ბრიტანეთის მოდის საბჭომ 2019 წლის The Fashion Awards-ის ნომინანტები დაასახელა. დაჯილდოებას თითქმის 50 წლიანი ისტორია აქვს. წარსულში ის ცნობილი იყო, როგორც ბრიტანეთის მოდის დაჯილდოება, რომელიც ადგილობრივ ბრენდებს და დიზაინერებს წარმოაჩენდა. მოგვიანებით – საერთაშორისო სახე მიიღო, თუმცა დღემდე მთავარი აქცენტი ბრიტანულ მოდაზე კეთდება.
2019 წლის The Fashion Awards-ის ვარსკვლავები ბოთეგა ვენეტას ინგლისელი შემოქმედებითი ხელმძღვანელი, დანიელ ლი და დიორის კაცის ხაზის ასევე ინგლისელი კრეატიული დირექტორი, კიმ ჯონსი იქნებიან. დანიელი 3 კატეგორიაში არის ნომინირებული: წლის აქსესუარების დიზაინერი, წლის ბრიტანელი დიზაინერი ქალის სამოსში და წლის საერთაშორისო დიზაინერი. აღსანიშნავია, რომ ბოთეგა ვენეტა წლის ბრენდის ნომინანტიც გახლავთ. ლიმ ბოთეგა ვენეტას შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობა წელს დაიკავა, მას შემდეგ, რაც დაახლოებით 5 წელი ფიბი ფაილოს სელინში გაატარა.
აქსესუარების კატეგორიაში დანიელის ერთ-ერთი კონკურენტი კიმ ჯონსი იქნება. ეს უკანასკნელიც 3 კატეგორიაშია ნომინირებული: წლის აქსესუარების დიზაინერი, წლის ბრიტანელი დიზაინერი კაცის სამოსში და წლის საერთაშორისო დიზაინერი. დანიელისგან განსხვავებით, კიმი მოდაში უკვე წლებია საკმაოდ ცნობილი დიზაინერია. ის 7 წელი წარმატებულად ხელმძღვანელობდა ლუი ვიტონის მამაკაცის ხაზს. 2018 წლიდან დიორის გუნდს შეუერთდა და ახლა დიორის მამაკაცის ხაზის შემოქმედებითი ხელმძღვანელია.
დანიელის წარმატება და კიმ ჯონსის პოზიციის კიდევ უფრო გამყარება ბრიტანელებს სიამაყის საფუძველს აძლევს, რაც ნომინაციებზეც აისახა.
Fashion Awards -ზე ნომინანტებში პირველად მოხვდა ახალგაზრდა ფრანგი დიზაინერი, სიმონ ჟაკქომუსი. Jacquemus – ის სახელს წლის ბრენდის და აქსესუარების კატეგორიებში ვკითხულობთ. საკამათოა ჟაკქომუსის წლის ბრენდად მოაზრება, თუმცა ფრანგი აქსესუარების ჯილდოსთვის ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატია დანიელ ლისთან ერთად.
ჟაკქომუსის პოპულარული მინი ჩანთები, რომელზეც წელს უამრავი სახალისო სურათი შეიქმნა.
რიანა დანიელ ლის ბოთეგა ვენეტას პოპულარული ჩანთით, რომელიც 2019 წლის გაზაფხულზე ყველაზე მოთხოვნადი მოდური აქსესუარი იყო.
ნომინანტებს შორის დასახელდა რიანას ტანსაცმლის ბრენდი Fenty, რომელიც მომღერალმა მოდის უმსხვილეს კონგლომერატთან, LVMH – თან თანამშრომლობით შექმნა. ფენტი წლის ურბანული ბრენდის კატეგორიაში მოხვდა Marine Serre – სთან, Martine Rose-სთან, Moncler Genius -თან და Alyx – თან ერთად.
დაჯილდოების ყოველწლიური სახეებიდან ლუევეს ჯონათან ანდერსონი და გუჩის ალესანდრო მიკელე & მარკო ბიზარი ინარჩუნებენ ადგილებს. რაც შეეხება წლის მოდელის კატეგორიას, ბრიტანეთის მოდის საბჭო ტრადიციას არ ღალატობს და ხუთეულიდან მხოლოდ ორ მოდელს არჩევს, ვინც სინამდვილეში აკმაყოფილებს წლის მოდელის პორტფოლიოს, დანარჩენები რა კრიტერიუმებით ირჩევიან ეს მხოლოდ საბჭოში იციან, თუმცა თავადაც ვერ ხსნიან. 2019 წლის ხუთეული ასე გამოიყურება: Adesuwa Aighewi, Adut Akech, Adwoa Aboah, Kaia Gerber და Winnie Harlow.
კაია გერბერი და ადუთ აკეჩი გამარჯვების ყველაზე რეალური კანდიდატები არიან, თუმცა ვინაიადან კაიამ შარშან მიიღო ეს ჯილდო და ადუთი ბრიტანული ვოგის მთავარი რედაქტორის, ედვარდ ენინფულის უპირობო ფავორიტია, სავარაუდოა, რომ წელს ჯილდოთი ხელში ადუთ აკეჩს ვიხილავთ.
ბრიტანეთში გადასვლის შემდეგ, თავისი პირველი ჯილდოს მოგებას შეეცდება რიკარდო ტიში, რომელიც ბარბერით კაცის სამოსში წლის ბრიტანელი დიზაინერის კატეგორიაშია ნომინირებული. რიკარდოს იტალიური წარმომავლობის მიუხედავად, ის ბრიტანულ ბრენდს წარადგენს.
ნომინანტები სრულად
2019 წლის აქსესუარების დიზაინერი:
Alessandro Michele for Gucci
Daniel Lee for Bottega Veneta
Jonathan Anderson for Loewe
Kim Jones for Dior Men
Simon Porte Jacquemus for Jacquemus
წლის ბრენდი:
Bottega Veneta
Gucci
Jacquemus
Loewe
Prada
წლის ბრიტანელი დიზაინერი კაცის სამოსში:
Craig Green for Craig Green
Grace Wales Bonner for Wales Bonner
Kim Jones for Dior Men
Martine Rose for Martine Rose
Riccardo Tisci for Burberry
წლის ბრიტანელი დიზაინერი ქალის სამოსში:
Daniel Lee for Bottega Veneta
John Galliano for Maison Margiela
Jonathan Anderson for JW Anderson & Loewe
Richard Quinn for Richard Quinn
Simone Rocha for Simone Rocha
წლის ახალბედა ბრიტანელი დიზაინერი კაცის სამოსში:
Ben Cottrell & Matthew Dainty for Cottweiler
Bethany Williams for Bethany Williams
Kiko Kostadinov for Kiko Kostadinov
Phoebe English for Phoebe English
Sofia Prantera for Aries
წლის ახალბედა ბრიტანელი დიზაინერი ქალის სამოსში:
Laura & Deanna Fanning for Kiko Kostadinov
Matty Bovan for Matty Bovan
Phoebe English for Phoebe English
Rejina Pyo for Rejina Pyo
Rosh Mahtani for Alighieri
წლის საერთაშორისო დიზაინერი:
Alessandro Michele for Gucci
Daniel Lee for Bottega Veneta
Jonathan Anderson for Loewe
Kim Jones for Dior Men
Miuccia Prada for Prada
წლის ბიზნეს ლიდერი:
Alexandre Arnault for Rimowa
José Neves for Farfetch
Marco Bizzarri for Gucci
Marco Gobbetti for Burberry
Remo Ruffini for Moncler
წლის ტოპ მოდელი:
Adesuwa Aighewi
Adut Akech
Adwoa Aboah
Kaia Gerber
Winnie Harlow
წლის ურბანული ბრენდი:
Alyx
Fenty
Marine Serre
Martine Rose
Moncler Genius
Fashion Awards 2019 ლონდონში 2 დეკემბერს გაიმართება.