შალვა ნიკვაშვილი ბელგიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანია, რომელიც უნიკალური სტილით, დამახასიათებელი ხედვით, საკმაოდ პროვოკაციული ნამუშევრებით გამოირჩევა. მის ხელოვნებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ისტორიების თხრობას. ამბები, რომლებსაც ნიკვაშვილი საკუთარი შემოქმედებით გვიყვება, საკმაოდ რთული, თუმცა ამასთან ერთად, ნაცნობიცაა, განსაკუთრებით,ქართული საზოგადოებისათვის.
რამდენიმე დღის წინ, შალვამ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ვკითხულობთ:
„როგორც ბევრმა თქვენგანმა იცის, გასული 3 წლის განმავლობაში, დაკავებული ვიყავი ტყავის ჩანთების შექმნით. ‘Ear Dream Purse’ შეიქმნა 2019 წელს (იხილეთ პირველი 2 ფოტო), ამ იდეებს ვინახავდი, რადგან სურვილი მქონდა, რომ ერთ დღეს, რომელიმე მოდის სახლთან შემეძლებოდა კოლაბორაცია, რათა (ჩანთა) ხელმისაწვდომი გამეხადა უფრო ფართო საზოგადოებისათვის. ახლახანს აღმოვაჩინე, რომ Schiaparelli -მ ჩემი (ჩანთის) ძალიან ‘მსგავსი’ ნამუშევარი წარადგინა….
ეს უბრალოდ ‘დამთხვევაა’, თუ მოდის ჩვეულება? ზოგჯერ რთულია შეეგუო ასეთი ‘დამთხვევებს’, რადგან სხვები სარგებელს იღებენ ‘ვიღაცის’ მძიმე სამუშაოდან. რაც არ უნდა იყოს, ვიცი, რომ იქნებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ პარანოიკი ვარ, რაც შესაძლებელია, სიმართლეც იყოს მაგრამ! საბოლოოდ, ვის აღელვებს, არა?
სხვათაშორის, გადავწყვიტე, რომ ჩემი ‘Dream Bags’ გავყიდო. ეს არის ერთ-ერთი პირველი, რომელიც შესაძენად ხელმისაწვდომია. მეტი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით პირად შეტყობინებებში.“
შალვა ნიკვაშვილი 2019
სკიაპარელი 2021, დიზაინერი: დენიელ როუზბერი
ქართველი არტისტი დაუკავშირდა ბრენდ სკიაპარელის შემოქმედებით დირექტორს, დენიელ როუზბერის, თუმცა უშედეგოდ. შალვა აღნიშნავს, რომ დენიელი ადევნებს თვალს მის ინსტაგრამს და მტკიცებულებად თავისი სთორების მნახველთა სქრინებს აქვეყნებს.
@Shalva Nikvashvili @Nick Knight
ამ დღეების განმავლობაში, ნიკვაშვილს არაერთმა ადამიანმა გამოუცხადა მხარდაჭერა, მათ შორისაა ცნობილი ინგლისელი ფოტოგრაფი, ნიკ ნაითი, რომელმაც სკიაპარელის რეაგირებისკენ მოუწოდა. როგორც უკვე ითქვა, ჯერ-ჯერობით ბრენდს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი არ გაუკეთებია.
უნდა ვივარაუდოთ, რომ ოფიციალური განცხადება არც გავრცელდება. სამწუხაროდ, ისტორია გვაჩვენებს, რომ დიდი მოდის სახლების მიერ ნაკლებად ცნობილი არტისტების იდეების მითვისება, ხშირად,მართლაც არის მოდის წეს-ჩვეულება.