ფრანგულმა ბრენდმა სიახლე გუშინ გამოაქვეყნა. ბელგიელი დიზაინერი ოლივერ თეისკენსი აზაროს რედი თუ ვიარ, ოტ კუტიურ, ქალის და მამაკაცის აქსესუარების ხაზებს უხელმძღვანელებს. დიზაინერის პირველ კომენტარში ვკითხულობთ:
„ლორის აზარომ მნიშვნელოვანი და ძალიან შთამაგონებელი მემკვიდრეობა დაგვიტოვა. აღელვებული და პატივცემული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ჩემი ხედვა ამ ლეგენდარულ, საკულტო მოდის სახლში შემოვიტანო, რომელშიც თავისუფლება და სიამოვნება მთავარი ღირებულებებია.“
ოლივერ თეისკენსი ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში დაიბადა. ხატვის და ტანსაცმლის დიზაინისადმი ინტერესი ადრეულ ასაკში გამოავლინა. ოლივერი (ან მარტივად ოლი, როგორც მას გულშემატკივრები ვუწოდებთ) მხოლოდ 6 წლის იყო, როდესაც ნათესავებს და მასწავლებლებს არწმუნებდა, რომ კუტიურიე გახდებოდა.
თეისკენსმა პირველი აღიარება 1997 წელს მოიპოვა, როდესაც საკუთარი სახელობის ბრენდით გამაოგნებელი კოლექციები წარადგინა. ის მხოლოდ 20 წლის იყო, თუმცა მისი კოლექციები ლეგენდარული დიზაინერების ნამუშევრებს არაფრით ჩამოუვარდებოდა. მისი პირველი ნამუშევრები ვოგმა 90-იანი წლების 25 საუკეთესი კოლექციაში შეიტანა. თავისი 20 წლიანი კარიერის განმავლობაში, ბელგიელი როშას, ნინა რიჩის და თეორის შემოქმედებითი ხელმძღვანელი იყო. მან ორჯერ თქვა უარი დიორის შემოქმედებითი ხელმძღვანელობის თანამდებობაზე. ცნობილია, რომ იგივე პოზიცია გუჩიში და ოსკარ დე ლა რენტაშიც შესთავაზეს, თუმცა ოლივერმა ისინიც უარით გაისტუმრა. ის იმ მცირე დიზაინერების წრეს ეკუთვნის, რომლებიც თვლიან, რომ ძალიან დიდი ბრენდი შემოქმედებითი ადამიანისთვის სახიფათოა.
ოლივერისთვის აზაროსნაირი ნიშური მოდის სახლი, რომელსაც მნიშვნელოვანი ისტორია აქვს, თუმცა გუჩი, შანელი, ან ლუი ვიტონი არ არის, იდეალური შეთავაზებაა, მაგრამ საინტერესოა აზაროში რატომ გადაწყვიტეს, რომ სწორედ თეისკენსი სჭირდებოდათ.
აზაროს კანის მოვლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის ფრანგული კომპანია, Clarins ფლობს. ბრენდი ფინანსურად სტაბილურად შემოსავლიანია, რადგან აზაროს პარფიუმერია პოპულარობით სარგებლობს. თუ მფლობელების ამბიცია აზაროს გარშემო მომენტალური მღელვარების შექმნაა, უნდა ვივარაუდოთ, რომ თეისკენსი x აზარო კარგი შერწყმა ვერ იქნება. ბელგიელი მოდის ინსიადერების უსაყვარლესი დიზაინერია. ის იმ ადამიანებს გვიყვარს, რომლებსაც მოდა დიორის, შანელის, ვერსაჩეს და ბალენსიაგას მიღმაც გვაინტერესებს. თეისკენსი არ არის ვირჯილ აბლო, ან ედი სლიმანი, თუმცა ვფიქრობ, აზაროში ძალიან კარგად იციან როგორი ტიპის დიზაინერი აიყვანეს, რადგან სწორედ ასეთი ტიპის დიზაინერი უნდათ. Clarins-ში უკვე ჰყავთ ქეისი ქადუალედერი, მუგლერის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, რომელიც ქარდი ბის აცმევს. ახლა მათ ისეთი დიზაინერი სურთ, რომელიც წინა რიგში მოდის ინსიადერებს მიიზიდავს და აზაროს წამყვანი გამოცემების ფურცლებზე დააბრუნებს. ცნობილია, რომ ბელგიელი პირველ კოლექციას 2020 წლის ივლისში, ოტ კუტიურ მოდის კვირეულზე წარადგენს.