რამდენიმე საათის წინ, ლოს ანჯელესში სერიალების ინდუსტრიის მთავარი ღონისძიება – Emmy Awards დასრულდა. ცერემონიაზე სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით გამოვლინდნენ გასული საპრემიერო წლის საუკეთესო პროექტები და ინდუსტრიის რჩეული მსახიობები. ცერემონიის ტრიუმფატორად Euphoria-ს ახალგაზრდა ვარსკვლავი Zendaya იქცა, რომელმაც საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო დაიმსახურა.



26 წლის მსახიობმა ამ გამარჯვებით კიდევ ერთხელ შექმნა ისტორია, რამდენადაც ის დაჯილდოების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ქალი მსახიობი გახდა, რომელიც უკვე ორი ემის მფლობელია. Zendaya-მ ემი ამჯერადაც ”ეიფორიაში” შესრულებული მთავარი როლისათვის მიიღო. Euphoria-ს მეორე სეზონის პრემიერა 2022 წლის იანვარში შედგა და HBO-ს რეიტინგის რეკორდი მოხსნა.

გარდა ისტორიული გამარჯვებისა, აღსანიშნავია მსახიობის იმიჯიც – ზენდეია Emmy Awards-ის წითელ ხალიჩაზე დიზაინერ პიერპაოლო პიჩოლის ექსკლუზიური კაბით გამოჩნდა, რომლის დიზაინის ინსპირაციად კინემატოგრაფიის საკულტო ფიგურა – გრეის კელი იქცა.