კორონავირუსის პანდემია შემდგარ და განვითარებად დიზაინერებს ერთნაირად შეეხოთ, მაგრამ დამოუკიდებელი და პატარა ბრენდები პოსტ-კორონავირუსის პერიოდს უფრო რთულად გადაიტანენ. მოსალოდნელია, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მათი არსებობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ამიტომ ბრიტანეთის და ამერიკის მოდის საბჭოები თავიანთი დიზაინერებისთვის მხარდასაჭერ ფონდებს ქმნიან.
ამერიკული ვოგის მთავარმა რედაქტორმა, ანა ვინტურმა და CFDA – ის (ამერიკელ დიზაინერთა საბჭო) პრეზიდენტმა, ტომ ფორდმა CFDA – ის ახალი ფონდი წარადგინეს. ფონდის სახელია ‘A Common Thread’ და ის კორონავირუსისგან დაზარალებული ამერიკელი დიზაინერების, ბრენდების დასახმარებლად იმუშავებს.
დიზაინერებს, რომლებსაც პანდემია არსებობის საფრთხეს უქმნის, აპლიკაციის შევსება 8 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ.
„ერთ-ერთი ყველაზე უარესი გრძნობა, რაც ასეთი კრიზისის დროს გეუფლება, უიმედობაა, მთელი ქვეყნის გარშემო ახალგაზრდა ბრენდებს ძალიან დიდი დახმარება დასჭირდებათ,“ – ამბობს ანა ვინტური ახალ წამოწყებაზე.
ფონდი ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღის არის, მაგრამ ლეგენდარულმა რალფ ლორენმა მის განვითარებაში უკვე მნიშვნელოვანი წილი შეიტანა. რალფმა ვინტურის და ფორდის ახალ წამოწყებას მხარი 1 მილიონი დოლარით დაუჭირა.
წლების განმავლობაში ბრიტანეთის უპირატესობა სხვა ქვეყნებთან შედარებით იყო ის, რომ ახალგაზრდა დიზაინერებს ყველაზე დიდ მოტივაციას და განვითარების შანსს აძლევდა. ლონდონში იმ დონის მოდას არ ვადევნებდით თვალს, როგორსაც მილანსა და პარიზში, მაგრამ ყველაზე დიდი მოლოდინი, რომ ახალი სერიოზული ტალანტი გამოჩნდებოდა სწორედ ლონდონში იყო. როგორც უკვე მოხდა, თანაც არაერთხელ. შესაბამისად, ქვეყანაში მოდის ინდუსტრიის განვითარებისთვის ახალგაზრდა ბრენდების მდგომარეობა უმნიშვნელოვანესია. ერთი მილიონი ფუნტით დაიწყო ბრიტანეთის მოდის საბჭომ საკუთარი დიზაინერების გამხნევება.
BFC -ში (ბრიტანეთის მოდის საბჭო) ამბობენ, რომ £1 მილიონი კარგი დასაწყისია, თუმცა პოსტ-კორონავირუსის პერიოდის გადასალახად განვითარებად ბრიტანულ ბრენდებს მეტი ფინანსური რესურსი დასჭირდებათ. ბრიტანეთში ახალი ფონდისგან მხარდაჭერის მისაღებად აპლიკაციების შევსება მომავალ კვირაში დაიწყება და 10 აპრილამდე გასტანს. ფონდს მხარდაჭერა ბევრმა გავლენიანმა გამოცემამ და კომპანიამ გამოუცხადა, მათ შორის: British Vogue, Browns, Burberry, GQ და ა.შ.