“ანტვერპენი პატარა ქალაქია, მოდის დიდი გულით, რომელიც მას შემდეგ ფეთქავს, რაც “ექვსეული” დაიბადა,” ამბობენ ბელგიაში, სადაც მოდის მუზეუმი ხელახლა გაიხსნა. 3 წლიანი პაუზა საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ მუზეუმის დირექტორს და კურატორებს კიდევ ერთხელ გაეაზრებინათ, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე საგამოფენო სივრცე. “გასულ 15 წელში, საერთაშორისო მასშტაბით, მოდის გამოფენების ბუმი ვიხილეთ. მუზეუმები უნდა გასცდნენ სანახაობრივ მხარეს და მოახდინონ ცვლილება. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ანტვერპენის განახლებული საგამოფენო სივრცე არ იქნება მხოლოდ ტანსაცმელზე, არამედ ისტორიებზე, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა,” – აღნიშნავს MoMu Fashion Museum Antwerpის დირექტორი, ქათ დებო.

მუზეუმის განახლებით სამუშაოებში 8 მილიონი ევრო დაიხარჯა. მიუხედავად ქვეყნის მცირე მასშტაბებისა, ბელგიური მოდა კონკურენციას უწევს ამერიკულს, ბრიტანულს და ფრანგულ ინდუსტრიასაც კი. ეს ყველაფერი გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო, როდესაც “ცნობილმა ექვსეულმა” ანტვერპენის სამეფო სამხატვრო აკადემიაში სწავლა დაასრულა. Dries Van Noten, Ann Demeulemeester, Dirk Van Saene, Walter Van Beirendonck, Dirk Bikkembergs, Marina Yee – ეს სახელები და მათი ისტორია ლეგენდად შეიქმნა, თუმცა ბელგიურმა მოდამ განვითარება არც მათ მერე შეწყვიტა, რაც არა მხოლოდ ნიჭიერი შემოქმედების, არამედ ბელგიის მთავრობის ხელშეწყობითაც შეგვიძლია ავხსნათ. ათწლეულებია, რაც ბელგია მოდის განვითარებაში დიდ ფინანსურ რესურსს დებს.

“ანტვერპენის ექვსეულის” და Maison Margiela -ს გარდა, დღესდღეისობით, ბელგიელი დიზაინერები ხელმძღვანელობენ Yves Saint Laurent -ის, Alaïa -ს, Courrèges-ის, Berluti -ის და Prada-ს მოდის სახლებსაც. ანტვერპენის სკოლას ეკუთვნიან დემნა გვასალია, ჰაიდერ აკერმანი და Nina Ricci-ის ახალი კრეატიული დირექტორი, რაშემი ბოთერიც. როგორც ვალტერ ვან ბეირენდონქი აღნიშნავს, მხოლოდ Balenciaga-ში, ანტვერპენის სამეფო აკადემიის 16 კურსდამთავრებული მუშაობს.

ქალაქი ანტვერპენი, ბელგია.

განახლებული MoMu -ის კურატორებს სურთ, რომ მუზეუმს მოძრავი სახე მისცენ და ის უფრო ხელშესახები გახადონ. პირველი პროგრამის ფარგლებში, ანტვერპენის ქუჩებში და მეტროში, 4 სხვადასხვა ლოკაციაზე, დიდი ფერადი ბურთები დაიდგა, რომელშიც მსურველებს შეუძლიათ ფოტოები გადაიღონ და შექმნან ილუზია, რომ ე.წ. “Ball Gown Dress” აცვიათ. გარდა ამისა, სპეციალურად ამ პროგრამისათვის, ანტვერპენის აკადემიის მოქმედ სტუდენტებს, ფერადი ბურთების შთაგონებით, კოსტიუმების შექმნა დაევალათ.

Olivier Theyskens-ის კაბა 1998 წლის კოლექციიდან

დემნა გვასალიას კაბა Balenciaga -ს 2019 წლის კოლექციიდან

Versace -ს კაბა 1999 წლის კოლექციიდან

რაც შეეხება უშუალოდ გამოფენას, გახსნაზე წარმოდგენილი იყო, როგორც ბელგიელი, აგრეთვე საერთაშორისო დიზაინერების ნამუშევრები.