მას შემდეგ, რაც ბალენსიაგამ Triple S წარადგინა, სპორტული ფეხსაცმელი ფრანგული ბრენდის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი გახდა. ძვირადღირებული კედების ტრენდმა შეაღწია არა მხოლოდ იმ ბრენდების კოლექციებში, რომელთა სათავეში ახალი თაობის ქუჩის სტილის დიზაინერები დგანან, არამედ ტრადიციულ ოტ კუტიურ მოდის სახლებშიც, როგორებიცაა: Chanel, Armani, Dior, Valentino.
შთამბეჭდავი კომერციული წარმატების შემდეგ, Balenciaga და მისი ქართველი შემოქმედებითი ხელმძღვანელი ახალი მოდელის კედს ყოველ სეზონზე წარადგენენ. Triple S-ის მეორე თაობაა Track Sneaker, რომელიც გვასალიამ 2018 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში შემოგვთავაზა.
20 ნოემბერს ბრენდმა ახალი ხაზი დააანონსა, რომელიც 20 განსხვავებული პროდუქტისგან შედგება. ნივთების / საგნების ხაზი, როგორც მას ბალენსიაგაში უწოდებენ, სრულად მომავალი ერთი წლის განმავლობაში გავრცელდება. რაც შეეხება სადებიუტო ნივთს, ეს გახლავთ ბრენდის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი – სპორტული ფეხსაცმელი, ამჯერად წარმოდგენილი, როგორც სკულპტურა.
სკულპტურის შეძენა შესაძლებელია ბალენსიაგას ოფიციალურ საიტზე, 5,750 დოლარად.