პარიზში ლეგენდარული დიზაინერის, პიერ კარდენის მემორიალი გაიმართა, რომელსაც არაერთი ცნობილი სახე დაესწრო, მათ შორის საფრანგეთის პირველი ლედი, ბრიჟიტ მაკრონი. კარდენის ძმისშვილის ვაჟმა, როდრიგო კარდენმა პრესასთან გაკეთებულ განცხადებაში ხაზი გაუსვა მაკრონების თანადგომას და ბრიჟიტს განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენისთვის მადლობაც გადაუხადა. როგორც გაირკვა, საფრანგეთის პირველ ლედის პიერ კარდენთან ახლო ურთიერთობა აკავშირებდა.

ტრადიციულად, პირველმა ლედიმ არჩევანი Louis Vuitton-ზე შეაჩერა და ნიკოლა ჟესქიერის შექმნილი შავი ლუქით წარსდგა საზოგადოების წინაშე.

პიერ კარდენი 1922 წლის 2 ივლისს ტრევისოში, იტალიაში, ფრანგი წყვილის ოჯახში დაიბადა. კარდენმა მოდის ინდუსტრიაში 7 ათწლეული დაჰყო და ისტორიაში შევიდა, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული დიზაინერი. მან მოდაში საფუძველი ჩაუყარა კოსმოსურ ეპოქას, რომელიც 1960-იან წლებში დაიწყო. ფრანგი კუტიურიე 2020 წლის 29 დეკემბერს, პარიზში, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა.