მაღალი მოდის სახლებში მამაკაცის ხაზის შემოქმედებითი ხელმძღვანელები მუდმივად ჩრდილში იყვნენ ქალის ხაზის დიზაინერებთან შედარებით, თუმცა ეს არ ეხება კიმ ჯონსს. ბრიტანელი დიზაინერი დიორის მამაკაცის ხაზის კრეატიული დირექტორის თანამდებობას გასული წლიდან იკავებს. მისი სადებიუტო კოლექციები კრიტიკოსების და მყიდველების მხრიდან ძალიან კარგად შეფასდა. ცხადია, რომ კიმით მედია და LVMH – ის ხელმძღვანელებიც თანაბრად აღფრთოვანებულები არიან. LVMH – ის მცდელობა, კიმ ჯონსის დიორი იყოს ყველა წამყვან ბეჭდურ და ონლაინ მედიაში, შეგვიძლია იმითაც ავხსნათ, რომ დიორის ქალის ხაზის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, მარია გრაცია ქიური კომერციული წარმატების მიუხედავად, დიორის გულშემატკივრებისგან და გავლენიანი პრესისგან უარყოფით გამოხმაურებას ხშირად იღებს.
გასულ 1 თვეში კიმ ჯონსმა დაანონსა დიორის მამაკაცის ხაზის კოლექციის ჩვენება მაიამიში, ისაუბრა პარიზის ვოგის და WWD-ს სამიტებზე, დაამშვენა გასულ 50 წელში ჰარპერს ბაზარის მამაკაცის პირველი პრინტ გამოცემა, როგორც მიწვეულმა რედაქტორმა, მოიგო GQ-ს წლის დიზაინერის ჯილდო და მიიღო 3 მთავარი ნომინაცია მოდის 2019 წლის დაჯილდოებაზე.
კიმ ჯონსი Harper’s Bazaar Men -ის გასული 50 წლის პირველი პრინტ გამოცემისთვის.
კიმი ნომრის მიწვეული რედაქტორია. WWD-სთან ინტერვიუში, ჯონსმა ახსნა თავისი შთაგონება ახალი ყდების მიღმა. ნომრის ვიზუალური მხარის მთავარი საწყისი მოდის ილუსტრატორის და ფოტოგრაფის, ანტონიო ლოპეზის ნამუშევრები გახდა. ცნობილი ფაქტია, რომ კიმი ანტონიოს შემოქმედების დიდი გულშემატკივარია.
კიმის გარდა კიდევ 4 ყდა გავრცელდა,რომელსაც მამაკაცი მუსიკოსები ამშვენებენ. ყველა მათგანს დიორის სამოსი და აქსესუარები აცვია.
მუსიკოსები: Maluma, Travis Scott, J Balvin და Orville Peck.
15 ნოემბერს კიმი პარიზის ვოგის ფესტივალის სპიკერი იყო, სადაც განსხვავებული ისტორიის და ესთეტიკის ბრენდებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. ჯონსი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მაღალი მოდის ბრენდი, ლუი ვიტონი სუპრემეს დაუკავშირა და გასულ ათწლეულში კომერციულად ყველაზე წარმატებული კოლაბორაცია შექმნა: Louis Vuitton x Supreme.
კიმ ჯონსი: „მომწონს გუნდური მუშაობა, მომწონს, როდესაც ჩემს გარშემო შემოქმედებითი და ნიჭიერი ხალხია. მიყვარს ინფორმაციის გაზიარება და საუბარი რაღაცის შექმნის, შენების პროცესებზე.“
ჯონსის უახლეს კოლაბორაციებში გამორჩეულად დიდ ყურადღებას Rimowa-სთან დაწყებული თანამშრომლა იქცევს. ეს უკანასკნელიც, როგორც დიორი, LVMH – ის ბრენდია და მის სათავეში არნოების ოჯახის უმცროსი ვაჟი, ალექსანდრ არნო დგას.
ნოემბრის დასაწყისში კიმი ნიუ-იორკში WWD – ს სამიტზე იმყოფებოდა. ბრიტანელმა დიზაინერმა თქვა, რომ მისი მიზანია დიორი აქციოს მსოფლიოში მამაკაცის ხაზის #1 ბრენდად. თუ გავითვალისწინებთ მის ბოლო დროინდელ წარმატებას და აქტუალობას, ამბიციური განაცხადი საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ არის.
კიმ ჯონსი: „დიორში მიზნად კუტიური, ელეგანტურობა და მკერვალობა დავისახე. არსებობენ დიზაინერები, რომლებიც საკუთარს აყენებენ პირველ ადგილზე, როდესაც ბრენდში იწყებენ მუშაობას. ჩემთვის ბრენდი, სადაც ვმუშაობ, პირველია, მე მეორე ადგილზე ვარ. მინდა ჩემი დიზაინი დიორზე იყოს, რადგან ბრენდი დიორია. მომწონს განსხვავებულ ბრენდებში სხვადასხვა კოდებზე მუშაობა, მომწონდა საკუთარ ბრენდზე მუშაობაც, რომელიც ძალიან წარმატებული იყო, განსაკუთრებით იაპონიაში, თუმცა ახლა ამის კეთება აღარ მსურს.“
ნიუ-იორკში ჯონსმა სხვა დიზაინერებზეც ისაუბრა, მათ შორის სტეფანო პილატის, მარკ ჯეიკობსის და ალექსანდრ მაკქუინის თანადგომას გამორჩეულად გაუსვა ხაზი. თვის დასაწყისში, კიმს სწორედ სტეფანო პილატიმ წარუდგინა წლის დიზაინერის ჯილდო GQ-ს დაჯილდოებაზე, რომელიც ბერლინში გაიმართა. სპეციალურად ჯილდოს აღსანიშნად, გამოცემამ ჯონსი ყდაზეც დაბეჭდა.
ეს ყველაფერი კიმის მხოლოდ გასული 2 თვის ნამუშევარია, თუმცა აქედანაც ცხადია, თუ რატომ არის ჯონსი მოდის 2019 წლის დაჯილდოების ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ნომინირებული დიზაინერი. ბრიტანელი 3 კატეგორიაშია ნომინირებული: წლის აქსესუარების დიზაინერი, წლის ბრიტანელი დიზაინერი კაცის სამოსში და წლის საერთაშორისო დიზაინერი. დაჯილდოება 2 დეკემბერს ლონდონში გაიმართება.
ცნობილია კიმის მომდევნო ჩვენების თარიღიც. დიორის კაცის ხაზის ახალი კრუიზ შოუ 5 დეკემბერს მაიამიში გაიმართება.