დიზაინერ ჟან პოლ გოტიეს მოდიდან წასვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბრენდ Jean Paul Gaultier-ისთვის ოტ კუტიურ კოლექციებს ყოველ სეზონზე ახალი მიწვეული დიზაინერი შექმნიდა. პირველად ეს პატივი Sacai-ის ჩიტოსე აბეს ერგო, მეორედ კი Diesel-ისა და Y/Project-ის კრეატიულ დირექტორ გლენ მარტენსს, რომლის თანამშრომლობაც ფრანგულ მოდის სახლთან კიდევ უფრო მრავალმხრივი და ხანგრძლივი გამოდგა.

2022 წლის იანვარში, ერთი კვირით ადრე, სანამ გლენის სადებიუტო ოტ კუტიურ კოლექციას ვიხილავდით, დიზაინერის თვალით დანახულ Jean Paul Gaultier-ზე პირველი წარმოდგენა Y/Project-ის ჩვენებაზე შეგვექმნა. RTW კოლექციაში შემოთავაზებული იყო პრინტები, რომლებიც ოთხმოცდაათიანი წლებიდან ჟან პოლ გოტიეს ხელწერად იქცა. ადამიანის შიშველი სხეულის trompe-l’oeil vein პრინტები გოტიემ საკუთარ ჩვენებაზე პირველად 1996 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე წარადგინა.

დღეს Jean Paul Gaultier-ის და Y/Project-ის ვებგვერდებზე გაყიდვაში ჩაეშვა თანამშრომლობის მეორე ეტაპზე შექმნილი კოლექცია, რომელიც კვლავ trompe l’oeil პრინტებით არის გაფორმებული. ნამუშევრებზე გვხვდება როგორც სხეულის პროვოკაციული გამოსახულებები, ისე ჯინსის სამოსის სხვადასხვა ვიზუალი, მათი ფასები კი 320 ევროდან 1290 ევრომდე მერყეობს.