Balenciaga – ს ოტ კუტიური 2021 წლის ივლისამდე გადაიდო, თუმცა ეს არ არის ერთადერთი სიახლე, რომელიც დემნა გვასალიამ „ვუმენს ვიარ დეილისთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააჟღერა.
2020 წლის დასაწყისში, გავრცელდა სიახლე Balenciaga – ს ოტ კუტიურში დაბრუნებასთან დაკავშირებით. 1968 წლის შემდეგ, როდესაც ბრენდის დამფუძნებელმა, კრისტობალ ბალენსიაგამ გადაწყვიტა, რომ “Haute Couture ” ატელიე დაეხურა, Balenciaga ოტ კუტიურ კოლექციებს აღარ წარმოებდა. ბრენდი ორიენტირებული იყო Ready-To-Wear ხაზზე.
კრისტობალის გარდაცვალებიდან თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ, ქართველმა დიზაინერმა გადაწყვიტა Haute Couture დააბრუნოს ბალენსიაგაში. მიუხედავად იმისა, რომ დემნა არ ყოფილა პირველი, ვისაც ბალენსიაგას ისტორიული ფესვების აღდგენა აზრად მოსვლია,2020 წლამდე ბრენდის ფინანსური მდგომარეობა ოტ კუტიურის ხელახლა დაწყების შესაძლებლობას არ იძლეოდა.

2019 წელს, გვასალიას ხელმძღვანელობით, ბალენსიაგას წლიურმა შემოსავალმა პირველად გადააჭარბა მილიარდ დოლარს. რასაც მოჰყვა დემნას განცხადება იმის თაობაზე, რომ ნახევარი საუკუნის შემდეგ, ბალენსიაგა Couture -ში ბრუნდებოდა. კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წლის ივლისში დაგეგმილი ჩვენება გაუქმდა. ბრენდმა გვასალიას ოტ კუტიურ დებიუტი 2021 წლის იანვარში გადაიტანა, თუმცა უახლესი ინტერვიუდან ცნობილი ხდება, რომ თარიღმა კვლავ გადაიწია და 21-ე საუკუნეში, ბალენსიაგას პირველ ოტ კუტიურს 2021 წლის ივლისში ვიხილავთ.
დიდ სიახლეს წარმოადგენს გვასალიას გადაწყვეტილება, რომ ბალენსიაგას ოტ კუტიური მოიცავდეს მამაკაცის ხაზსაც. ისტორიულად, ოტ კუტიურ ტანსაცმელი ქალებისთვის იკერებოდა, თუმცა დემნა თვლის, რომ 21-ე საუკუნეში, ოტ კუტიური მამაკაცებსაც უნდა ეცვათ. მოდის ცნობილი სახლების უმრავლესობა, “Haute Couture” კოლექციებს, კვლავ მხოლოდ ქალებისთვის ქმნის, მათ შორის: შანელი, არმანი, დიორი, ვალენტინო და ა.შ. 2021 წლის ივლისში, Balenciaga იქნება ერთადერთი დიდი ბრენდი, რომელიც პოდიუმზე ორივე სქესის ოტ კუტიურ ტანსაცმელს წარადგენს.
ამასთან, ბალენსიაგა ოტ კუტიურს წელიწადში მხოლოდ ერთხელ წარადგენს და არა ორჯერ, როგორც სხვა ბრენდები. ქართველი დიზაინერის თქმით, “Haute Couture”, განსაკუთრებული ხასიათიდან გამომდინარე, მრავალჯერადი და ადვილად დაკოპირებადი არ უნდა იყოს. გვასალია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კოლექციის წარდგენის ფორმატსაც. დიახ, დემნა კვლავ ფიქრობს, რომ ჩვენებები საჭიროა, თუმცა სამომავლოდ დამატებითი გამოცდილების შექმნასაც მოიაზრებს. მისი კოლექციების წარდგენა განსხვავებული ინსტალაციებით, პროექტებით მთელი კვირაც შეიძლება გაგრძელდეს.

რაც შეეხება Ready-To-Wear ხაზს, დემნა ცვლის კოლექციების წარდგენის კალენდარს და ფორმასაც. ოქტომბერში, ციფრული ფორმატით, დემნა წარადგენს „ძველ“ პრე-შემოდგომა კოლექციას, ხოლო ძირითადი კოლექციების წარსადგენად დეკემბერს და ივნისს ირჩევს. შესაბამისად, ბალენსიაგას კოლექციების წარსადგენად წელიწადში 5 ღონისძიება ექნება: 2 პრე-კოლექცია, 2 ძირითადი კოლექცია, ერთი დიდ ოტ კუტიურ შოუ, რომელიც ყოველი წლის ივლისში გაიმართება. ეს ყველაფერი არ არის, სექტემბრიდან, ბალენსიაგას „მერჩენდაიზერების“ დეპარტამენტიც დემნას ხელმძღვანელობით იმუშავებს.
გავლენიანი დიზაინერი ითხოვს და ცვლის ყველაფერს,არა მხოლოდ დიზაინ გუნდში, არამედ ბრენდის სხვა დეპარტამენტებშიც, ეს სცენარი ადრეც გვინახავს, თუმცა ერთი რამ უდავოა, დემნას მმართველობა Balenciaga -ში ამართლებს.