ამერიკის შეერთებლ შტატებში დაჯილდოებების სეზონის კიდევ ერთი პრესტიჟული საღამო გაიმართა. „გრემის“ 63-ე ცერემონიას ლოს-ანჯელესმა უმასპინძლა. კოვიდ პანდემიის ფონზე, ღონისძიება წითელი ხალიჩით, იმდენად მასშტაბური არ ყოფილა, როგორც წარსულში, თუმცა 2021 წლის „გრემი“ ვარსკვლავების ნაკლებობას არ განიცდიდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, საღამოს ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი ბიონსე გახდა. ამერიკელმა მუსიკოსმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. ამჯერად, ბიონსე ისტორიაში შევიდა, როგორც ქალ მუსიკოსებს შორის ყველაზე ბევრი „გრემის“ მფლობელი არტისტი. ჯამში, შემსრულებელს, ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის 28 ჯილდო აქვს.

გარდა ამ ბრწყინვალე შედეგისა, უნდა აღინიშნოს, რომ კატეგორიაში “საუკეთესო მუსიკალური ვიდეო” გამარჯვებულად ‘Brown Skin Girl’ დასახელდა – სიმღერა, რომელსაც ბიონსე თავის 9 წლის ქალიშვილთან, ბლუ აივი კარტერთან, განელ და ნიგერიელ მუსიკოსებთან, Saint Jhn-თან და Wizkid-თან ერთად ასრულებს. შესაბამისად, გუშინ თავისი პირველი „გრემი“ მოიგო ბიონსეს და ჯეი ზის 9 წლის ქალიშვილმაც.
ისტორიულ საღამოზე მუსიკოსს სკიაპარელის სამოსი და აქსესუარები ამშვენებდა. შეიძლება ითქვას, რომ „გრემის“ 63-ე დაჯილდოებაზე, ბიონსე ერთადერთი გავლენიანი ვარსკვლავი იყო, რომელმაც არჩევანი ნაკლებად ცნობილ ბრენდზე შეაჩერა. მისი კოლეგების უმრავლესობა, ტრადიციულად, Gucci -ს, Versace-ს, Louis Vuitton-ის და სხვა მრავალმილიარდიანი მოდის სახლების კოლექციებით გამოჩნდნენ.
აღსანიშნავია, რომ სკიაპარელის მიმართ ასეთი ყურადღება ბრენდის ახალ კრეატიულ დირექტორს, ამერიკელ დიზაინერს, დენიელ როუზბერის უკავშირდება, რომლის კოლექციები უკვე ღიად იწვევს ინტერესს და აღფრთოვანებას. გუშინდელი საღამო და ბიონსეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაეხმარება ბრენდს, რომ ხელახლა პოზიციონირდეს მაღალი მოდის რუკაზე, როგორც მნიშვნელოვანი მოდის სახლი.