ლოუ როუჩთან, ჰოლივუდის ცნობილ სტილისტთან თანამშრომლობის შემდეგ, ზენდეია სტილის გამორჩეულ ვარსკვლავად ჩამოყალიბდა. იქნება ეს ფესტივალები, პრემიერები, დაჯილდოებები თუ უბრალოდ პაპარაცული ფოტოები, ფანები და მოდის მოყვარულები ყოველთვის მოუთმენლად ელიან, რას მოირგებს ჰოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავი.

ამჯერად, ლას ვეგასში გამართულ CinemaCon-ის Big Screen Achievement Awards-ზე, ზენდეია არქივულ Versace-ს კაბაში გამოჩნდა. ღონისძიებაზე, რომელზეც მას წლის ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს, ზენდეიას 2001 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ყავისფერი კაბა ეცვა. პოდიუმზე აღნიშნული კაბა სუპერმოდელმა კაროლინა კურკოვამ წარადგინა. ზენდეიასთვის სტილისტებმა მცირე ცვლილება შეიტანეს – ვარსკვლავს კაბაზე ორიგინალისგან განსხვავებული ქამარი ეკეთა, რომელიც თავის მხრივ, 2000-იანი წლების ესთეტიკას კიდევ უფრო მკაფიოდ გამოხატავს.

Versace შემოდგომა/ზამთარი 2001

ზენდეიას ხშირად ვხედავთ ვინტაჟურ სამოსში, 1980-იანი წლების სან ლორანიდან, 90-იანების ვალენტინომდე. ფაქტია, რომ ვარსკვლავი გაჩერებას არ აპირებს და საკუთარ ახლად მინიჭებულ სტატუსს, როგორც ჰოლივუდის ერთ-ერთი საუკეთესოდ შემოსილი ქალი, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს. მას შემდეგ, რაც ლოუ როუჩმა განაცხადა, რომ სტილისტობას თავს ანებებდა, ინტერნეტში სპეკულირება მიმდინარეობდა ზენდეიას სტილის მომავლის შესახებ, თუმცა თავად ლოუ როუჩის თქმით, მას და ზენდეიას ბევრად უფრო დიდი მეგობრობა აკავშირებდათ, ვიდრე სტილისტისა და ვარსკვლავის პროფესიონალური თანამშრომლობაა. აქედან გამომდინარე, როუჩი ზენდეიას სტილზე განაგრძობს ზრუნვას.