ამერიკის დიზაინერთა საბჭომ, რომელიც CFDA-ის სახელით არის ცნობილი, ორშაბათს, ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ახალი სეზონის შესახებ პირველი განცხადება გაავრცელა. გასული 2 სეზონისაგან განსხვავებით, რომელიც მეტწილად, ონლაინ ფორმატში ჩატარდა, 8-12 სექტემბერს დაგეგმილი მოდის კვირეული ფიზიკურად გაიმართება.
“ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის ნიშნების და ნიუ-იორკის ხელახლა გახსნის სტრატეგიის გათვალისწინებით, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამერიკულ მოდას წინ ძლიერი სეზონი ელოდება,” – CFDA-ის აღმასრულებელი დირექტორი, სტივენ ქოულბი.
როგორც ჩანს, შემოდგომაზე, ამერიკაში მართლაც ელიან პანდემიით გამოწვეული რთული ვითარების დასტაბილურებას, რადგან მოდის კვირეულის ფიზიკურად ჩატარების გარდა, რამდენიმე დღის წინ, ამერიკულ მოდაში არანაკლებ მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა – ერთწლიანი პაუზის შემდეგ, მოდის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებული და სანახაობრივი ღონისძიება, Met Gala ბრუნდება.

2020 წელს, პანდემიის პრევენციის მიზნით, როგორც სხვა მრავალი მასშტაბური კულტურული, თუ სპორტული მოვლენა, მეტ გალაც გაურკვეველი ვადით გადაიდო. რაც შეეხება ახლადგავრცელებულ სიახლეს, ცნობილი გახდა, რომ ტრადიცია წელსაც დაირღვევა და მეტ გალა, მაისის პირველი ორშაბათის ნაცვლად, 13 სექტემბერს გაიმართება, ნიუ-იორკის მოდის კვირეულის დასრულების მომდევნო დღეს.
მოდის კვირეულში მონაწილე დიზაინერებთან და ბრენდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება, თუმცა როგორც Vogue -ის ამერიკული გამოცემა იუწყება, სექტემბერში, ნიუ-იორკის მოდის კვირეულს კვლავ შეუერთდება პოპულარული ახალგაზრდა ამერიკული ბრენდი – Pyer Moss.
ბრენდის კრეატიული დირექტორის, ქერბი ჟან-რეიმონდის კარიერული წინსვლა 2016 წელს დაიწყო. გასულ 12 თვეში, ქერბი Reebok-ის შემოქმედებითი ხაზის ვიცე პრეზიდენტად დაინიშნა და ახალი პროექტის ფარგლებში, მოდის ფრანგულ კონგლომერატთან, Kering – თან ითანამშრომლა. აღსანიშნავია, რომ აფრო-ამერიკელმა დიზაინერმა, ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, პირველად, ყურადღება 2016 წელს მიიქცია, როდესაც კოლექციის პრეზენტაციით ისეთ თემებს შეეხო, როგორებიცა: პოლიციის სისასტიკე და უმცირესობების უფლებები.
ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ სექტემბრისთვის, ამერიკული მოდის ინდუსტრია ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, რაც პოზიტიური პროგნოზების ადგილს ნამდვილად აჩენს.