თანამედროვე მსოფლიოში, კლიმატის ცვლილება ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად ითვლება. გახშირებული კლიმატური კატასტროფების და მეცნიერულად დადასტურებული საფრთხეების ფონზე, საერთაშორისო საზოგადოება აღარ დავობს საკითხზე, რომ პრობლემა სერიოზულია. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რის გამოც, ამ გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით, ადამიანის აქტიური საწარმოო საქმიანობაა. ბუნებრივია, რომ მოდის ინდუსტრია, რომელიც ნავთობის და გაზის შემდეგ, პლანეტის მეორე ყველაზე დიდი დაბინძურების წყაროა, პასუხისმგებელია არსებული მძიმე რეალობის შექმნაში. სწორედ ამიტომ, მოდაში, კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად და შესამცირებლად, უკვე არაერთი ინიციატივა გაჟღერდა. სახელგანთქმული მოდის სახლები ცდილობენ იპოვონ ახალი გზები, დანერგონ ინოვაციური ტექნოლოგიები, შექმნან უფრო ეკო-მეგობრული სისტემა, რათა შეამცირონ მავნე ზეგავლენა გარემოზე.

მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს Burberry- ის ახალი პირობა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაჟღერდა. ბრიტანული მოდის წამყვანი ბრენდი ვალდებულებას იღებს, რომ 2040 წლისთვის, კოლექციის წარმოებიდან დაწყებული, ჩვენებებით, მაღაზიებით და მიწოდების ქსელით დასრულებული, სრულად მოერგება კლიმატის ცვლილების მდგომარეობის გასაუმჯობესებელ სტანდარტებს. თუ პირობა შესრულდება, ბარბერი გახდება პირველი ცნობილი მოდის სახლი, რომელიც უფრო მეტ დადებით ზეგავლენას მოახდენს კლიმატურ ცვლილებებზე, ვიდრე უარყოფითს.

აღიარებული ფაქტია, რომ ჰაერი ბინძურდება სამრეწველო და ენერგეტიკული ობიექტებიდან წარმოებული ატმოსფერული გაფრქვევებით, თუმცა მეტწილად, დაბინძურების მთავარ წყაროს ტრანსპორტი წარმოადგენს.

შესაბამისად, დიდი გამოწვევა სწორედ პროდუქციის მიწოდების ჯაჭვშია. როგორც ბარბერის გენერალური დირექტორი, მარკო გობეტი აღნიშნავს, მიწოდების სისტემის გაჯანსაღების გარეშე, რეალურ ცვლილებების განხორციელება შეუძლებელია. ბრიტანული ბრენდი მიზნად ისახავს, რომ 2030 წლისთვის, 46%-ით შეამციროს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა.  გამომდინარე იქიდან, რომ ეკოლოგიურად გამართული საწარმოო ჯაჭვის მისაღებად არა მხოლოდ ბრენდის, არამედ მიმწოდებლების აქტიური მონდომება და ჩართულობაც საჭიროა, გეგმა საკმაოდ ამბიციურია.

2020 წელს,  CO-2-ის შემცირებით, ბრენდმა 100%-ით ნახშირბად–ნეიტრალური ჩვენება გამართა. გარდა ამისა, კრეატიულმა დირექტორმა, რიკარდო ტიშიმ წარმოგვიდგინა ‘ReBurberry Edit’, 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სამოსით დაკომპლექტებული გარდერობი, რომელიც მთლიანად გადამუშავებული, გარემოსთვის არასაზიანო ინოვაციური მასალებით შეიქმნა. მარკო გობეტის თქმით, უახლოეს მომავალში, Burberry მნიშვნელოვან ინვესტიციებს განახორციელებს სხვადასხვა პროექტებში, რომელთა მიზანი ატმოსფეროში ნახშირბადის დიოქსიდის რაოდენობის შემცირება იქნება.

Burberry – 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის სარეკლამო კამპანია

გარდა ამისა, ბრენდი მხარდაჭერას უცხადებს Fashion Avengers-ს, მოდის გლობალური ორგანიზაციების კოალიციას, რომელიც „გაეროსთან“ ერთად, მდგრადი განვითარების საკითხებზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებში, ცნობილი ბრენდები აქტიურად შეუერთდნენ კლიმატის ცვლილებების შესახებ დიალოგს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბარბერი პირველი მოდის სახლია, რომელმაც პრობლემის გადაწყვეტისაკენ მიმართული საყოველთაო, ვადებში და დეტალებში გაწერილი გეგმა წარმოადგინა.