ონლაინ სივრცეში კონცეპტუალური პროექტი “WILDSIDE YOHJI YAMAMOTO” გამოჩნდა, რომელიც უმეტესწილად კოლაბორაციებზე არის ორიენტირებული. ამ სახელობის ბრენდი ასევე იარსებებს ფიზიკურ სივრცეში, რომლის მთავარი მაღაზიაც იაპონიაში შემოდგომაზე გაიხსნება.

იოჯი იამამოტოს შემოქმედების მთავარ ხელწერად ქცეულ შავ ფერს ამ შემთხვევაშიც ყველაზე თვალსაჩინო ადგილი ეთმობა.

WILDSIDE სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ შემოქმედებს საშუალებას მისცემს თავიანთი ხედვა იაპონელი დიზაინერის ესთეტიკასთან სხვადასხვა სახით გააერთიანონ. საწყის ეტაპზე, პარტნიორებს შორის ვხვდებით იაპონურ ბრენდებს: Needles-ს, Noma td-ს, Hysteric Glamour-ს, Ambush-ს და Minedenim-ს. ასევე გალერეებს და არტისტებს, რომლებსაც “Yohji Yamamoto Inc-თან ახლო კავშირი აქვთ.”

პლატფორმაზე ასევე ჩაეშვა ორიგინალი “WILDSIDE YOHJI YAMAMOTO” კოლექცია, რომელიც არაფორმალურია და იოჯი იამამოტოს ბრენდის “სამხედრო, სამუშაო და სპორტულ” ელემენტებს მოიცავს.

მრავალფეროვან ვირტუალურ სივრცეში წარმოდგენილია ისეთი არტისტების ნამუშევრებიც, როგორებიც არიან TAKAY და Daidō Moriyama. აქვე შეიძლება სხვადასხვა ბლოგებისა და ინტერვიუების გაცნობა. ყველაფერი იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ეს არის არაჩვეულებრივი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ონლაინ სივრცეში ახალი ბრენდის საინტერესოდ პოზიციონირება.