30 მაისს საერთაშორისო პრესა მოიცვა სიახლემ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ქორწინების შესახებ. ბორისის რჩეული 33 წლის კერი საიმონდსია. ცერემონია Westminster-ის ტაძარში გაიმართა. კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, მას მხოლოდ წყვილის ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები ესწრებოდნენ, ჯამში, როგორც ცნობილია, მიწვეულ სტუმართა რაოდენობა ოცდაათს არ აჭარბებდა.
აღსანიშნავია, რომ ბორის ჯონსონი, გასულ 200 წელში, ბრიტანეთის პირველი პრემიერ-მინისტრია, რომელმაც ოჯახი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ შექმნა.
მიუხედავად იმისა, რომ ცერემონიამ მოკრძალებულად ჩაიარა და საიმონდს ცნობილ დიზაინერებთან მორგებებზე, თვეების განმავლობაში, არ უვლია, მისმა კაბამ მაინც დაიმსახურა დიდი გამოხმაურება. საქმე იმაშია, რომ ბორის ჯონსონის რჩეულს, ბერძენი დიზაინერის, Christos Costarellos-ის კაბა ეცვა, რომლის ღირებულება მხოლოდ 300 ფუნტს შეადგენს. ამასთან ერთად, როგორც მოდის გავლენიანი გამოცემები წერენ, საიმონდსმა საქორწინო კაბა კი არ შეიძინა, არამედ იქირავა, რაც სულ რაღაც 45 ფუნტი დაუჯდა.
სიახლის გავრცელების შემდეგ, ბრიტანეთში გასაქირავებელი ტანისამოსის უმსხვილესი პლატფორმის, Hurr-ის საიტზე, საქორწილო კაბების ვიზიტორების რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. როგორც პლატფორმის თანადამფუძნებელმა, ვიქტორია ფრეიუმ აღნიშნა, 2021-2025 წლებში, გაქირავებული სამოსის ბიზნესი 990 მილიონ ფუნტს მიაღწევს და ამ პროცესში, კერი საიმონდსის კაბაც აღსანიშნ წვლილს შეიტანს.