კიმ კარდაშიანის თეთრეულის ბრენდის და იტალიური მოდის სახლის შესაძლო თანამშრომლობაზე ჭორები 3 კვირის წინ გავრცელდა. როგორც მოდის პრესა სანდო წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავდა, რეალითი შოუს ვარსკვლავი და Fendi-ის შემოქმედებითი თანადირექტორი მნიშვნელოვანი კოლაბორაციისთვის ემზადებოდნენ.
რამდენიმე საათის წინ, ინტერნეტში გავრცელდა პირველი ფოტოები Skims x Fendi -ის უახლესი კამპანიიდან. კოლაბორაციის შესახებ სიახლე ექსკლუზიური ფოტოსესიით და ინტერვიუთი გამოქვეყნდა WSJ Magazine -ის ახალ ნომერშიც.
აღსანიშნავია, რომ კოლექცია ქალის ტანისამოსის უფრო ფართო არჩევანს გვთავაზობს და არ ორიენტირდება მხოლოდ საცვლებზე.
კარდაშიანმა SKIMS 2019 წელს დააარსა, თუმცა ამ მოკლე დროში, კომპანიამ უდიდეს წარმატებას მიაღწია. უნდა გავიხსენოთ წელს გამართული ოლიმპიური თამაშები, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ქალ ათლეტებს ეროვნული ფორმების შიგნით სწორედ Skims-ის კოლექციები ეცვათ. Fendi-სთან თანამშრომლობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია კარდაშიანის ბრენდისთვის.
Kim Jones & Kim Kardashian West
აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტიც, რომ Skims x Fendi უახლესი კამპანია ლეგენდარულმა ფოტოგრაფმა, სტივენ მეისელმა გადაიღო. ახალი კაპსულა კოლექციის შეძენა Fendiskims.com-ზე 9 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი.