდოებაზე კიმი მსახიობ დემი მურთან ერთად გამოჩნდა.

კიმ ჯონსი & დემი მური

2011 – 2018 წლებში, ჯონსი Louis Vuitton -ის მამაკაცის ხაზის შემოქმედებითი დირექტორი იყო. 2018 წელს, დიზაინერმა დატოვა ლუი ვიტონი და იგივე თანამდებობაზე Dior -ის მოდის სახლს შეუერთდა. 2020 წლის სექტემბერში, კიმი Fendi -ის ქალის ხაზის შემოქმედებით დირექტორადაც დასახელდა, ისე, რომ დიორი არ დაუტოვებია. ამ ნაბიჯით, კიმი იმ იშვიათ დიზაინერთა წრეს შეუერთდა, რომლებიც სხვადასხვა დროს, ერთდროულად ხელმძღვანელობდნენ 2 ცნობილ ბრენდს.

2021 წელი კიმისთვის დატვირთული და საინტერესო იყო. მან Fendi -ში თავისი პირველი ჩვენებები გამართა. გარდა ამისა, ითანამშრომლა დონატელა ვერსაჩესთან Versace x Fendi კოლექციაზე, კოლაბორაცია ჰქონდა კიმ კარდაშიანის საცვლების ბრენდთან, Skims -თანაც. პარალელურად, ჯონსი კოლექციებს ქმნიდა დიორის მამაკაცის ხაზისთვისაც.

ბრწყინვალე კარიერის განმავლობაში, კიმს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ 2020 წლამდე, ჯონსი მამაკაცის ხაზზე მუშაობდა, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მან საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო მოიგო.