დღევანდელი გადმოსახედიდან, თითქმის დაუჯერებელია დიზაინერმა ორი ცნობილი ბრენდისთვის წელიწადში 16 შოუ გამართოს და კიდევ ათამდე მოდის სახლისთვის ბიზნეს ხედვის ჩამოყალიბებაზე იმუშაოს. თუმცა 15 წლის წინ, ეს ტომ ფორდის რეალობა იყო. „გადამწვარი, ფიზიკურად და მენტალურად გამოფიტული ვიყავი,“ ამბობს ტომი ბრიჯიტ ფოულისთან ინტერვიუში, რომელიც დიზაინერის ახალ წიგნში გამოქვეყნდა.

ტომ ფორდი, მოდელებთან ერთად, Yves Saint Laurent-ის ჩვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე

ცხოვრება გუჩის შემდეგ, მარტივი არ ყოფილა. ბრიჯიტთან ინტერვიუში, ამერიკელი ალკოჰოლიზმზე და ნარკოდამოკიდებულებაზე გაიხსნა.

როგორ გრძნობდა თავს გუჩიდან წამოსვლის შემდეგ:

„საშინელ დეპრესიაში ვიყავი, 10 წელი დამჭირდა, რომ ეს გადამეტანა. იცით რა დამეხმარა? ალესანდრო მიკელეს წარმატება. მე ის მიყვარს, გუჩიში პირველად მე ავიყვანე. ვიცი ეს უცნაურად ჟღერს, როდესაც თავს უკეთ გაგრძნობინებს იმის ყურება, თუ როგორ კარგად ასრულებს სხვა შენს ძველ საქმეს, მაგრამ ასე მოხდა. შეიძლება იმიტომ რომ მანამდე მქონდა განცდა, რომ გუჩიში ჩემს ხედვას იმეორებდნენ.“

ყოველდღიურობა ალკოჰოლის და ნარკოტიკების პირობებში:

„ალკოჰოლი, საძილე აბები, ანტიდეპრესანტები და დამამშვიდებლები ჩემი ყოველდღიურობა იყო. კოკაინი კვირაში სამჯერ, ან ოთხჯერ. შემდეგ, ვბრუნდებოდი სახლში, ვიღებდი ტკივილგამაყუჩებელს და შევდიოდი აბაზანაში ცხელი შხაპის ქვეშ, სადაც ხშირად მეძინებოდა. ეს რომ გაგრძელებულიყო, აბაზანაში ზედოზირების ისტორიებიდან ერთ-ერთის გმირი გავხდებოდი.“

გუჩი – 1996 წელი, კრეატიული დირექტორი: ტომ ფორდი.

როდის დამძიმდა მისი მდგომარეობა:

 „მე ყოველთვის ძალიან ქმედუნარიანი ალკოჰოლიკი ვიყავი, მაგრამ ჩემი მდგომარეობა დამძიმდა მას მერე, რაც გუჩი დავტოვე. რიჩარდი (რიჩარდ ბაქლი – ტომის მეუღლე) პარიზში დარჩა. ჩვენ ერთდროულად ვაპირებდით პარიზიდან ლოს-ანჯელესში დაბრუნებას, მაგრამ მას სამსახურისთვის კიდევ ერთი წლით მოუწია იქ დარჩენა. მე კი, ლოს-ანჯელესში სულ მარტო ვიყავი. იმაზე დიდი ხნით აღმოვჩნდი მარტო, ვიდრე ამას ვგეგმავდი. ძალიან ღრმა დეპრესიაში ჩავვარდი. სწორედ ამ პერიოდში მეძინებოდა არაფხიზელს აბაზანაში.“ „რიჩარდმა არ იცოდა, სანამ ტიმ ბლენქსმა არ უთხრა: ‘’ტომს კოკაინთან პრობლემები აქვს,’’ ჰალუცინაციები დამეწყო. დილით ვიღვიძებდი და ვხედავდი როგორ დახოხავდნენ ჭიანჭველები კედლებზე.“

ტომ ფორდი და რიჩარდ ბაქლი

ლი ალექსანდრ მაკქუინზე:

 „ბევრი ადამიანი, ვისთან ერთადაც კოკაინს ვიღებდი, ახლა ცოცხალი აღარ არის, მაგალითად ლი მაკქუინი.“

ლონდონის უარყოფით გავლენაზე:

 „ლონდონი ჩემი საყვარელი ქალაქია, მაგრამ იქ ყველგან ალკოჰოლია. მარტივია დღეში 12 ჭიქა დალიო და არავინ იფიქრებს, რომ პრობლემა გაქვს. ლანჩზე ორი ჭიქა მიღებულია, 5 საათზე ოფისის კოქტეილის დროა, 2-3 ჭიქას იღებ და ესეც ნორმალურია, ვახშამზე კიდევ ორ ჭიქას მოგაწვდიან, შემდეგ კლუბი, სადაც კიდევ 2-3 ჭიქა და ასე მარტივად ადიხარ დღეში 10-12 ჭიქაზე.“

როდის შეამჩნიეს მეგობრებმა:

„ლოს-ანჯელესში მეგობრის სახლში ვიყავი, როდესაც სასმელისთვის რამდენჯერმე უკან მივბრუნდი. ჩვეულებრივ, ლოს-ანჯელესში ასე არავინ არ იქცევა. იქ არ არსებობს „დღის სასმელი“. მაშინ ჩემმა კიდევ ერთმა მეგობარმა მითხრა, ‘’არ დაფიქრებულხარ, რომ შეიძლება პრობლემა გაქვს?’’“

ტომი და ქეით მოსი Gucci-ის ჩვენების კულისებში

როგორ დაიწყო ბრძოლა ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან:

 „ძალიან კარგად შევისწავლე ჩემი მდგომარეობა და ზუსტად ვიცოდი ალკოჰოლიზმის რომელ ფაზაში ვიყავი. რამდენიმე შეხვედრაზე მივედი, მაგრამ ჯგუფურმა შეხვედრებმა და რელიგიურმა მხარემ  ჩემს შემთხვევაში არ გაამართლა, ამიტომ თერაპევტთან დავიწყე სიარული. კვირში ორჯერ ან სამჯერ დავდიოდი ერთი წლის განმავლობაში, რაც დამეხმარა. დალევა შევწყვიტე. ადვილი არ იყო. რამდენიმე „ცრუ დასაწყისი“ მქონდა,გარკვეული დროის განმვალობაში სმას თავს ვანებებდი, მაგრამ შემდეგ ისევ ვიწყებდი.“

როდის შეწყვიტა დალევა და ნარკოტიკების მოხმარება საბოლოოდ:

„2009 წლის 15 მაისს.“

მონატრებია თუ არა სასმელი:

არასდროს. დრო დამჭირდა, რომ ალკოჰოლის გარეშე თავი კომფორტულად მეგრძნო, მაგრამ არ მენატრება. ახლა, როდესაც 11 საათი ხდება წვეულებაზე და ყველა სვამს, მე უბრალოდ ვამბობ: ‘’კარგი, წავედი სახლში.’’ მიმჩვევი პიროვნულობა ისევ მაქვს. არ შემიძლია დონატს ვუყურო და არ ვჭამო. და თუ ვჭამ, არა ერთს, არამედ ექვს. მაგრამ დალევის სურვილი არ მაქვს.“

ულაპარაკია თუ არა ამ თემაზე შვილთან:

„ჯერ არა, მაგრამ რა თქმა უნდა, მომავალში აუცილებლად დაველაპარაკები. შესაძლოა, გენეტიკასთანაც არის კავშირში. მამაჩემი ალკოჰოლიზმით გარდაიცვალა, მიუხედავად იმისა რომ 88 წლამდე იცოცხლა.“

ტომ ფორდი შვილთან ერთად

ტომის რიგით მეორე წიგნი -‘Tom Ford 002’  გაყიდვაში ნოემბერში გამოვიდა.