ოქროს გლობუსის 2020 წლის დაჯილდოებაზე, 56 წლის ამერიკელი მსახიობი, ბრედ პიტი ბრიონის სამოსით იწონებდა თავს. მოდის ინდუსტრიაში წითელი ხალიჩა მნიშვნელოვან ბიზნესად გასულ ათწლეულში იქცა. გავლენიანი ბრენდები ასეთი მასშტაბის ღონისძიებას მთელი წლის განმავლობაში ელიან, რათა ერთ-ერთ ვარსკლავს მაინც მოარგონ სამოსი, რომელსაც მეორე დღეს მსოფლიო განიხილავს. დღეს არსებულ რეალობაში, ნებისმიერ მნიშვნელოვან საღამოზე, ცნობილი ადამიანების უმრავლესობას აცვია ბრენდი, რომელთანაც კონტრაქტი აქვს. სწორედ ამიტომ მოსალოდნელი იყო სიახლე, რომელიც რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. იტალიურმა ბრენდმა, ბრიონიმ, რომელსაც ფრანგული კონგლომერატი, ქერინგი ფლობს, ბრედ პიტი ახალ სახედ დაასახელა.
კამპანიიდან გავრცელებულ პირველ ფოტოში ბრენდს ის ლუქი ამშვენებს, რომელიც ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე ეცვა.
ბრედის სახედ აყვანა ბრიონის 75 წლის იუბილეს ემთხვევა. ბრიონი 1945 წელს რომში შეიქმნა და მას შემდეგ მამაკაცის კლასიკური სამოსის ერთ-ერთი მოწინავე მოდის სახლია მსოფლიოში.