თუ სოციალურ ქსელებში მოდის რამდენიმე ინფლუენსერი მაინც გყავთ გამოწერილი, რთული დასაჯერებელია, რომ ზაფხულში ბოთეგა ვენეტას ჩანთისთვის ერთხელ მაინც არ მოგიკრავთ თვალი. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, “It” ჩანთის სტატუსისთვის ბევრი დიზაინერი იბრძოდა, თუმცა დანიელ ლი ერთადერთია, ვისაც თამამად შეუძლია თქვას, რომ ზაფხულის ყველაზე მოთხოვნადი ჩანთა შექმნა.

დანიელ ლი ბოთეგა ვენეტას შემოქმედებით ხელმძღვანელად 2018 წელს დაინიშნა, მას შემდეგ, რაც გერმანელმა დიზაინერმა, ტომას მეიერმა ბრენდი დატოვა.
2017 – 2018 წლებში იტალიური მოდის სახლი ქერინგის ბრენდებში გაყიდვების ყველაზე დიდ კლებას აჩვენებდა. ტომასის წასვლა ბოთეგა ვენეტას ფინანსური მდგომარეობის გაუარესების ლოგიკური შედეგი იყო.
32 წლის ბრიტანელი დიზაინერი, დანიელ ლი 5 წელი სელინის სტუდიის დირექტორად მუშაობდა. მისი შემოქმედებით ხელმძღვანელად არჩევა მაშინ, როდესაც ინდუსტრია ფიბი ფაილოს და სელინის განშორებას მტკივნეულად იღებდა, ფრთხილი, თუმცა გონივრული ნაბიჯი იყო.


ჩანთის შეძენა Bottega Veneta – ს საიტზე 2,400 დოლარად არის შესაძლებელი: Bottegaveneta.com.

