პირველ ჯერზე მას ოკეანისფერი ლურჯი კაბა ამშვენებდა და ზღაპრულ ფერიას ჰგავდა. შემდეგ ის შავი დრამატული დიზაინით გამოჩნდა, რომლითაც ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. სწორედ ორი განსხვავებული სახით დაგვამახსოვრდა ზენდეია, როგორც 2024 წლის Met Gala-ს ყველაზე შთამბეჭდავად შემოსილი სტუმარი.
ორივე კაბის დიზაინერი ჯონ გალიანოა. პირველი კაბა, რომლითაც მსახიობი საღამოზე წარსდგა, მეზონ მარჯიელას იარლიყით შეიქმნა. მის აშკარა რეფერენსს წარმოადგენს ნამუშევარი, რომელიც გალიანომ კრისტიან დიორისთვის 1999 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიურ სეზონზე შექმნა.
ლუქს სტივენ ჯონსის თავსაბურავი და კონტრასტული, მძიმე მაკიაჟი სრულყოფდა და იდეალურად ერგებოდა წვლევანდელ დრეს-კოდს: “The Garden of Time.”
მეორე კაბა არქივული ნამუშევარია. ის ჯონ გალიანომ იმ წელს შექმნა, როდესაც ზენდეია დაიბადა. ტაფეტას კაბა ჟივენშის 1996 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენებაზე იყო წარმოდგენილი. პოდიუმს მიღმა ის ამ დრომდე არავის სცმია.
თემასთან შესაბამისობაში, მსახიობს თავზე ფილიპ ტრეისის ალექსანდრ მაკქუინისთვის შექმნილი ქუდი ეფარა, რომელიც საზოგადოებამ პირველად ბრიტანელი დიზაინერის 2007 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე მოდელ ნატაშა პოლიზე იხილა.