ერთი წელი გავიდა Netflix -ის გახმაურებული შოუს, The Queen’s Gambit-ის გამოსვლიდან. ამერიკელმა მსახიობმა ანია ტეილორ-ჯოიმ სერიალში 60-იანი წლების გენიოსი ქალი მოჭადრაკე – ბეთ ჰარმონი განასახიერა. როლი იმდენად ექსპრესიული აღმოჩნდა, რომ უამრავ მაყურებელს ეგონა ჰარმონი რეალური ფიგურა იყო. სინამდვილეში, სიუჟეტი უოლტერ ტევისის ამავე სახელწოდების რომანზეა დაფუძნებული და შესაბამისად, მთავარი გმირიც ლიტერატურული ნაწარმოების გამოგონილი პერსონაჟია.
The Queen’s Gambit-ის გამოსვლის შემდეგ, ახალგაზრდა მსახიობის პოპულარობა საოცარი სისწრაფით გაიზარდა. გარდა იმისა, რომ ანიამ არაერთი პრესტიჟული ჯილდო მოიგო, მათ შორის „ოქროს გლობუსი“ ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი მინისერიალში, ან სატელევიზიო ფილმში, ის აქტიურად გამოჩნდა მოდისა და სილამაზის ინდუსტრიაშიც.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ამერიკელის პრესტიჟულ და მაღალშემოსავლიან კონტრაქტებს ფრანგული მოდის წამყვანი ბრენდი დიორიც შეუერთდა. Dior-მა ანია ტეილორ-ჯოი ბრენდის ახალ გლობალურ ელჩად წარადგინა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიახლე საკმაოდ პროგნოზირებადი და მოსალოდნელია, რადგან გასული წლის განმავლობაში, ანიას ჩაცმის სტილზე, მეტწილად, სწორედ დიორის მოდის სახლი ზრუნავდა.
აქვე უნდა ითქვას, რომ ანია არ წარადგენს მხოლოდ ტანსაცმელს, მისი ფოტოები გამოჩნდება დიორის კოსმეტიკური საშუალებების სარეკლამო კამპანიებშიც.