მსოფლიო ფინანსური კრიზისის მიუხედავად, ესპანური კომპანია Intidex-ი ზრდას განაგრძობს. წლის პირველ მეოთხედში შემოსავალმა 10.6%-ით მოიმატა, რაც შარშანდელ 15%-ზე ნაკლები, თუმცა ანალიტიკოსების ვარაუდზე მეტია. როგორც კომპანიის წარმომადგენლები WWD-სთან საუბარში აღნიშნავენ, ნელი წინსვლა ფასების ზრდის გამო იწინასწარმეტყველეს, თუმცა “მომხმარებლების ინტერესმა მოლოდინს გადააჭარბა”.
ინტიდექსის ბრუნვა ახალი მაჩვენებლით 8.2 მილიარდ ევროზეა. ამგვარი ციფრები კომპანიას სწრაფი მოდის უცვლელი ლიდერის სტატუსს ამყარებს, მაშინ, როდესაც მათი ყველაზე დიდი კონკურენტის, H&M-ის გაყიდვები უკვე დიდი ხანია ეცემა. სწრაფი მოდის კომპანიები შემოსავალს ჩინური გიგანტების Shein-ისა და Temu-ს აღმავლობის გამო კარგავენ, თუმცა Zara და ინტიდექსის მფლობელობაში მყოფი სხვა ბრენდები კვლავ პოზიციონირდებიან, როგორც მას-მარკეტის მომხმარებელთა ფავორიტი საშოპინგო მიმართულებები.
Zara-ს წარმატება ჩინეთის ტერიტორიაზე “ლაივსტრიმ შოპინგსაც” უკავშირდება, კონცეფცია TikTok-ის მსგავს ჩინურ სოციალურ ქსელში Douyin-ში განხორციელდა, სადაც ბრენდი კვირაში ერთხელ 5 საათის განმავლობაში სთავაზობს მომხმარებლებს “ლაივსტრიმის” რეჟიმში შეიძინონ ნივთები. ლაივ ვიდეოები გასახდელი ოთახებიდან, ჩვენებებიდან თუ გადაღებების კადრს მიღმა ირთვება და მომხმარებლებს თითქმის რეალურ ცხოვრებაში წარუდგენს ნივთებს. ამ გამოცდილებას, ჩინეთში წარმატების შემდეგ, ზარა ევროპისა და შტატებში წლის ბოლომდე წარადგენს.