11 თებერვალს Netflix-ზე ახალი მინი-სერიალის, “Inventing Anna“-ს პრემიერა შედგა. ეს არის რუსი თაღლითის, ანა სოროკინის გამაოგნებელი ისტორია, რომელმაც ნიუ-იორკის ელიტურ საზოგადოებაში შეაღწია და ბევრი მდიდარი ადამიანის, ბანკის, თუ სასტუმროს გაცურება მოახერხა. სერიალში ანას როლს „ემის“ მფლობელი მსახიობი, ჯულია გარნერი ასრულებს. მისი სტილის შექმნაზე კოსტიუმების დიზაინერებმა ლინ პაოლომ და ლორა ფრეკონმა იმუშავეს.

ანა სოროკინმა ნიუ-იორკის გავლენიან საზოგადოებას თავი ანა დელვიდ წარუდგინა და დააჯერა, რომ გერმანული მილიარდერის მემკვიდრე იყო. 2013 – 2017 წლებში, ანამ მოტყუებით მიითვისა ასი ათასობით დოლარი, რამაც საბოლოოდ თავი ციხეში ამოაყოფინა. 2021 წლის თებერვალში, სოროკინმა ციხე დატოვა და თავისი ცხოვრების ისტორია Netflix-ს 320,000 დოლარად მიყიდა.

მინი-სერიალის გამოსვლის შემდეგ, ანა დელვი კვლავ მოექცა პრესის და ინტერნეტის ყურადღების ცენტრში. საუბარი არ წყდება ბოლო ეპიზოდზე, სადაც სიუჟეტი სოროკინის სასამართლო სხდომების გარშემო ვითარდება. როგორც სერიალშია ნაჩვენები, ანამ მართლაც დაიქირავა ცნობილი სტილისტი და სასამართლო მოდურ ჩვენებად აქცია.

ალბათ იკითხავთ, ვის შეუძლია სტილისტზე, ან კაბის ბრენდზე, ფერზე, თუ ფორმაზე ნერვიულობა მაშინ, როდესაც 15 წლით პატიმრობა ემუქრება? პასუხი მარტივია – ნარცისიზმით შეპყრობილ ადამიანს, რომლისთვისაც ცნობადობა და პოპულარობა უმთავრესი პრიორიტეტია.

ანა სოროკინი

მიუხედავად იმისა, რომ სოროკინმა თავისი დიდი ოცნება, ნიუ-იორკის პრესტიჟულ ქუჩაზე კერძო სახელოვნებო კლუბის დაარსება, ვერ აისრულა, მან ნანატრი პოპულარობა მოიხვეჭა. Netflix-თან მიღწეული შეთანხმებაც ამას დასტურია.


თვალი გადავავლოთ ანა სოროკინის კოსტიუმებს სასამართლო სხდომებიდან

Michael Kors-ის შავი კაბა და ჩოკერი


Michael Kors-ის კაბა, H&M-ის სვიტერი და Uniqlo-ს შარვალი


Yves Saint Laurent-ის ბლუზა და Victoria Beckham-ის შარვალი


Zara-ს შავი კაბა და Céline-ს სათვალე


ანას საყვარელი ე.წ. ‘Baby Doll’ კაბები


ფინალური ლუქი ანას ბოლო სასამართლო სხდომიდან


განაჩენის გამოცხადებამდე, ერთ-ერთ ინტერვიუში, ანამ აღნიშნა: „მოგატყუებთ თქვენც და ნებისმიერ სხვას, საკუთარ თავსაც კი, თუ ვიტყვი, რომ რაიმეს გამო ვწუხვარ.“ ნიუ-იორკის სასამართლომ სოროკინს ოთხიდან 12 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. კარგი ყოფაქცევის გამო, ანამ ციხე 4 წელიწადში, 2021 წლის 11 თებერვალს დატოვა.