
პარიზში, ოტელ-დე-ვილის სივრცეში გამართული იოჯი იამამოტოს 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენების ბოლოს იაპონურ ენაზე შესრულებული სიმღერა გაისმა. როგორც ნიკოლ ფელფსი Vogue-სთვის მომზადებულ თავის მიმოხილვაში წერს, სიმღერის ტექსტი გადმოსცემდა ამბავს კაცისას, რომელიც ასაკში შედის და ამის გამო დანაღვლიანებულია, “მაგრამ, ამავდროულად, კმაყოფილი და ბედნიერია იმით, რასაც მიაღწია.” უკვე ოთხი ათწლეული გავიდა მას შემდეგ, რაც იოჯიმ პარიზში კოლექცია პირველად წარადგინა და ჩარჩოებში მოქცეული ევროპული მოდა იაპონიიდან წამოსული ავანგარდული და რადიკალური ხედვით გაამდიდრა.
შავი ფერის პოეტურად წარმოჩენის უბადლო ოსტატი ამჯერადაც თავის არჩეულ შემოქმედებით გზას მიჰყვა. ამ სეზონზე თავის ნამუშევრებში თეთრი, ლურჯი და წითელი ელემენტები შეიტანა. WWD-ს ცნობით, კოლექციაში სისხლის ფერი აქცენტები გასული წლის განმავლობაში იოჯის პირადი დანაკარგებით გამოწვეულ ტკივილს ასახავდა.
იაპონელი დიზაინერი არასრულყოფილ მშვენიერებას ემსახურება, რაც კვლავ გამოხატა თავის დეკონსტრუირებულ, ასიმეტრიულ, უწესრიგო სამოსსა და უჩვეულო დეტალებში. “როდესაც მღელვარე კრიტიკოსმა მას ენთუზიაზმით უთხრა: “იოჯი, გენიოსი ხარ,” იამამოტომ იდუმალი ღიმილით მშვიდად მიუგო: “არა, არ ვარ. უკვე აღარ,” – ვკითხულობთ გადფრი დინის TFN-ისთვის დაწერილ ახალ სტატიაში.
ჩვენების ჩანაწერი